მარტში მშენებლობა გაძვირდა - რომელ სეგმენტში გაიზარდა ინდექსი ყველაზე მეტად?

მარტში მშენებლობა როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გაძვირდა - ამის შესახებ საქსტატის გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსიდან ხდება ცნობილი.

2026 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2%-ით.

მათ შორის:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2%-ით;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.2-ით;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.3%-ით

ცნობისთვის, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2%-ით გაიზარდა. ეს უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7%-იანი მატებით და ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 4.3%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.35 და 0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

რაც შეეხება წინა თვესთან შედარებას, 2026 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თებერვალთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა. ეს კი ძირითადად, ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 7.7%-იანი ზრდით იყო განპირობებული, რამაც 0.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 26.0 პროცენტითაა გაზრდილი.