"მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს" - პრემიერი

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს,

ამან დამატებითი მოტივაცია შეგვიქმნა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე მონაწილეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელევიზია - WAM-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტზე დისკუსიები წარიმართა მსოფლიოს სამომავლო განვითარებაზე.

 

„პოლიტიკური ურთიერთობები შესანიშნავია. ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობაც გვაკავშირებს.  სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის. თავად სამიტი ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობას  მოსაზრებების გაცვლისთვის. აუდიტორიაც საინტერესოა და ბევრი  აქტუალური საკითხი განიხილება. ინტერესი დიდი გვქონდა და სამიტის ორგანიზატორების მადლიერები ვართ შესანიშნავი მასპინძლობისთვის. ბევრი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის სამომავლო გეგმები, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სამომავლო პერსპექტივები და არსებული გამოწვევები. რა თქმა უნდა, გამოწვევები დიდია, მაგრამ აუცილებელია გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა, ზოგადად, მსოფლიოში.

სამიტზე დისკუსიები წარიმართა მსოფლიოს სამომავლო განვითარებაზე.  საინტერესო იყო გამომსვლელების მოსმენა, რომლებიც მდიდარი გამოცდილების და სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე გვიზიარებდნენ საკუთარ ხედვას მსოფლიოს მომავალთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები.

 

„მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან, რომელიც მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში შედგა დღეს.

 

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობას ვუხდი  ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული  მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს  და ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებას შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით“, - აღნიშნავს პრემიერი.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებითად, ქვეყანა მზად არის  ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის. 

„ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას. ასე რომ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

კითხვაზე, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია თუ არა,  კიდევ 4 წელი დაიცადოს ქვეყანამ, პრემიერ-მინისტრმა  აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ევროკავშირზე. 

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის ჩვენს ინტერესებში. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მიდგომას აირჩევს ევროკავშირი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.