ქვეყანაში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის - გაიზარდა

2024 წლის ბოლოსათვის საქართველოში 811.5 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო, 3%-ით ნალები 2023 წელთან შედარებით.

აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 398 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. ღორების რაოდენობა 129.4 ათასი სული იყო, რაც 8.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია წლიურ ჭრილში. ფრინველის რიცხვმა კი 7.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2024 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.5 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით ნაკლებია. 2024 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 570.7 მილიონი ლიტრი იყო, რაც 2.3%-ით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ხორცის წარმოებამ 26.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2024 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 83.7 ათასი ტონა შეადგინა, წინა წლის მაჩვენებელზე 6.3%-ით მეტი.

გასული წლის მე-4 კვარტალში კვერცხის წარმოება 169 მლნ ცალი იყო, 4.3%-ით მეტი 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. შარშან კვერცხის წლიურმა წარმოება 653.4 მლნ იყო, რაც 2023 წელთან შედარებით 0.04%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.