აზერბაიჯანულმა მედიამ მოამზადა რეპორტაჟი ქვეყნის ყველაზე უხუცეს ქალბატონზე - 122 წლის რუბეიდა გულმამედოვაზე, რომელიც ზაქათალის რაიონის სოფელ ჰენგიანიდანაა.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ის რეგიონული კორესპონდენტი რასიმ ისლამოღლუ წერს, რომ ზაქათალის რაიონი ცნობილია მომხიბვლელი მთის კლიმატით, ტყეებითა და სამკურნალო წყაროებით და რაიონში ათეულობით 100 წელს გადაცილებული ადამიანია რეგისტრირებული. ერთ-ერთი მათგანია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველაზე ხანდაზმული პენსიონერი - 122 წლის რუბეიდა გულმამედოვა, რომელსაც ჟურნალისტი მშობლიურ სოფელ ჰენგიანში, საკუთარ სახლში ესტუმრა და მისგან ინტერვიუ აიღო.
ქვეყნის უხუცეს ქალაბატონმა 3 შვილი გაზარდა - 2 ბიჭი და 1 გოგო. მას 6 შვილიშვილი, 5 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. „როდესაც წარსულ წლებს იხსენებს, ხან სუნთქვა უჭირს, ხან მეტყველების პრობლემა აქვს, მაგრამ როცა ლაპარაკობს, ძალას იკრებს და აგრძელებს“ - ვკითხულობთ სტატიაში.
ბებია რებეიდა ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი იყო. „ეჰ შვილო, ჩვენი ბავშვობა და ახალგაზრდობა ძალიან რთულ წლებს დაემთხვა. ეს იყო შიმშილისა და სიღარიბის წლები. ხალხი შრომობდა, მაგრამ დღეების განმავლობაში პური ენატრებოდა. სად იყო მაშინ ამდენი საჭმელი და სასმელი?“ - ამბობს ის და დასძენს, რომ იმ დროს თხილით ან ნიგვზით ჩაის სვამდნენ, შაქარი კი ძალიან იშვიათი იყო.
ჟურნალისტი მას ეკითხება დღეგრძელობის საიდუმლოს, რის პასუხადაც ის პირველ რიგში ქმარს ახსენებს და ამბობს, რომ გარდაცვლილ მეუღლესთან საუკეთესო მოგონებები აკავშირებს.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს ერთმანეთის სახელი. ყოველთვის პატივისცემითა და ღირსებით ვეპყრობოდით ერთმანეთს. ჩვენი შვილებიც ასეთივე აღზრდილნი არიან“, - თქვა ბებია რუბეიდამ ჟურნალისტთან საუბარში და დასძინა, რომ როდესაც ოჯახი ჯანსაღ საფუძველზეა აგებული, ცხოვრებაც ბედნიერია.
„რაც შეეხება დღეგრძელობას, შვილო, შრომა ადამიანის არსია. დღესაც კი კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა ვმუშაობ. ჩვენს ოჯახში მელასა, იოგურტი, რძე და თხილი ყოველთვის ჩვენი მთავარი საკვები იყო. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჯანმრთელად ვარ, ის არის, რომ ყოველთვის ამ საკვებს ვიყენებ“, - ამბობს უხუცესი ქალბატონი. მისი ახლობლების ტქმით, ბებია რუბეიდას ნათესავები და მეზობლები დღესაც ხშირად სტუმრობენ და მისგან ბევრ საინტერესო რჩევასა და მოგონებას ისმენენ.
