"რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს" - პრემიერი

აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა იზრდება და გასული წელს 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 

 

„ეკონომიკა იზრდება, ჩვენ ძალიან დადებითი მაჩვენებლით დავასრულეთ გასული წელი 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ სულ მცირე გავიმეორებთ იგივე შედეგს მომავალ წელსაც. შარშანდელი მაჩვენებელი იყო შარშანწინდელზე უფრო მაღალი. 2023 წელს ჩვენმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7,8 პროცენტი და შარშანწინდელს გადააჭარბა შარშანდელმა მაჩვენებელმა. გვინდა, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იყოს კიდევ უფრო მეტად მაღალი, რისი პერსპექტივაც არსებობს. იანვრის თვე არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური თვალსაზრისით და კიდევ უფრო გავააქტიურებთ პროცესებს წლის განმავლობაში, შესაბამისად, აბსოლუტურად რეალურია ის, რომ წლევანდელმა ზრდის მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს. წინასწარი საბიუჯეტო საპროგნოზო მაჩვენებელი არის 6 პროცენტი, თუმცა თქვენ იცით, რომ ყოველთვის სერიოზულად ვაჭარბებდით ხოლმე წინასწარ მაჩვენებელს, მათ შორის სავალუტო ფონდის წინასწარ მაჩვენებელს, შესაბამისად, 9 პროცენტზე უფრო მაღალი ზრდა არის რეალური მაჩვენებელი, დანარჩენი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რეგიონულ პროცესებზე, თუმცა 9 პროცენტზე მაღალი ზრდა 2025 წელს, ეს არის აბსოლუტურად რეალური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი აეროპორტის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

„დღევანდელი თბილისის აეროპორტის რესურსი არის 4 მილიონი მგზავრი წელიწადში. 4 მილიონ მგზავრზე მეტის მასპინძლობა არსებულ აეროპორტს არ შეუძლია. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა ტურიზმის სფეროში, ამას უნდა უპასუხოს ახალმა ინფრასტრუქტურამ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი აეროპორტის მშენებლობა. სამუშაოები აქაც არის დაწყებული. რაც შეეხება ლოკაციას, ვაზიანის ტერიტორიაზე განიხილება ახალი აეროპორტის მშენებლობა და აქტიური სამუშაოები წარიმართება იმისათვის, რომ პარტნიორებთან დაიდოს ხელშეკრულება ახალი აეროპორტის განსავითარებლად. ეს სამუშაოები ძალიან სწრაფ ტემპში წარიმართება 2029 წლისთვის არის დაგეგმილი პროექტის პირველი ფაზის დასრულება, რის შემდეგაც უკვე განხორციელდება პროექტის მეორე ფაზა. საბოლოო ჯამში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით იმ დინამიკას, რაც არის პროგნოზირებული ვიზიტორების გაზრდის თვალსაზრისით. ახალი აეროპორტის მშენებლობის შემდეგ 18 მილიონამდე გაიზრდება აეროპორტის რესურსი. წლის განმავლობაში 18 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლებს ახალი აეროპორტი, შესაბამისად, ესეც არის მასშტაბური პროექტი, რომელიც ემსახურება არამარტო თბილისის, არამედ ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე  არის აბსოლუტურად რეალური.

 

„ახალი სტადიონის სავარაუდო ლოკაციებს ვერ დაგიკონკრეტებთ, დაახლოებით მიმართულებები შემიძლია გითხრათ, ეს არის აეროპორტის მიმართულება, ასევე ეს არის რუსთავის მიმართულება. ამ ორი მიმართულებით მიდის მსჯელობა. მას შემდეგ, რაც უკვე ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად შეირჩევა კონკრეტული ლოკაცია, შეგვიძლია დავაზუსტოთ საზოგადოების წინაშე ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ვადებს, მოსამზადებელია კონცეფცია, ასევე არქიტექტურული პროექტი, ჩვენ ვვარაუდობთ მომავალი წლის აპრილში მშენებლობის დაწყებას. შესაბამისად, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურად რეალური. ბიუჯეტიც დაზუსტდება. ჩვენ გვაქვს წინასწარი გათვლები, მაგრამ მირჩევნია, დავაზუსტოთ ბიუჯეტი და ამის შემდეგ მოგცეთ კონკრეტული ინფორმაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ხელს აწერენ პოლიტიკურ აქტებს, მათ შორის ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რითაც ადასტურებენ, რომ მათ სურთ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა სწორედ ბიზნესის რეკეტით.

 

„მზად ვარ ყველას აზრი გავითვალისწინო, ყველა არის ჩვენი მოქალაქე და მით უმეტეს, ბიზნესის ინტერესები უნდა იყოს დაცული, მაგრამ არიან ბიზნესმენები, რომლებიც ხელს აწერენ პოლიტიკურ აქტებს, მათ შორის ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რითაც ადასტურებენ, რომ მათ სურთ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა სწორედ ბიზნესის რეკეტით. მათ სურთ ბიზნესის რეკეტიორების ხელისუფლებაში დაბრუნება. როცა ხელს აწერ პეტიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ამით შენ ადასტურებ, რომ გინდა ხელისუფლებაში დაბრუნდეს ვინ? - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტია, ბიზნესის რეკეტი - ეს უნდათ ამ ადამიანებს სინამდვილეში, არავითარი ევროპა და არავითარი რუსეთი არ არის აქ დღის წესრიგის თემა. სინამდვილეში ამ ადამიანებს შეგნებულად სურთ, ხელისუფლებაში დააბრუნონ ის ძალები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ბიზნესის რეკეტით“, - განაცხადა პრემიერმა. 

 

მისივე თქმით, ყველას აზრი გასათვალისწინებელია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისაც, თუ ეს აზრი ეხება ბიზნესს. 

 

„თუ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს და „ნაცების“ დაბრუნებას, ბიზნესის რეკეტის დაბრუნებას, მაშინ ამას ვერ გავითვალისწინებთ. მაგრამ სადაც ისინი საუბრობენ ობიექტურად ბიზნესის ინტერესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათი საუბარიც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ყველას მთავრობა ვართ. ჩვენ ვართ მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესის მთავრობაც, ამიტომ მათი აზრიც უნდა გავითვალისწინოთ, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ არა მათი პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ ის მსჯელობა, რომელიც უკავშირდება ბიზნესის ინტერესებს. მოვიდნენ, ისაუბრონ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და კი ბატონო, მაგრამ როცა გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით, ეს მგონია, რომ არ არის მაინცდამაინც მათი საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.