... ... დაიჯესტი

„გამაგრილებელ“ ტროტუარებს სცდიან

აშშ-ში, ეგრეთ წოდებული, გამაგრილებელი ტროტუარების ტესტირება მიმდინარეობს. ლაპარაკია ღია ფერის ასფალტით დაფარულ გზებზე, რომელიც მზის სხივებს ირეკლავს და არ აძლევს გზის საფარს გადახურების საშუალებას. თუმცა, Bloomberg-ის ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ გზებზე შუქის ამრეკლავი საფარის გამო, სითბო ასფალტის ზედაპირზე არ გროვდება და ის გადანაწილდება ატმოსფეროში. ამის გამო, ჰაერის ტემპერატურა, შესაძლოა, რამდენიმე გრადუსით უფრო მეტად იგრძნობოდეს, ვიდრე სინამდვილეშია.

„კიბოს მკვლელი“ პროდუქტი დაასახელეს

კურკუმინი, რომელიც კურკუმას აქტიური ინგრედიენტია, ხელს უწყობს კიბოს განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას და აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდის პროცესს. ამის შესახებ Cancer Research UK-ის მედიკოსებმა განაცხადეს. ექიმების თქმით, ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციის გამო, ისინი კურკუმას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებად მიიჩნევენ. სპეციალისტებმა ამ სანელებელს „კიბოს მკვლელი“ უწოდეს. სწავლულებმა ისიც აღნიშნეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კურკუმას აქტიურად მოიხმარენ, ონკოდაავადებების მქონე ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად ნაკლებია. კურკუმა სასარგებლოა თვალებისთვისაც - ამცირებს კატარაქტას წარმოქმნის, ასევე გლაუკომისა და მაკულოდისტროფიის რისკებს. სანელებელს იყენებენ ქოლესტერინის დასაწევ საშუალებადაც. თუმცა, ამასთანავე, კურკუმას ჭარბი მოხმარება იწვევს კუჭის აშლილობას, კუჭის მჟავიანობის მომატებას, თავბრუსხვევას და თავის ტკივილს. 

„პროკურორი“ რობოტები შექმნეს

ჩინელმა სწავლულებმა მსოფლიოში პირველი რობოტი შექმნეს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ადამიანების დადანაშაულება და ბრალმდებლის პოზიციის დაკავება შეუძლია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ „პროკურორს“ საქმის სიტყვიერი აღწერის შემდეგ, ბრალის წაყენება კანონთან შესაბამისობაში 97%-იანი სიზუსტით შეუძლია. მკვლევარებმა ეს „პროკურორი“ რობოტი შანხაის ერთ-ერთ პროკურატურაში გამოსცადეს. „ჭკვიანი“ მანქანის ავტორები ამბობენ, რომ ეს ტექნოლოგია ხელს შეუწყობს პროკურორების ყოველდღიური დატვირთვის შემცირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, სამსახურში უფრო რთულ საქმეებზე გაამახვილონ ყურადღება. 

MTV Video Music Awards 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

MTV-მ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია Video Music Awards ნიუ-იორკში გაიმართა, მისი წამყვანი კი რეპერი Megan Thee Stallion-ი იყო.

წლის ვიდეოდ ტეილორ სვიფტის და პოსტ მელოუნის Fortnight დასახელდა.

გამარჯვებულები სხვა კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ ჩაპელ როანმა გაიმარჯვა. ჰიპ-ჰოპის სტილში საუკეთესო ვიდეოდ ემინემის კომპოზიცია Houdini დასახელდა, საუკეთესო როკ-ვიდეოს ნომინაციაში კი ლენი კრავიცის Human-მა გაიმარჯვა. წლის სიმღერად საბრინა კარპენტერის Espresso დასახელდა.

საღამოზე თავისი სიმღერები შეასრულეს: ენიმემმა და ჯელი როლმა, კამილა კაბელომ, ჩაფელ როანმა, ლეკი კრავიცმა, საბრინა კარპენტერმა.

ბარბექიუს სუნამო KFC-გან

სუნამო KFC-ს არომატით - ალბათ, ეს ის არ არის, რასაც 2024 წელს ელოდით, მაგრამ შემწვარი ქათმის მწარმოებელმა გიგანტმაც გადაწყვიტა, ფასტფუდის მოყვარულები გაეოცებინა. ახალი არომატი, სახელწოდებით - No. 11 Eau de BBQ, ყოველ 100 მლ-იანი ფლაკონით, „ბარბექიუსგან მიღებულ კლასიკურ შეგრძნებებს“ გვპირდება. სუნამოს შემქმნელების თქმით, მომხმარებელი შეიგრძნობს გაკვამლული ხისა და ნახშირის სურნელს, რასაც დამატებით ხორცის ნოტებიც მოჰყვება. ეს არომატი კი აუცილებლად გაგიჩენთ წახემსების სურვილს, რადგან ის სწორედ KFC -ის მენიუდან ახალი კერძის - The Ultimate BBQ Burger-ის გემოს ასახავს. 

