სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.0 პროცენტით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.3 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.08 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, უწყების ანგარიშით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 20.1 პროცენტიანი მატებით, რაც 9.11 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 10.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 37.8 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, -4.11 და 7.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.