საქართველოდან ორ თვეში $7,8 მლნ-ის კარტოფილი გავიდა - მთავარი ბაზარი რუსეთია

კარტოფილის ექსპორტის ოფიციალური სტატისტიკა მესამე წელია მზარდია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან კარტოფილის ექსპორტი 26-ჯერ გაიზარდა და 7,8 მლნ აშშ დოლარის 26,865 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კარტოფილის ექსპორტი 303 220 დოლარის 931 ტონა იყო. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი - 95 480 აშშ დოლარის 795 ტონა იყო.

გასულ წელს, იანვარ-თებერვლის პერიოდში ქვეყნიდან კარტოფილის ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანში იყო. წელს კი მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი გახდა. თუმცა კიდევ არაერთ ქვეყანაში გავიტანეთ სასოფლო სამეურნეო ეს პროდუქტი.

2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, კარტოფილის საექსპორტო ბაზრებია:

რუსეთი - 5,2 მლნ აშშ დოლარი - 13 610 ტონა
აზერბაიჯანი - 1,8 მლნ აშშ დოლარი - 10,361 ტონა
სომხეთი - 455 850 აშშ დოლარი - 2151 ტონა
ყაზახეთი - 84 080 აშშ დოლარი - 394 500 ტონა
თურქმენეთი - 47 380 აშშ დოლარი - 239 ტონა
მოლდოვა - 12 070 აშშ დოლარი - 86 ტონა
უზბეკეთი - 4 400 აშშ დოლარი - 22 ტონა.
ექსპორტის ზრდის პარალელურად, იკლებს კარტოფილის იმპორტი. მაგალითად, მიმდინარე წელს, იანვარ-თებერვალში საქართველომ 402 670 აშშ დოლარის 1229 ტონა კარტოფილი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 469 320 აშშ დოლარის 1719 ტონა. 2023 წლის პირველ ორ თვეში კარტოფილის იმპორტის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი - 2,5 მლნ აშშ დოლარი და 8907 ტონა იყო.

წელს კარტოფილი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან შემოვიტანეთ. მეორე ადგილზეა გერმანია და მესამეზე - ნიდერლანდები. გასული წლის პირველ ორ თვეში კი კარტოფილი ძირითადად რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოვიტანეთ.