საქართველოსთვის წლების განმავლობაში მთავარი სავაჭრო პარტნიორმა თურქეთმა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, მოწინავე პოზიცია დათმო და უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნების რეიტინგში 9.8%-იანი წილით, მეოთხე ადგილი დაიკავა.
წლის დასაწყისისთვის რეიტინგში ისეთი ქვეყნები დაწინაურდნენ, საიდანაც იანვარში ნახატებისა და ავტომობილების იმპორტი გაიზარდა. ეს ქვეყნები კი აშშ და გაერთიანებული სამეფო არიან.
რაც შეეხება თურქეთს იანვარში საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა 15.9%-ით 196 მილიონ 403 ათას დოლარამდე შემცირდა, რაც პანდემიური 2021 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში შემცირდა, როგორც თურქეთიდან იმპორტი, ასევე ექსპორტიც.
ქვეყნების სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი მცირე ადგილი უკავია. წლის პირველ თვეს საქართველოდან თურქეთში 23 მილიონ 488 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წლიურად 20.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამ პერიოდში თურქეთში ექსპორტის კლება ფეროშენადნობებისა და სხვადასხვა დასახელების ტრიკოტაჟის ნაწარმის შემცირებამ გამოიწვია.
TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:
მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - $4.8 მლნ;
2. ფეროშენადნობები - $2.7 მლნ;
მამაკაცის ან ბიჭის კოსტიუმები, კომპლექტები - $1.9 მლნ
ალუმინის ნარჩენები და ჯართი - $1.5 მლნ;
დაუმუშავებელი ოქრო - $1.3 მლნ;
სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $1.3 მლნ;
ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი - $900 ათასი;/
მექანიკური მოწყობილობები სითხეებისა ან ფხვნილების გაფრქვევისათვის - $655 ათასი;
სპეცდანიშნულების მანქანები - $631 ათასი;
დაუმუშავებელი ტყვია - $571 ათასი;
რაც შეეხება იმპორტს, იანვარში თურქეთიდან საქართველომ 172 მილიონ 915 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 15.3%-ით ნაკლები მაჩვენებელია. ამგვარად თურქეთი იმპორტის მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების რეიტინგში აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ 10.8%-იანი წილით მესამე ადგილზეა.
წლების განმავლობაში საქართველოსთვის დაფასოებული მედიკამენტების მომწოდებელი თურქეთია. იანვარშიც იმპორტირებული საქონლის რეიტინგში სამკურნალო საშუალებებს პირველი ადგილი უკავიათ, თუმცა მათი იმპორტი მკვეთრად შემცირებულია, რაც თურქეთიდან ჯამურ იმპორტზეც აისახა. იანვარში ასევე შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $13.7 მლნ, 338 ტონა;
ფილები მერქან-ბურბუშელისა - $5.5 მლნ, 13 927 ტონა;
შავი ლითონის მილები და ღრუ პროფილები - $5.1 მლნ, 6 333 ტონა;
მსუბუქი ავტომობილები - $3.7 მლნ;
სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $3.5 მლნ, 3 572 ტონა;
მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $3.3 მლნ, 1 526 ტონა;
სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მანქანები და მექანიზმები - $3.2 მლნ, 377 ტონა;
ნახშირბადიანი ფოლადის ბრტყელი ნაგლინი - $3.1 მლნ, 4 913 ტონა;
მზა ნაწარმი ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $3 მლნ, 126 ტონა;
იზოლირებული მავთულები და კაბელები - $2.9 მლნ, 709 ტონა.