სხვადასხვა კერძო კომპანიები და ბანკები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან, მთავრობის გადაწყვეტილებას და ძალადობას გმობენ, ამის შესახებ ისინი ოფიციალურ განცხადებას სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ:
"პინეო სამედიცინო ეკოსისტემის”თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს:
"ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი წლებია ვდგავართ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩვენს მიერ გადარჩენილია უამრავი სიცოცხლე, რაშიც გვეხმარება ევროპული განათლება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ. ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების დახმარებას უახლესი მეთოდებით და მათ საბოლოო გამოჯანმრთელებას.
ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 170-ზე მეტი მედიკოსი.
ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ალტა" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ფეისბუქზე წერს: "საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული არჩევანია! ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს" - ნათქვამია ალტას პოსტში.
წინ და წინ, ევროპისკენ! - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თეგეტა ჰოლდინგი სპეციალური განცხადებით ეხმაურება და წერს:
"თეგეტა ჰოლდინგში, უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან დავინახოთ.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა აზიანებს უპირველესად ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის განვითარებასა და იმ საერთო მიზნებს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დავისახეთ.
ასევე, მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. თითოეული ქართველის მოვალეობაა, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველა ჩვენგანის ინტერესშია, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დასავლური სამყარო უხსნის ჩვენს ქვეყანას.
წინ და წინ, ევროპისკენ!" - ნათქვამია განცხადებაში.
TBC ბანკი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
"თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის" - ნათქვამია განცხადებაში.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს "საქართველოს ბანკი" და აცხადებს, რომ ამ გზას ალტერნატივა არ აქვს:
"საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს.
ევროპისკენ მიმავალ გზაზე - არ გაჩერდე!" ნათქვამია საქართველოს ბანკის განცხადებაში.
"ომნიბუს ექსპრესი" გმობს ხალხზე განხორციელებულ ძალადობას და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია:
"კატეგორიულად ვგმობთ ქართველ ხალხზე განხორციელებულ ძალადობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ საზოგადოებას. რუსეთი ვერასოდეს იქნება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი. საქართველოს ადგილი ევროპაშია. #რუსეთიოკუპანტია" ნათქვამია ფეისბუქ პოსტში.
მასალა განახლებადია