საქართველოდან თაფლის ექსპორტი 64%-ით შემცირდა - სად ვყიდით პროდუქტს?

2024 წელს საქართველოდან 271 150 აშშ დოლარის ღირებულების 33.8 ტონა თაფლი გაიყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით, თანხაში 64.41%-იანი, ხოლო მოცულობაში 69.4%-იანი შემცირებაა.

საქსტატის თანახმად, საქართველოდან თაფლის ექსპორტი 2019 წლიდან გააქტიურდა, რეკორდულ ნიშნულს 2022 წელს მიაღწია, რის შემდეგაც კლების ტენდენცია ფიქსირდება.

კერძოდ, 2019-2024 წლებში თაფლის ექსპორტის მონაცემები ასე გამოიყურებოდა:

ღირებულება (აშშ დოლარი)    მოცულობა (ტონა)
2019    56 300    6.38
2020    122 550    21.71
2021    657 000    172.92
2022    1 175 580    258.18
2023    762 060    110.47
2024    271 150    33.81
თაფლის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა ევროკავშირშიც. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირში მხოლოდ 1.12 ტონა ნატურალური თაფლი გავიდა, საექსპორტო ღირებულებამ კი 6 510 აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წელს EU-ში 447 890 აშშ დოლარის ღირებულების, 72.64 ტონა თაფლი გავიდა - კლება 98.5%-ია. ევროკავშირი თაფლის ექსპორტის კლება ასევე 2022 წლიდან ფიქსირდება.

თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში - 2019-2024

ღირებულება (აშშ დოლარი)    მოცულობა (ტონა)
2019    17 160    1.94
2020    56 900    12.93
2021    506 810    142.85
2022    888 530    210.93
2023    447 890    72.64
2024    6 510    1.12
2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, საქართველოდან თაფლი მხოლოდ ლატვიაში გავიდა. გასული წლის საექსპორტო ბაზრებს შორის აღარ ვხვდებით საფრანგეთს, სადაც 2023 წელს ყველაზე მეტი, 235 ათასი დოლარის ღირებულების 41.4 ტონა თაფლი გავყიდეთ. საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში აღარაა ბულგარეთი, ჩეხეთი და გერმანიაც.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, გასული წლის 12 თვეში საქართველოდან 3.6 ტონა თაფლი გავიდა, საექსპორტო ღირებულება კი 95.5%-ით, 19 450 დოლარიდან 38 040 დოლარამდე გაიზარდა.

2024 წელს ყველაზე მეტი, 7 ტონა ნატურალური თაფლი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა.

თაფლის TOP-5 საექსპორტო ბაზარი 2024 წელს:

არაბთა გაერთიანებული საამიროები - $99 960
აზერბაიჯანი - $63 200
აშშ - $38040
ერაყი - $21840
იაპონია - $15250