„მაგალითად, დაქორწინებამდე ჩვენი ჰენგიანის სოფლის გოგონები უფროსი თაობის ქალებთან მიდიან და მათგან კარგ რჩევებს იღებენ. ჩვენც ხშირად ვსტუმრობთ ჩვენს ბებია რუბეიდას, ვუსმენთ მის წარსულ მოგონებებს და როდესაც ვიხსენებთ, თუ რამდენად უბედური იყო მათი ცხოვრება წარსულში, თავს ბედნიერად ვგრძნობთ იმ შესაძლებლობების გამო, რაც დღეს ჩვენმა სახელმწიფომ მოგვცა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჩვევა, რაც წლების განმავლობაში ბებია რუბეიდაში შემიმჩნევია, არის ის, რომ ის არ იმახსოვრებს წყენას და კეთილად ექცევა ადამიანებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ჟურნალისტთან საუბარში მისმა ნათესავმა ხურამან შაბანოვამ.
„ის ფაქტი, რომ ამ ქალს, რომელსაც ახალგაზრდობაში ბევრი სირთულე და ტანჯვა ჰქონდა, სიბერეში ოჯახის წევრების დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას იღებს, მას კიდევ უფრო ბედნიერს და ამაყს ხდის“ - ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიაში წარმოდგენილია მისი პირადობის მოწმობაც, სადაც ზაქათალის რაიონის სოფელ ჰენგიანში მისი დაბადების თარიღად 1904 წელია მითითებული.
სამწუხაროდ, სტატიაში არაფერია ნათქვამი აზერბაიჯანის ყველაზე უხუცესი ქალბატონის ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. 122 წლის რუბეიდა გულმამედოვა წარმოშობით ინგილო ქართველია, ისევე როგორც მისი მშობლიური სოფლის - ჰენგიანის მოსახლეობა.
ზაქათალის რაიონის სოფელი ჰენგიანი დაბა ალიაბადისა და სოფელ მოსულის მეზობლად მდებარეობს (ალიაბადსა და მოსულში მცხოვრები ინგილო ქართველები ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე საუბრობენ). ჰენგიანში 1400-მდე ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის 99% წარმოშობით ინგილო ქართველია.
ფრანგი მოგზაური, საფრანგეთის კონსული თბილისში ჟაკ ფრანსუა გამბა (1763–1833), რომელმაც იმდროინდელ საინგილოში იმოგზაურა, ჰენგიანს ინგილოების ერთ-ერთ მთავარ სოფლად მოიხსენიებს: „ინგილოების მთავარი სოფლებია: ალიაბადი, მოსული, ვერხვიანი, ჰენგიანი და თასმალო”.
ჰენგიანში ქართული სკოლა ჯერ კიდევ 1938 წელს გაიხსნა, თუმცა ხრუშჩოვის ანტიქართული პოლიტიკის დროს, ქართული მხარის უყურადღებობის გამო ადგილობრივმა საბჭოთა ადმინისტრაციამ ჰენგიანის ქართული სკოლა დახურა, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისისთვის სოფლის მოსახლეობამ თანდათან ქართულ ენაც დაივიწყა. ამჟამად მათ ეთნიკურ აზერბაიჯანელებად მიიჩნევენ და მოსახლეობის აღწერის დროს არ ფიქსირდება მათი ეთნიკური წარმომავლობა. ჰენგიანის მცხოვრებლები აზერბაიჯანულ ენაზე გამართულად ვერ საუბრობენ. ისინი აზერბაიჯანულად ძალიან უცნაურად და განსხვავებულად, ქართული აქცენტით საუბრობენ და საუბარში ურევენ ძველ ქართულ სიტყვებსაც. მათი განსხვავებული მეტყველების გამო აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ჰენგიანელები გაოცებას იწვევენ. დღეისათვის ჰენგიანში 20-მდე ოჯახი ჯერ კიდევ საუბრობს მშობლიურ, ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე. ქართული ენა ახსოვთ სოფლის უფროსი ასაკის ადამიანებსაც, ახალგაზრდებმა კი მხოლოდ გადმოცემით იციან, რომ წარსულში ჰენგიანში ქართულად ლაპარაკოდნენ. ქართული ენის თანდანობით გაქრობასთან ერთად იკარგება წარსულის შესახებ ცოდნა და ისტორიული მეხსიერება.
ავტორი: გიორგი კერესელიძე


