2026 წლის თბილისის ბიუჯეტი ₾2.19 მილიარდი იქნება - საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა 2025 წლის პირვანდელ ბიუჯეტზე 210 მილიონი ლარით მეტია და 2.19 მილიარდ ლარს შეადგენს. თუმცა 2025 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს 2.35 მილიარდ ლართან შედარებით, 160 მილიონი ლარით ნაკლებია. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ 2026 წელს წლის განმავლობაში საკრებულო ბიუჯეტის ზრდის მიმართულებით კორექტირებას მოახდენს.

რაც შეეხება ბიუჯეტის ასიგნებების განაწილებას, ყველაზე მეტი თანხა 696 მილიონი ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა/განვითარებაზე დაიხარჯება.

2026 წლის განმავლობაში კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, მერიის ასიგნებები ასე უნდა განაწილდეს:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა/განვითარება - 696 მილიონი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 306 მილიონი ლარი;
დასუფთავება და გამწვანება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება - 315 მილიონი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 62.5 მილიონი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 185 მილიონი ლარი;
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა - 252 მილიონი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 50.5 მილიონი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 13.2 მილიონი ლარი;
ქ.თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 258 მილიონი ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 მილიონი ლარი.
რაც შეეხება მერიის შემოსავლების წყაროებს, საგადასახადო გეგმა და 1.02 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან 672 მილიონი ლარი დამატებული ღირებულების გადასახადია, 350 მილიონი ლარი კი კომპანიების და ფიზიკური პირების ქონების გადასახადი.

გაზრდილია მერიის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები გრანტების ოდენობა და ის 660 მილიონი ლარით განისაზღვრება, ასევე გაზრდილია სხვა შემოსავლები და ის 440 მილიონი ლარი იქნება.