... ... დედაქალაქი

თბილისის ანძა გვატემალის დროშის ფერებში განათდა

გვატემალის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა გვატემალის დროშის ფერებში განათდა.

გვატემალამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა და ეროვნულ დღესასწაულს 15 სექტემბერს აღნიშნავს. 15 სექტემბერი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეა და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება.

გასულ წელს თბილისში გვატემალის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა.

ნასაგურში სპორტული სივრცე მოეწყობა

სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში  კალათბურთისა  და ფეხბურთის  ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მოსაწყობად სამუშაოები  დაიწყო.  პროექტის  პირველ  ეტაპზე მიმდინარეობს ძველი სტადიონის დემონტაჟი. 
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი  სტადიონები  450 კვ. მ. ფართობზე მოეწყობა. 
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 23 000 ლარი გამოიყო.

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად,  ადგილობრივ მოსახლეობას  შეხვდა და მათთან დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

 

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III, IV მიკრორაიონების, არბოს, ერწოს, ქსნის, ხევისუბნის, ვარდისუბნის, ქვიშხეთის, მექანიზაციის, მოლითის, თორნიკე ერისთავის, ვახტანგ ნინუას, გურამ ბზვანელის, ზაალ დუმბაძის, შეშელიძის, ხევძმარის, ფეიქართა, გიორგი ბოთერაშვილის და ლევან ჭოჭუას ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ამბროლაურის, ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, მამია გურიელის, შალვა გოგიძის, გაზაფხულის, დელისის, თამაზ ნადარეიშვილის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამბერტის, რაინეგსის, მეფე მირიანის, კლაპროთის, მაქს ტილკეს, ჰრინევსკის, ჰუგო ჰუბერტის, კასტელის და ბარონ დე ბაის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ანზორ ერქომაიშვილის, ჭოროხის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

ირაკლი კობახიძემ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა. 
თბილისის მერმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 
ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ ლამაზი სკვერის გახსნა. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს. რაც ის არის მერი, დღითიდღე ლამაზდება და მწვანდება ჩვენი ისედაც ლამაზი დედაქალაქი. მინდა, მომავალში კიდევ ბევრი ასეთი პროექტის განხორციელება გისურვოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 
ახლად რეაბილიტირებულ სკვერში მოსახლეობისთვის კონცერტი გაიმართა.

თბილისის მერიის მხარდაჭერით, Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, მზიურის პარკში არსებულ MASTER LEAGUE ARENA-ზე Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რის შემდეგაც, თბილისის მერიის გუნდთან ერთად, ესპანეთის გუნდს, EUSKADI F7-ს შეხვდა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

თამაშის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსგავსი ტურნირების მნიშვნელობას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ მიმდინარეობს საკლუბო ჩემპიონატი 7×7. ჩვენ ამ ტურნირს რამდენიმე წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი და დღეს უკვე საერთაშორისო არენაზე გავედით. სხვადასხვა ევროპული ქვეყნები სტუმრობენ დღეს დედაქალაქს და ქართული კლუბებიც მონაწილეობენ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სპონსორსა და იმ ადამიანს, ვინც გვერდით უდგას ამ ტურნირს. განსაკუთრებული მადლობა კი ორგანიზატორებს. ზოგადად, ძალიან კარგია ფეხბურთი და მსგავი ტურნირები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ეს არის პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი ISF-ის ჩართულობით, რომელიც 7×7 ფორმატით იმართება.

„იგი წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს. ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატში მონაწილეობენ გუნდები საქართველოდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, მოლდოვადან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან, ბელგიიდან და ომანიდან. საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი: თბილისის მერია, ბეთლაივი, რევაინი და ქროსთი.

ჩემპიონატი ყოველწლიურად გაიმართება და ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო სამი წლის მანძილზე, მასპინძელი კვლავ საქართველო იქნება“,- აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის გახსნის ღონისძიების გამო ბორის პაიჭაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა 12 სექტემბრის 08:00-დან 13 სექტემბრის 06:00 საათამდე იმოქმედებს. დროის ამავე მონაკვეთში ავტომობილების მფლობელები ვერც პაიჭაძის ქუჩაზე არსებული საპარკინგე სივრცით ისარგებლებენ.

„შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება პაიჭაძისა და ევგენი მიქელაძის ქუჩების კვეთამდე, ასევე, პაიჭაძისა და ნოდარ ახალკაცის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ რობაქიძის გამზირიდან მიქელაძისა და ბელიაშვილის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N320, N299, N311, N351, N304 და მიკროავტობუსები: N541 N526, N550, N534 და N536 ლუბლიანას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას რობაქიძის გამზირიდან გადაინაცვლებენ აღმაშენებლის ხეივანში, საიდანაც მარჯვნივ მოხვევით იმოძრავებენ მიქელაძისა და ბარძიმაშვილის ქუჩებისკენ და დაუკავშირდებიან ლუბლიანას ქუჩას.

ლუბლიანას ქუჩიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ბარძიმაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება მიქელაძის ქუჩას, მარჯვნივ მოხვევით გადაინაცვლებს ბელიაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას რობაქიძის გამზირის მიმართულებით გააგრძელებს.

