... ... კრიმინალი

ამნისტიის ძალაში შესვლის დრო ცნობილია

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტია, რომელიც ათასობით ადამიანს უნდა შეეხოს, ძალაში ხვალ შევა.

"ხვალ საქართველოს პარლამენტი მიიღებს და ძალაში შევა ამნისტია, რომლითაც 1000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5000-ზე მეტ პატიმარს პერიოდულად, სხვადასხვა ეტაპზე, დროთა განმავლობაში შეეხება ეს ამნისტია და დატოვებენ საპატიმროებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

პროცესის პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან.

"სიცრუე და საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობა" - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებებს

სიცრუე და საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობა - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებებს.

უწყებამ განცხადებასთან ერთად, გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილიც გაასაჯაროვა. უწყებაში განმარტავენ, რომ აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია "ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მათი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხოლო 2024 წლის 1 მარტს საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საქართველოს პროკურატურის განმარტებით, სატელევიზიო ეთერით ბიზნესმენის განცხადება თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა და შემდგომ ხელახლა დაიწყო, არის სიცრუე.

საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან.

მეტი დამაჯერებლობისთვის, ხსენებულმა პირებმა „ელთ ბილდინგთან“ გააფორმეს საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და განახორციელეს მხოლოდ პირველი შენატანის გადახდა 500-500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მალევე ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუქმდა. შპს „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს განუცხადეს, რომ მათ კუთვნილ კომპანიას „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“ კავშირი ჰქონდა იახტების მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთან და შეეძლოთ იახტის ჩამოყვანა შპს „ელთ ბილდინგისთვის“. მას შემდეგ, რაც იახტა ჩამოვიდოდა ბათუმში და გაფორმდებოდა „ელთ ბილდინგის“ სახელზე, „რამსეს ჯორჯიან იახტინგპლათფორმი“ იახტას იჯარით, SAMI წლით აიღებდა და ყოველწლიურად შპს „ელთბილდინგს“ იჯარის საფასურს გადაუხდიდა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

პოლიციამ ქვემო ქართლში თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ა., ამავე წელს დაბადებული ვ.მ. და 2007 წელს დაბადებული კ.ა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ.ა. და კ.ა. საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ. ბრალდებულებმა აღნიშნული მოქალაქის დასაშინებლად, ფულის გამოძალვის მიზნით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ ვ.მ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძალვაში ჯგუფურად ჩადენილი დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების, გადაზიდვის, ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში უბედური შემთხვევა მოხდა

კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში უბედური შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ამწეთი, ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოულოდნელად ჩამოვარდა და კაცი მანქანის ქვეშ მოიყოლა.

33 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს

მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით ე.წ. "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს. მან აღნიშნულზე უარი თქვა, დილით კი სახლში ხელყუმბარა ესროლეს. ხელყუმბარა არ აფეთქდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, დაწყებულია გამოძიბეა. არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს. 

 

თურქეთიდან საქართველოში ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს, 12 სექტემბერს, ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ფარიდ გურბანოვი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. დადგენილია, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. ჩამოსვლისთანავე დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და ამ მიზნით თბილისში, პეკინის გამზირზე ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებელი ბინა იქირავეს. მათ სპეციალურად შეიძინეს „ჰონდას“ მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ ჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების კონტროლი.

დამნაშავეები თვალთვალისას და ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას. ისინი სისტემატიურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს. 2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამი გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა. აღნიშნულის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველო დატოვეს. ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურასთან ერთად ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში გაწეული ეფექტიანი მუშაობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა განსაკუთრებული მძიმე დანაშაულის გახსნა.

ასევე, მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის. აქვე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის შემკვეთის და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“,- განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო. ცინდელიანს სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ "ინანიებს".

მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია და მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.

ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ახალგაზრდა ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

მკვლელობის ბრალდებით ოთარ ცინდელიანი დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით). ცინდელიანი პოლიციაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

 

პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და გამოძალვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული რ.ხ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გამოძალვის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან ა.ს.-ს სოციალური ქსელის მეშვეობით მისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნას სთხოვდა, რომლითაც შემდგომ მას აშანტაჟებდა და სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდა.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობის მუქარით ა.ს. მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე ქალს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - რუსთაველის გამზირზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა. ქვეითი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. 

 

 

ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს 17-17 წლით პატიმრობა შეეფარდათ - პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 2 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათ ასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 6 იანვარს, ბრალდებულები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები - დედა -შვილი, უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა გასაღების მიზნით მივიდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის ტერიტორიაზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ", - წერია განცხადებაში.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება).