საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის მეორე კვარტალში 580.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 12.0 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3 პროცენტია. რეინვესტიციამ 466.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 80.4 პროცენტით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი, 54.0 მლნ. აშშ დოლარით (9.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – ჩეხეთი – 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7 პროცენტს შეადგენს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2025 წლის მეორე კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ასეთია: ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 327.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4 პროცენტია; მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი, 66.4 მლნ. აშშ დოლარით (11.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი, 54.4 მლნ. აშშ დოლარით (9.4 პროცენტი).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 77.2 პროცენტი შეადგინა.