მერია გადასასვლელ ხიდთან ესტაკადის მშენებლობას გეგმავს

დადიანის ქუჩას და სადგურის მოედანს ხიდი დააკავშირებს. თბილისის მერიის მიერ 19 მარტს გამოცხადებული ბაზრის კვლევის მიხედვით, ჯამში 280 მეტრი სიგრძის მქონე ხიდი იქნება სპირალისებური, დაიწყება დადიანის ქუჩიდან და დაეშვება სადგურის მოედანზე.

კვანძის პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა, კახა კალაძემ გასული წლის აპრილში დააანონსა. მაშინ კალაძემ თქვა, რომ პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

ახალი ხიდი გათვლილი იქნება შერეული ნაკადების მოძრაობისთვის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. უფრო მეტიც, მერია წერს, რომ პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ერთი მიმართულებით ერთ საათში ხიდმა 800 ავტომობილი უნდა გაატაროს.

"კონცეფციის მიხედვით, დასაპროექტებელი ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის.

საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - წერია დოკუმენტში.

მერია წერს, რომ საპროექტო ტერიტორია მოიცავს კერძო საკუთრებას, სახლებს და მიწის ნაკვეთებს, რომლის დეტალური აღწერა და აზომოვაც უნდა მოხდეს გამარჯვებული კომპანიის მხრიდან.