ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში, რბილად რომ აღვნიშნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა შეუფერხებლად განვითარდეს ქვეყნის დემოკრატიული სისტემა.
„ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას. ეს დაპირება შესრულდა დიდწილად და განვაგრძნობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და, ზოგადად, განვითარებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
„ეკონომიკას რაც შეეხება, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, მიაღწია 978 500-ს ამ მაჩვენებელმა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, გაიზარდა 19 700 ადამიანით და მიაღწია 433 500-ს. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700-ით. მთლიანობაში, გასული 3 წლის განმავლობაში დასაქმების თვალსაზრისით გვქონდა ძალიან კარგი ზრდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 000-ით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ, არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყნისთვის.
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი – 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3%-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული იანვრის მონაცემები, თუმცა, წინასწარი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს.