რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის.
„თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობა და მტკიცე ერთგულება არა მხოლოდ ამ სამიტის ჩატარებას უწყობს ხელს, არამედ მას მართლაც შთამბეჭდავ და გავლენიან შეხვედრად აქცევს.
მხოლოდ ღია და უწყვეტი საუბრით შეგვიძლია ურთიერთგაგების გაღრმავება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ყველას საკეთილდღეოდ. აქ მყოფ გამოჩენილ მონაწილეებს აქვთ ცოდნა და გავლენა, რათა წარმართონ მოვლენები, წაახალისონ პოზიტიური ცვლილებები და შეიტანონ წვლილი მეტად უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალში.
რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
„ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი ხედვები და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. საქართველოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავს ქვეყნებს შორის და 2022-2024 წლებში საშუალოდ 6%-ს აღემატება.
რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში. 2024 წელს საქონლის ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს - 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას.
„დაბალი და სტაბილური ინფლაცია ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შესაძლოა, განპირობებული იყოს პროდუქტიულობისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაუმჯობესებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის.
„საქართველო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის.
ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელსაყრელი სავაჭრო ჩარჩო საშუალებას აძლევს კომპანიებს, ისარგებლონ 2.3 მილიარდ მომხმარებლიანი ბაზარით, რასაც არ ახლავს საბაჟო თუ იმპორტის ტარიფები.
„მსოფლიო ბანკის ბიზნესგარემოს კვლევით, საქართველო 2024 წელს 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოჩნდა სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ამ კვლევისა და რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისათვის ბიზნესგარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება.
მსოფლიო ბანკის 2023 წლის სამეწარმეო კვლევით შედეგებით, საქართველოს ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უკეთესია როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის და ცენტრალური აზიის საშუალო მონაცემებთან შედარებით.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო რჩება მსოფლიოს ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე მესამე ქვეყანად, 9.9%-ით.
ფრეიზერის ინსტიტუტის 2024 წლის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა, წინ უსწრებს ევროკავშირის 19 წევრ სახელმწიფოს და უპირობო ლიდერად გვევლინება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ისევე, როგორც ფართო რეგიონში. გარდა ამისა, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო ბიუჯეტის ღიაობის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველი ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობის ნიშნით.
საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველო პირველად მოექცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შეუზღუდავი რეგულირების ინდექსში და კვლავ მე-8 პოზიცია დაიკავა მსოფლიოს ყველაზე ღია ეკონომიკებს შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
ჰერითიჯის ფონდის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო წინ უსწრებს 19 სახელმწიფოს ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია.
„მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია. რაც შეეხება ანტიკრიმინოგენურ ინდექსს, საქართველო ევროპაში მე-8, ხოლო მსოფლიოში 20-ე ადგილზეა 2024 წლის მონაცემებით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.
საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომლითაც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში - ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად.
„საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მსხვილი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების დაინტერესებას საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით. აბუ-დაბის პორტების გაერთიანებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თბილისში მშრალი პორტის შესაქმნელად, ლოგისტიკისა და ინტერმოდალური ტრანსპორტირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გამოყენებით. ამ ინიციატივის მიზანია, თბილისი გადაიქცეს სტრატეგიულ შიდა კვანძად, რომელიც შავ ზღვაზე საქართველოს პორტებს დააკავშირებს ფართო რეგიონის სავაჭრო ქსელებთან.
მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული. ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ინოვაცია, გამძლეობა და მდგრადი ზრდა უზრუნველყო. მისი პროგრესი არის ღირებული მოდელი, რომელიც აძლიერებს იდეას, რომ სტრატეგიულ ხედვას და მიზანსწრაფულობას შეუძლია ხანგრძლივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
გულითად მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ სამიტის ჩატარებისთვის. ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის; ეს არის პროგრესისადმი ერთგულება. სწორი ხედვით, მიზანდასახულობით და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.