ვაქცინა ძვლების შესახორცებლად

ამერიკელმა სწავლულებმა აშშ-ს მაიოს კლინიკიდან, გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რნმ-მესენჯერის საფუძველზე შექმნეს ვაქცინა, რომელსაც ძვლების შეხორცების სტიმულირება შეუძლია. დაზიანების შემდეგ, ადამიანის ძვლის ქსოვილი ორი მეთოდით აღდგება: სტრომალური უჯრედებიდან (ღეროვანი უჯრედები) პირდაპირი წარმოქმნით, ანდა ენდოქონდრიალური ოსიფიკაციით ანუ ხრტილის ჩამოყალიბებით, რომელიც შემდეგ გაძვალდება. ამ მექანიზმების მოშლის და ასევე ორგანიზმში სხვა დარღვევების გამო, მოტეხილობები აღარ ხორცდება, რასაც ამპუტაციამდე მივყავართ. ასეთი შემთხვევებისთვის მკვლევარებმა მკურნალობის ახალი მეთოდი შექმნეს, რომელსაც ძვლის ქსოვილის აღდგენის სტიმულირება შეუძლია. ჯერჯერობით, სწავლულებმა ახალი პრეპარატი მღრღნელებზე დატესტეს, რამაც მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება აჩვენა, ერთი დოზის გადასხმის შედეგადაც კი. ამ მიმართულებით კვლევები კვლავ გრძელდება. 

ინფექციებისას კიტრი მიირთვით

ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პროდუქტი - კიტრი სასარგებლო საკვებია არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ, ის ადამიანის რაციონის განუყრელი ნაწილიც უნდა გახდეს ინფექციური დაავადებების ეპიდემიის დროს. კიტრი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება საშიში თავისუფალი რადიკალებისგან დაცვაში. კიტრის მოხმარებამ გაციების, გრიპის, კორონავირუსის ეპიდემიის დროს, შესაძლოა, ორგანიზმს ძლიერი დახმარება გაუწიოს და დაავადების წინააღმდეგ მისი ბრძოლისუნარიანობა გაზარდოს, - აღნიშნავენ სპეციალისტები. კიტრი მოქმედებს, როგორც შარდმდენი საშუალება და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ეს ბოსტნეული შეიცავს კუკურბიტაცინებს - ნაერთებს, რომელიც მას ერთგვარ სიმწკლარტეს ანიჭებს. სწორედ ეს ნივთიერება უწყობს ხელს ნივთიერებათა ცვლისა და სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. კიტრში არის სტეროლებიც, რომლებიც ქოლესტერინის დონის დაქვეითებაზე მუშაობენ. 

კითხვა სასარგებლოა ორგანიზმისთვის

წიგნების კითხვა მეტად სასარგებლო საქმიანობაა ადამიანის ორგანიზმისთვის, - ამის შესახებ ამერიკელმა სწავლულებმა განაცხადეს, იალეს უნივერსიტეტიდან. მათ გამოკვლევა ჩაატარეს და დადგინეს, რომ კითხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მკვლევართა თქმით, ის ადამიანები, რომლებიც წიგნების კითხვას კვირაში 3.5 საათს მაინც უთმობენ, ნაადრევი სიკვდილის რისკს 23%-ით იმცირებენ მათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ კითხულობენ. წიგნები გვიხსნის სტრესისგან, რომლისგანაც იწყება დაავადებათა დაახლოებით 60%, იწვევს ინსულტს და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. გარდა ამისა, კითხვა ანვითარებს მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს. ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, კარგადაც სძინავთ, რასაც ვერ ვიტყვით კომპიუტერსა და სმარტფონებს მიჯაჭვულებზე. კითხვა ანვითარებს სოციალურ უნარებს - მკითხველები უკეთესად გრძნობენ და ესმით, რაზე ფიქრობენ სხვები.