რობაქიძის გამზირზე მიკროავტობუსები მოუხვევენ მაიაკოვსკის ძეგლთან და იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით, ხოლო ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ დავით აღმაშენებლის ძეგლისკენ, სადაც მოუხვევენ და დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

 

თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს

თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს. სატრანსპორტო პოლიტიკის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომლებიც საერთაშორისო კვლევებითა და გამოკვეთილი მგზავრთნაკადის საჭიროების მიხედვით დაგეგმილ დერეფნებს გაივლიან. დღეის მდგომარეობით, საავტობუსო პარკის შემადგენლობა უპრეცედენტოა და შეადგენს 1 935 ერთეულს, რითიც არსებითად გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობა. აქვე, შეგახსენებთ, რომ თითოეული მათგანი აკმაყოფილებს ევრო 6 ემისიის სტანდარტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის კუთხით. კარგად მახსოვს, 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, თუ რა მდგომარეობა გვქონდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და რა რაოდენობით. დღეს უკვე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საზოგადოებას კერძო ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.

„2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი. ეს რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მზარდია, რაც, ერთი მხრივ, ლოგიკურია – ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს მაჩვენებელი, ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ჩვენთან სამი-ოთხჯერ მაღალია. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრ-ნახევარზე ნაკლებ მანძილზე. ვხედავთ, როგორ ვითარდება ქალაქში საავტობუსო ზოლების სისტემა. თითოეული ახალი დიზაინი, რომლითაც მიმდინარეობს გზებისა და გამზირების, მოედნებისა და სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაცია, ფოკუსირებულია საფეხმავლო ინფრასტრუქტურისა და შშმ პირებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ახალი კავშირების შექმნაზე, ეკომეგობრული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობაზე. ეს მიდგომა არის ერთადერთი აპრობირებული და უალტერნატივო პრაქტიკა კერძო ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საზოგადოებრივი  ტრანსპორტის ასაჩქარებლად და ქვეითთა და მგზავრთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მცირე მანძილებზე საფეხმავლო და საველოსიპედო გადაადგილება, უკვე არსებული, 77-კილომეტრიანი ურთიერთდაკავშირებული საავტობუსო ქსელის გამოყენება მინიმალური გადაჯდომებით მეტად ეფექტიანს ხდის მგზავრობას, ამასთან  ხელს უწყობს ქალაქში არსებული სატრანსპორტო კვანძების განტვირთვას, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება გაუმჯობესებულ საგზაო უსაფრთხოებასა და ჰაერის მდგომარეობაზე.

 

კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის, „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონკურსის არსებობის ხუთი წლის მანძილზე 200-ზე მეტი საინტერესო პროექტი დაფინანსდა.

„კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით წრეებში და მისი მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, 11 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე: www.culture.tbilisi.gov.ge.

 

ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, მზად ვართ მოსახლეობას კორპუსის გამაგრებაში ან ჩანაცვლებაში დავეხმაროთ - კალაძე

ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ყაზბეგის N32-ის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია მზადაა, მოსახლეობას ავარიული კორპუსის გამაგრებაში ან სრულად ჩანაცვლებაში დაეხმაროს.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. მე ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ კორპუსის გამაგრებაში. თუ ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, შეგვიძლია მეორე პროექტი განვახორციელოთ – ეს არის კორპუსის ჩანაცვლება, ძველის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მშენებლობასთან კავშირი ბიძინა ივანიშვილის ძმას არ აქვს.

„არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ მშენებლობასთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძმას. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ყველაფერია კანონიერი. ვინმეს რამე არ მოეწონება და გამოძალვის მიზნით დააშანტაჟებს სამშენებლო კომპანიას, ეს მიდგომები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არსებობს ქალაქგეგმარება, არსებობს გენერალური გეგმა, ქალაქში არსებობს ზონები, არსებობს პარამეტრები, რითაც უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება და მშენებლობა. ვინმეს რამეს თუ არ მოსწონს, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიის ცნობით, ალბანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.

რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

მოქალაქეებს ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან, გვიანობამდე იმუშავებს მეტროც.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა დღეს ქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - აღნიშნულია თბიისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 9 სექტემბრის 21:00 საათიდან 11 სექტემბრის 12:00 საათამდე იმოქმედებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს“, - აცხადებენ მერიაში.

თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

„დავამთავრეთ ამირეჯიბის ე.წ. ახალი გზისა და თამარაშვილის გამზირის კვანძის პროექტი. შედეგად, მოგვეცემა შესაძლებლობა, გავზარდოთ გამტარუნარიანობა. ასევე მოხსნილი იქნება ის პრობლემა, რომ ავტომობილები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. მოძრაობა დარეგულირებული იქნება შუქნიშნით. დღეიდან გზის ეს კონკრეტული მონაკვეთი გაიხსნება. დარჩენილია გამწვანების სამუშაოები, რასაც ოთხი-ხუთი დღე დასჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად დაათვალიერეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ტოგონიძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, დავით ფაჩულიამ.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც რკინაბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომლის საშუალებითაც, სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება.

აღნიშნული პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ლარით დაფინანსდა, ხოლო სამუშაოები მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა.