"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბიზნესებს ჰქონდეთ სიმყარე" - ირაკლი კობახიძე

განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესკომპანიების განცხადებების შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ.
 

„ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე. პრაქტიკულად, ბიზნესი არ დატოვეს რეკეტის გარეშე. ერთადერთი პასუხი არის ბიზნესის თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო.

„ეროვნული ბანკი ახერხებს რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის ღია დიალოგისთვის.

„მე მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში შეხვედრა ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის. ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში, გავმართოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესმენებთან, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია.  გახსოვს, 2012 წლამდე რა ხდებოდა - საზოგადოება ითხოვდა დიალოგს და ჩაკეტილი იყო მთლიანად ხელისუფლება. ახლა პირიქითაა - ხელისუფლება ითხოვს დიალოგს და ჩაკეტილია ოპოზიციური ელექტორატი. 2012 წლამდე ეს რომ ვინმეს წარმოედგინა, ითხოვდნენ, ეხვეწებოდნენ და არავინ შედიოდა მათთან დისკუსიაში. აქ ჩვენ ვითხოვთ დისკუსიას და გაურბიან“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაიდანი ჩავარდა, სწორედ „მაიდნის“ მცდელობა იყო მთავარი რისკფაქტორი ბიზნესისთვის და ეს მთლიანად მოხსნილია.

„გუშინ 800 კაცი იყო გამოსული რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, არა მარტო ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, არამედ ზოგადად რაიმეს არევის რესურსი აღარ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველა უნდა ზრუნავდეს სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არის  თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. მე ერთადერთ რამეს ვიტყოდი განცხადებაზე, რაც კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლებმა გაავრცელეს - მათი ეს განცხადება მაინცდამაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის და მხოლოდ მათ შეიძლება, მიუბრუნდეთ უკან, თუ ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო „მაიდანთან“, ქვეყნის არევასთან. რეალურად და გარკვეულწილად, ეს არის ამ ყველაფრის მხარდამჭერი განცხადება, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ბიზნესებს ჰქონდეს სიმყარე, მათ შორის ამ ბიზნესებსაც ჰქონდეს სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამ ბიზნესების ინტერესების დასაცავად და იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყო სტაბილურობა და სიმშვიდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერის თქმით, მაიდანი ჩავარდა, ყველაფერი დამშვიდდა და რაც იყო დანაკლისი დეკემბრის პირველ ნახევარში, იანვრიდან აღდგება .

 

„რადიკალური ოპოზიციის ამ ბოლო მცდელობამ, მოეწყო მაიდანი ჩვენს ქვეყანაში და აერია ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმოქმედა ბიზნესზეც. ეს ფაქტია. მაიდანი უკვე ჩავარდა. მათ შორის, ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებულები ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი წესით,  ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც. ძალადობრივი რესურსი მთლიანად გაუნეიტრალდა ოპოზიციას. ვინც ძალადობდა, ისინი იქნენ დაკავებულები და შესაბამისად, ვეღარ ძალადობენ. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას. იყო წინა სამი მცდელობა ქვეყანაში მაიდნის მოწყობის, თითოეულმა ამ შემთხვევამ იმოქმედა ბიზნესზე. მაგრამ, როგორც კი დასრულდა, გაორმაგებული ტემპებით აღდგა ბიზნესი. ახლაც იგივე მოხდება - მაიდანი ჩავარდა, ყველაფერი დამშვიდდა, შესაბამისად, რაც იყო დანაკლისი დეკემბრის პირველ ნახევარში, ის ერთიორად აღდგება მაქსიმუმ იანვრიდან“,- განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეფექტიანი და ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ ყველა საფრთხე არის აცილებული.

„2022 წელს, განსაკუთრებით, ჩვენ პირდაპირ ომის საფრთხე გვქონდა, პირდაპირ გვთხოვდნენ ომს ამ ქვეყანაში. პირდაპირ ომის საფრთხე ავაცილეთ ჩვენს ქვეყანას 2022 წელს და ეს გაგრძელდა 2023 წელს. 4 რევოლუციის მცდელობა და ა.შ. საფრთხეებს რომ ვთვლიდით, სწორედ ამიტომ იყო, რომ ამხელა პრობლემების მიუხედავად, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ საშუალო 9.8% ეკონომიკური ზრდა, შევინარჩუნეთ სტაბილური ლარის კურსი და ა.შ. ამას მუდმივად ვაკეთებთ, ეკონომიკურ საფრთხეებსაც ვაანალიზებთ, ნებისმიერი ტიპის საფრთხეებსაც ვაანალიზებთ და ამის შედეგია ის, რომ ქვეყანა ვითარდება, მიუხედავად 4 რევოლუციური მცდელობისა. ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ვითარდება. ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მე-4 მცდელობა. 4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO, მარტო ამათი თანამშრომლები და აქტივი რომ აიღო, რამდენჯერმე 800 კაცია. ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO-ც კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირზე, დამთავრებულია, finita la commedia, როგორც  იტალიელები იტყვიან “, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.