ლაოსელი ემიგრანტი მილიარდერი გახდა

სიმსივნით დაავადებულმა ლაოსელმა ემიგრანტმა Powerball-ის ლატარიაში ჯეკპოტი - 1.3 მილიარდი დოლარი მოიგო. საინფორმაციო სააგენტო АР-ის ცნობით, ეს იღბლიანი ადამიანი 46 წლის ჩენგ სეპჰანია, რომელიც პორტლენდში ცხოვრობს და რვა წლის განმავლობაში, სიმსივნეზე მკურნალობდა. ერთი კვირის წინ, მან ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი ჩაიტარა. როგორც აღმოჩნდა, სეპჰანი და მისი მეუღლე მოგებული თანხის მხოლოდ ნახევარს აიღებენ, მეორე ნახევარს კი მეგობარს, ლაიზა ცაოს გადასცემენ, რომელმაც მათთან ერთად იყიდა ლატარიის ბილეთების პარტია. ჯეკპოტის მფლობელებმა გადაწყვიტეს, თანხა ერთბაშად აიღონ, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ, 422 მილიონი დოლარი იქნება. „მოგებული თანხით ოჯახის უზრუნველყოფას, კარგი ექიმის პოვნასა და მკურნალობას შევძლებ“, - აცხადებს ბედნიერი ემიგრანტი. შეგახსენებთ, Powerball - ამერიკული ლატარიაა, რომელიც 45 შტატში, კოლუმბიის ოლქში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე თამაშდება. 

ლუდი - არყის ხის წვენისგან

ქალაქ ლაიფციგის მცხოვრებმა სებასტიან რიკერმა, არყის ხის წვენის გამოყენებით, ლუდი დაამზადა. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, გერმანიის 32 წლის მცხოვრები მამაკაცი, წლების გან,ავლობაში სწავლობდა ლუდის დაყენების სხვადასხვა რეცეპტს. ამ გაზაფხულზე კი მან მოახერხა და საქსონიის ტყეში 130 ლიტრი არყის ხის წვენი შეაგროვა. სწორედ ეს წვენი გახდა ძირითადი ინგრედიენტი ლუდის ახალი სახეობისთვის - Birkenzauber ანუ „არყის ხის მაგია“. ახალი ქარვისფერი სითხის ავტორი ამტკიცებს, რომ შედეგად მიიღო მსუბუქი, ტკბილი სასმელი ყურძნის, ციტრუსებისა და ხურტკმელის ნოტებით. რიკერის მიერ ჩამოსხმული არყის ხის ლუდი სულ 600 ლიტრია და აპრილიდან უკვე იყიდება. 

მარილი დიაბეტის გამომწვევად აღიარეს

ამერიკელმა სწავლულებმა ტულანის უნივერსიტეტიდან  დაადგინეს, რომ მარილი მეორე ტიპის დიაბეტის გამომწვევი რისკ-ფაქტორია. მათ კვლევაში 400 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვებები საკმაოდ ხანგრძლივად, 11.8 წელიწადს გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, 13 ათას სუბიექტს განუვითარდა მეორე ტიპის დიაბეტი. ადამიანებს, რომლებიც საკვებს ზოგჯერ უმატებდნენ მარილს, 13%-ით ჰქონდათ გაზრდილი დაავადების განვითარების რისკი მათთან შედარებით, ვინც ამას იშვიათად ან საერთოდ არ აკეტებდა. ხოლო ვინც ხშირად და ყოველთვის უმატებდა საკვებს მარილს, მათი რისკები 20 და 39%-ით იყო გაზრდილი. ცნობილია, რომ დიაბეტის რისკქვეშ მყოფი ადამიანები უნდა მოერიდონ შაქარს, მაგრამ ახლა აღმოჩდა, რომ მათთვის მარილიც საზიანოა. ამას კი იმ ფაქტორით ხსნიან, რომ მარილიოანი საკვები ადამიანებს დიდი ულუფების მიღებისკენ უბიძგებს, რაც ზრდის დიაბეტის რისკ-ფაქტორების განვითარების ალბათობას. სხვა კვლევებით ისიც დადგინდა, რომ ჭარბი მარილი საკვებში უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. 

მიცვალებულების „გაცოცხლების“ მეთოდს მიაგნეს

შვედეთის დედაქალაქის დამკრძალავი ბიუროები ახალ პროექტზე მუშაობენ, რომლის წყალობითაც გარდაცვლილი ადამიანების „ელექტრონული ასლები“ უნდა შექმნან. როგორც სტოკჰოლმის ბიუროების ქსელის დორექტორი ამბობს, საწყის ეტაპზე, ლაპარაკია კომპიუტერული პროგრამების შექმნაზე, რომელთა საფუძველზეც, მომავალში, გარდაცვლილის გარეგნობის რობოტი შეიქმნება. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო სამეტყველო პროგრამის შექმნა - ის შეძლებს გარდაცვლილის ხმის იმიტირებას და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო შეკითხვებზე პასუხის გაცემას, თუმცა, რობოტი ახალს ვერაფერს მოყვება. პირველი კიბერასლებისთვის დამკრძალავი ბიუროები და პროგრამისტები ათ მოხალისეს ეძებენ, რომელთა ხმებს ჩაიწერენ, რასაც შემდგომში, სპეციალური პროგრამით დაამუშავებენ.