ნოემბერში ბინების გაყიდვები და ფასი შემცირდა

2024 წლის ნოემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 3,560 ბინა გაიყიდა. თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ბინების ტრანზაქციები თვიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად ზრდამ 10%-ს მიაღწია.

„ტრანზაქციების კუმულაციური რაოდენობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2%-ით აღემატებოდა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. ნოემბერში გასაყიდმა ფასმა $1,247-ს მიაღწია, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა და თვიურად მცირე 0.4%-იან კლებას აფიქსირებს. ბაზრის მოცულობამ $290 მილიონი შეადგინა 15%-იანი ზრდა აჩვენა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

მიმოხილვის ავტორების ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში 846 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი, 40%-იანი, გაუმჯობესება იყო, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. ძველი ბინების შემთხვევაში 2,714 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 3%-იან ზრდასა და თვიურად 6%-იან კლებაში აისახა.

„შედეგად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 24%-ს მიაღწია. ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 9%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ფასებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური ზრდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ნოემბერში ყველაზე მეტად 50-დან 75 მ²-მდე ფართობის ბინები იყიდებოდა, რომელზეც გაყიდვების 42% მოდიოდა, თუმცა მაჩვენებელი როგორც გასულ წელთან, ისე გასულ თვესთან შედარებით შემცირდა. 125მ²-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეინარჩუნა, რაც 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ნოემბერში მაღალი (>1,500$/მ²) საფასო სეგმენტის ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში 23% შეადგინა (+5პპ,წ/წ).