notnews ganivi3 

    „ლუგარიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ...“ - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

    „ლუგარიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ...“ - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

     ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, მისთვის ძალიან სტრესულ გუშინდელი დღის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს: 

    „გუშინ საღამოს, ეთერში გასვლამდე 15 წუთით ადრე ლუგარიდან დამირეკეს და მითხრეს: პატარა ნინიას ძიძას ტესტი კიდევ ერთხელ უნდა გავუკეთოთ, რათა კარგად დავრწმუნდეთ პასუხშიო. ყურებში წივილი ვიგრძენი.
    სახლში ამოკეტილი ჩემი ბავშვებისთვის და დანარჩენი ოჯახის წევრებისთვის ბოლო ტესტის დღე იყო გუშინ. არ ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა ეს მეთქვა თინიკოსთვის, რომელსაც კორონაზე მეტად მგონი არაფრის ეშინია და რომელსაც სულ ამაოდ ვარწმუნებ ეს დღეები, რომ არ უნდა შეეშინდეს.
    ვერ ვალაგებდი აზრებს და შემდეგ მის იზოლაციასაც. ბავშვებს რა ვუყო?

    დავურეკე, ვუთხარი, რა თქმა უნდა, ძალიან შეეშინდა. ამ ქალაქში ყველაზე კეთილ და მშრომელ არსებას ეპიდემილოგ ირმა ბურჯანაძეს ვეცი. და იმან ყველაფერი გააკეთა, რომ თინიკოს არ შეშინებოდა. რეკავდა ცალკე მასთან და ცალკე ლუგარში, განმეორებითი პასუხების დროზე მისაღებად. მამშვიდებდა ცალკე მე, ცალკე თინიკოს და ბოლოს სოფოსაც მოევლინა ფსიქოლოგად:)
    დაუჯერებელი ქალია ირმა.

    იცით, მერე რა მოხდა? სხვაზე (და არა ჩემს ორგანიზმზე) ნერვიულობამ შეგძნებების დონეზეც გააქრო ყველა ის დისკომფორტი ჩემში, რომელსაც აქამდე ვგრძნობდი. აღარც ის სიცარიელე იყო მუცელში, აღარც ის უჰაერობა, არც სპაზმი, ხველასაც კი არ შევუწუხებივარ. მხოლოდ ეს მჭირდა: პალატაში დავდიოდით მე და ლევანი და ვფიქრობდით, ვფიქრობდით.

    მერე იყო ეთერი.
    დამირეკეს.
    დავჯექი, ჩართვას დაველოდე.
    ამ ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. ტელევიზიაში დიდი რუზრუზი იყო. ჩემთან კი ეს: მე, ჩემი ჩუმი პალატა და ჩემს ტელეფონში გაკვეხებული უცნაური მე, მგონი ცოტა მოსულელო და ნევროტული ღიმილით.

    ჩევერთე. არავისთვის არაფერი მითქვამს. ორივეჯერ ისე ჩავერთე გეგონება ბოჭორიშვილის კოვიდ-განყოფილებიდან კი არა, ბალნეოლოგიურ კურორტზე ვიყავი წამოპლაკული.

    ეთერი დასრულდა და მე ეს სხვადასხვა ჯგუფებიდან გავიგე. რადგან ისეთ ვითარებაში ვიყავი მხოლოდ ჭერის თვალიერება შემეძლო და თქვენი ჯადოსნური კომენტარების ჩაკითხვა, წამალივით რომ მომაყარეთ ყველაზე საჭირო დროს, საჭირო მომენტში.

    და ალბათ ზუსტად მაშინ, როცა უწამყვანოდ დარჩენილი ჩემი გიორგი მაყურებელს ემშვიდობებოდა ირმამ დამირეკა, რომელსაც 2 კვირაა “ჩემი მახარობელი” დავარქვი. ნიმუშები ორჯერ სხვადასხვა ტესტით გადავამოწმეთ და ორივე უარყოფითიაო, მორჩა ეს გაუგებრობა, სანერვიულო აღარააო.

    ცრემლები თავისით მოდის ამ დროს. თითქოს რაღაც ღილაკს ვაჯდები. დავრეკე ჩემი შვილის ძიძასთან, რომელიც მგონი მეორედ დაიბადა. ირმას უკვე მოესწრო იქაც დარეკვა და დიდი სიხარულის დატრიალება. მესმოდა სახლში ყველა კიოდა სიხარულისგან.

    ტელეფონი გავთიშე და ამიტყდა სიცილი. კი, კიდევ მაქვს ერთი ღილაკი: სიცილის. გამეცინა მთელ ამ ირონიაზე. და კიდევ ჩემს უცნაურ ბედზე, რომ ბოლო წამს მაინც კუდი მომიქნია მაგ საძაგელმა, სანამ ჩემს სახლს, სხეულს და ჩემს არეულ ცხოვრებას დატოვებდა.

    რატომღაც მგონია დამტოვა.

    აღარც ჩემს სახლშია.
    და “ის” არც ჩემს ორგანიზმში აღარაა. ნეტა არ მეჩვენებოდეს.“

     

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.