"ქართველი სტარტაპერები, უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ" - ირაკლი კობახიძე

ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას. 

 

„ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში, ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან ნული პროცენტით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად  გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან  მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა და   ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება.

„დამოუკიდებლობისთვის ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, 2025 წლის პირველი და მეორე თვეებიც იყო გამორჩეული. ჩვენ დავხურეთ ეს 2 თვე დადებითი მაჩვენებლებით. იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%. ამ კუთხით შარშანაც გვქონდა ძალიან დადებითი მაჩვენებელი, 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ამ ტენდენციის შენარჩუნება. 
საბიუჯეტო პროგნოზი არის 6%. ეს არის ერთგვარი პროგრამა მინიმუმი, რომელიც გვაქვს დასახული, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება აქამდე, შეგვიძლია ეს გეგმა გადაჭარბებითაც შევასრულოთ.
სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კონტინენტის, ევროპის მასშტაბით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ეს პროგნოზი შევასრულოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში.

 

„გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რაზეც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.