... ... კულტურა

საბავშვო ევროვიზია 2024-ზე 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

საბავშვო ევროვიზია 2024-ში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. წელს  კონკურსს კვიპროსი დაუბრუნდება.

საბავშვო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, ესპანეთი და უკრაინა.

Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის.

ყვავილობის კონცეფცია ორგანული ელემენტების მეშვეობით გადავა Caja Mágica სცენაზეც, რომელიც 5000-დან 7000 მაყურებლამდე იტევს.

2021 წლის შემდეგ წლევანდელ საბავშო ევროვიზიაზე ყველაზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.

თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი“ გაიმართება

თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი“ 2024 წლის 2-6 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდას, პოპულარიზაციას და მის განვითარებას.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა 3 425 ფილმი 124 ქვეყნიდან, ხოლო სელექციის შედეგად შეირჩა 71 ფილმი, რომელთაგანაც საუკეთესოს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური.

„გაიზარდა საკონკურსო პროგრამები და პრიზების რაოდენობაც. პრიზები დაწესდა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი როგორც მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური, ასევე ქართული სტუდენტური ფილმების კონკურსანტებისთვის. ასევე, გაიმართება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა მასტერკლასებისა და ვორქშოფების სახით, რომელსაც ჩაატარებენ უცხოელი და ქართველი კინემატოგრაფისტები. წელს ფესტივალის მთავარ სიახლეს წარმოადგენს „ინდუსტრიული პლატფორმა“, რომლის ფარგლებში გაიმართება ფილმების პროექტების წარდგენა (Pitching). ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები“, – განაცხადა ფესტივალის დირექტორმა, გია დიასამიძემ.

ფილმების ჩვენება გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე: ისტორიული მუზეუმი – ერეკლე II სასახლე, თელავის სამუსიკო სასწავლებელი, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, სასტუმრო-ჰოლიდეი ინნი, ნადიკვარის პარკი.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლებში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლებში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეები სალოტბარო სკოლებში ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას შეისწავლიან.

„სალოტბარო სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია წარმოებს მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. სალოტბარო სკოლაში მიღების მინიმალური ასაკია 6 წელი, ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია.

სალოტბარო სკოლაში რეგისტრაციისთვის მოსწავლემ (მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა შეავსოს ცენტრის მოსწავლის სარეგისტრაციო ბარათი (ანკეტა), ასევე - ფოტო ¾-ზე. სალოტბარო სკოლაში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც მითითებულ ლინკზე ასევე ადგილზე“, - აცხადებენ ცენტრში.

„ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - საქართველო“ 20 - 23 სექტემბერს გაიმართება

საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი - ამ სლოგანით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ იმართება. ინფორმაციას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

,,ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - საქართველო“ 20-23 სექტემბერს ამბროლაურში, სოფელ ქორენიშსა (ლეჩხუმი) და თბილისში ჩატარდება.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ფესტივალი მოიცავს, როგორც საკონცერტო, სამეცნიერო და კულტურულ-შემეცნებით პროგრამას, ასევე ქართული ხალხური სიმღერისა და ლეჩხუმური სამზარეულოს მასტერკლასებს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 8 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, უელსის, ლატვიისა და შოტლანდიის ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ფესტივალში მონაწილე ქართული ანსამბლები (ძირიანი, ლალხორ, მთიები, სათანაო, ნანინა) გამოირჩევიან მუსიკალური მონაცემებით, რეპერტუარის მრავალფეროვნებითა და სირთულით.

ტრადიციული მუსიკის უცხოელი შემსრულებლები წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი ხალხური ტრადიციებითა და კულტურით; ფესტივალზე სტუმრები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და თავიანთი ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს. მასპინძლები და სტუმრები ერთობლივი კონცერტით მსმენელის წინაშე რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარსდგებიან.

უცხოელი შესრულებლები:

1. კიტკა (აშშ)

2. ორი შალვა (კანადა-საქართველო)

3. მრავალო (გერმანია)

4. ალილო (საფრანგეთი)

5. სამაია (უელსი)

6. საუსეიას (ლატვია)

7. მარჯერი ბრეი (შოტლანდია)

8. ფრანსუაზ დემირი (საფრანგეთი)