სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სენაკში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სხვადასხვა პროფილის ობიექტებზე უხეში დარღვევები გამოავლინეს. კანონდარღვევის გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, საწარმოო პროცესი კი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სააგენტოს ცნობით, დარღვევები შემდეგ ობიექტებზე დაფიქსირდა:
შპს „ცენტრალური ბაზარი“ (რუსთაველის ქ. N180): გამოვლინდა ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები;
ინდივიდუალური მეწარმე დ. ნ.-ის სასადილო (ჯორჯაძის ქ. N6): ობიექტი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, დარღვეული იყო ეტიკეტირების წესი და დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა;
ფიზიკური პირი თ. ა. (სენაკის ქ. N15): რძესა და რძის პროდუქტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
მომხმარებლებს კი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს: 15 01.