... ... სპორტი

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. მან ამერიკელი შონ ო'მალი დაამრცხა.

33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

29 წლის ამერიკელმა შონ ომალიმ კი სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.

 

წონები ჩაბარებულია - საჩემპიონო ბრძოლამდე რამდენიმე საათი რჩება

UFC 306-ის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება და ივენთის მთავარმა გმირებმა საჩემპიონო წონები ჩააბარეს.

მთავარი ბრძოლა სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება, სადაც ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი დაუპირისპირდებიან.

ო'მალიმ საჩემპიონო ქამარი 1 წლის წინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და შემდეგ ერთხელ ვერასთან ბრძოლაში დაიცვა. დვალიშვილს კი UFC-ში ზედიზედ 10 ორთაბრძოლა აქვს მოგებული და ქამრისთვის პირველად იჩხუბებს.

UFC 306-ის მთავარი ქარდი ხვალ, 15 სექტემბერს თბილისის დროით დილის 6 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური კლუბის „ნაპოლის“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაცია „ნაპოლის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

კვარაცხელია აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა დაასახელეს, რომლებმაც კლუბის ოფიციალურ აპლიკაციაში კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის გულშემატკივრების აღიარება საფეხბურთო სეზონის პირველ თვეში შთამბეჭდავი გამოსვლით დაიმსახურა.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 25 აგვისტოს სერია ა-ს ფარგლებში გამართული „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ (3-0) შეხვედრის დროს კვარაცხელიამ ერთი გოლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. მეორე თამაში, სადაც კვარაცხელია კარგად გამოიყურებოდა, 31 აგვისტოს გამართული „ნაპოლი“ – „პარმა“ იყო, რომელიც აგრეთვე ნეაპოლიტანელების გამარჯვებით ანგარიშით 2-1 დასრულდა.

„ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს“-კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებულ მატჩებს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ, რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში“, - წერს კვარაცხელია.

"მსურს, ქამარი საქართველოში ჩავიტანო" - მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლის წინ

15 სექტემბერს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასში საჩემპიონო ბრძოლას ამერიკელი შონ ო’მალის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დვალიშვილი რამდენიმე თემას შეეხო. მისი თქმით, სურს, ქამარი საქართველოში ჩაიტანოს და გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად აღნიშნოს.

„ეს ბრძოლა განსაკუთრებულია და ძალიან ბედნიერი ვარ. მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრის შესახებ გამოაცხადეს, აღელვებული ვარ. UFC-ის ყველა მებრძოლი ოცნებობს აქ ყოფნაზე. ორი სურვილი მქონდა, შონ ო’მალისთან მებრძოლა და ეს ბრძოლა „სფეროს“ უნიკალურ არენაზე ჩატარებულიყო მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს. ყველაფერი კარგადაა, მე ჩემს თავსა და გეგმაზე ვარ ორიენტირებული და ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის.

ო’მალიმ შესანიშნავი დაპირისპირება მოიგო და UFC-ის კონტრაქტიც მიიღო. სამწუხაროდ, მე პირველ ორ ჩხუბში საეჭვო ვითარებაში დავმარცხდი, თუმცა 2018 წელს, პირველი გამარჯვების შემდეგ ვთქვი, რომ შონ ო’მალისთან ბრძოლა მსურდა, ჩვენ ერთი და იგივე მეტოქე დავამარცხეთ. იმედი მქონდა, შეხვედრა მაშინ შედგებოდა, მაგრამ მას არ უპასუხია.

სტილის თუ გავითვალისწინებთ, ის ჩემთვის იდეალური მეტოქეა, მაგრამ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია. ჩხუბი ჩემი კარნახით უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ო’მალის ძლიერი და სახიფათო დარტყმები აქვს, ერთმა დარტყმამ კი შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. UFC-ში მარტივი ჩხუბი არ არსებობს. ამიტომ, ხუთივე რაუნდის განმავლობაში ჭკვიანურად ვიმოქმედებ.

ეს ბრძოლა UFC-ის ტიტულისთვის და მემკვიდრეობისთვისაა. მან თავისი ინტერვიუს დროს ჩემს სამშობლოს პატივი არ სცა, ჩემთვის კი საქართველო ყველაფერია. ბრძოლა იმისთვის დავიწყე, რომ ჩემი ქვეყანა წარმედგინა და როცა ვინმე შენს ოჯახს ან ქვეყანას პატივს არ სცემს, პასუხი უნდა გასცე. გამარჯვება და იმის ჩვენება მსურს, რომ თავმდაბალი უნდა იყო.

