საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წელს საშუალოდ 4.2%-იან ინფლაციას მოელის, რაც სებ-ის სამიზნე 3%-ზე მაღალია - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში, რომლის თანახმადაც საბაზო პროგნოზით 2025 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია დროებით გადააჭარბებს 3%-იან ნიშნულს, რის შედეგადაც წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია 4.2%-ის ფარგლებში იქნება.
ამასთან, ამავე დოკუმენტში სებ-ი მიმოიხილავს უფრო მაღალი და დაბალი ინფლაციის შესაძლებლობასაც და აღნიშნავს, რომ მაღალინფლაციური სცენარის განვითარების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს გაამკაცრებენ.
დღეს დილით ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნა რომ საბაზო სცენარის პირობებში განაკვეთის შემცირება მხოლოდ ფრთხილი ნაბიჯებით შეიძლება მოხდეს.
სებ-ი 8%-იან რეფინანსირების განაკვეთს 2024 წლის მაისიდან ინარჩუნებს.
ეროვნული ბანკის საბაზო სცენარი ინფლაციასთან დაკავშირებით
ცენტრალური სცენარი საბაზისო პროგნოზს წარმოადგენს, მისი მიხედვით 2025 წელს მოსალოდნელია ინფლაციის ზრდა 4.2%-მდე 2024 წლის 1.1%-იდან, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გაურკვევლობა და გლობალური ეკონომიკური ტენდენციები განაპირობებს. თუმცა, 2026 წელს ინფლაცია კვლავ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. რეალური მშპ-ს ზრდა 5%-ს შეადგენს, რაც გრძელვადიან ტენდენციებს შეესაბამება.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე, 7%-მდე ნორმალიზდება. 2025 წლის განმავლობაში კი ის საშუალოდ 7.9%-ის ფარგლებში იქნება.
მაღალინფლაციური სცენარი
მაღალინფლაციური სცენარი მოიცავს გეოპოლიტიკური რისკების ზრდას, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ზრდასა და ინვესტორთა ნდობის შესუსტებას. ამ ფაქტორების რეალიზების შემთხვევაში:
- ინფლაცია 2025 წელს 5.7%-მდე მოიმატებს, რაც გაცილებით მაღალია ცენტრალურ სცენართან შედარებით;
- ეკონომიკური ზრდა შენელდება 3%-მდე, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის შემცირებით იქნება განპირობებული;
- მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაიზრდება, რათა ინფლაციური ზეწოლა შეარბილოს და ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს.
ამ სცენარში სესხებისა და ინვესტიციების ხარჯები მოიმატებს, რაც კერძო სექტორის განვითარებას შეაფერხებს.
დაბალინფლაციური სცენარი
დაბალინფლაციური სცენარი გეოპოლიტიკური სტაბილურობის გაუმჯობესებას, საგარეო ინვესტიციების ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირებას ეფუძნება. ამ სცენარის შემთხვევაში:
- ინფლაცია 2.6%-მდე შემცირდება, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო დაბალია;
- ეკონომიკური ზრდა 6.5%-ს მიაღწევს, რაც ძირითადად შიდა მოხმარებისა და ინვესტიციების გაზრდის შედეგად მოხდება;
- მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება, რაც ბიზნესსა და სესხებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.
ამ სცენარში ეროვნული ბანკი უფრო ლიბერალურ პოლიტიკას გაატარებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის აჩქარებას.
რისკები და გაურკვევლობა
მიუხედავად ცენტრალური სცენარის შედარებითი სტაბილურობისა, გლობალური ეკონომიკური ვითარება და რეგიონული ფაქტორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საბოლოო მაჩვენებლებში. ნავთობისა და საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასები, დოლარის გაძლიერება და გეოპოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება გავლენას მოახდენდეს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
ეროვნული ბანკი მიმდინარეობის მიხედვით გადააფასებს მონეტარულ პოლიტიკას და საჭიროების შემთხვევაში მიისწრაფვის ოპტიმალური ბალანსისკენ, რათა ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-თან ახლოს შენარჩუნდეს.