საქართველოში აეროპორტი ყოველთვის გელიან, ჩემი ბრძოლების საყურებლად კი ყველა ადრე იღვიძებს. უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. მსურს, ქამარი საქართველოში ჩავიტანო და გამარჯვება ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო.

გრძელი გზა გამოვიარე, 2019-2020 წლამდე ჩემი ცხოვრება ძალიან რთული იყო, უამრავი გამოწვევა მქონდა. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხებოდი, გავაგრძელო თუ გავჩერდე. ძალიან რთულია სრულ განაკვეთზე ფიზიკურად მუშაობა მზესა თუ თოვლში, მაგრამ როდესაც მუშაობას ვასრულებდი, მაინც ვვარჯიშობდი.

2020 წელს ბევრი რამ შეიცვალა, მეტი ბრძოლა ავიღე და მეტს გამოვიმუშავებდი. მსურს, UFC-ის მადლობა გადავუხადო, რადგან ახლა შემიძლია, ჩემს სახლში დავიძინო, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს კი მხარი დავუჭირო. შთავაგონო სხვა ადამიანები, რომ თუ მე გამომივიდა, მათაც გამოუვათ. უბრალოდ განაგრძეთ ოცნება, ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ - გიორგი ქოჩორაშვილი

ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი:

„როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინც გვიჭერს მხარს, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი ძალა არ არის იმაში, რასაც მარტო ვაკეთებთ, არამედ, მაშინ ვართ ძლიერები, როცა ერთად ყოფნით რაღაც დიდს ვაღწევთ.

სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია და ჩვენ არასდროს დავნებდებით!“

"ალბანეთთან გამარჯვება დავიმსახურეთ და ისიც ვნახეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი" - სანიოლი

ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა და გამარჯვების მიზეზები დაასახელა.

„ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველი ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი გვქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ, გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ბოლო 15-20 წუთი მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა, ამიტომ, თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა.

B ლიგაში ყველა თამაში რთულია. ოქტომბრის მატჩებამდე ოთხი კვირაა, ფეხბურთელები კლუბებში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. ჩვენთვის თითოეული მოთამაშე მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში, წარმატებული თამაშის გაგრძელებას მხოლოდ ასე შევძლებთ.

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ბევრი რამ ისწავლეს. ჩეხეთთან მატჩთან შედარებით, დღევანდელი შეხვედრა ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, რა გვაქვს გამოსასწორებელი“, – ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

"ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს მოუგო. ანგარიში 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა 6 ქულა მოიპოვა.

მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

საქართველო ჩეხეთის მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.

ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა.

13 სექტემბერს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარაოლიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს

13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარაოლიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოგისტიკისა და ღონისძიებების ორგანიზების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ონოფრიშვილმა გააკეთა:

"13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ათონელის ქუჩის მიმდებარედ, კერძოდ ორბელიანი სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებს და პარაოლიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს.

ჩვენ ვიმედოვნებთ და ვეპატიჟებით ყველას და იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღოს ფოტოები და ნახონ მათი კუმირები.

ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც, დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და ჩვენი ბენდის კონცერტი და ამით დასრულდება ესღონისძიება"

საქართველომ პარალიმპიადაზე მერვე მედალი მოიპოვა

ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. მან ფინალი თურქ იბრაჰიმ ბოლუკბასისთან დათმო და საქართველოს მიმდინარე პარალიმპიადაზე მეოთხე ვერცხლის მედალი მოუტანა.

პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ქართველმა პარასპორტსმენმა ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასს სძლია, ნახევარფინალში კი ყაზახი ზურკამურზა შუკურბეკოვი დაამარცხა.

რევაზ ჩიკოიძემ პარალიმპიადაზე მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ასევე ვერცხლის მედალი მიიღო.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს 8 მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

საქართველომ პარალიმპიადაზე მერვე მედალი მოიპოვა

ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. მან ფინალი თურქ იბრაჰიმ ბოლუკბასისთან დათმო და საქართველოს მიმდინარე პარალიმპიადაზე მეოთხე ვერცხლის მედალი მოუტანა.

პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ქართველმა პარასპორტსმენმა ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასს სძლია, ნახევარფინალში კი ყაზახი ზურკამურზა შუკურბეკოვი დაამარცხა.

რევაზ ჩიკოიძემ პარალიმპიადაზე მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ასევე ვერცხლის მედალი მიიღო.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს 8 მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.