notnews ganivi3 

    მთავრობის ბრძანება - „აიკრძალოს კერძო ბინებზე ქეიფი და ყოველგვარი მხიარულება... აიკრძალოს ყოველგვარი ტკბილეულობის კეთება“

    მთავრობის ბრძანება - „აიკრძალოს კერძო ბინებზე ქეიფი და ყოველგვარი მხიარულება...  აიკრძალოს ყოველგვარი ტკბილეულობის კეთება“

    ზუსტად ასი წლის წინც, საქართველოში ეპიდემიას ებრძოდნენ. კერძოდ, 1920 წლის შემოდგომაზე, ქვეყანაში გაიზარდა შავი ჭირისა და ქოლერის გავრცელების მასშტაბი, ამასთან, საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ, ქვეყანაში გაჩნდა სათბობი რესურსების ნაკლებობა. ამ მიზეზთა გამო, მთავრობას მოუწია შეზღუდვების დაწესება, ერთი მხრივ ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად და მეორეს მხრივ, ღამის გასართობი დაწესებულებების დახურვით სათბობი რესურსების დაზოგვისთვის. ამ თემაზე  გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ 1920 წელის 31ოქტომბერს,  კაფეების და რესტორნების დახურვის შესახებ მთავრობის ბრძანება N248 გამოქვეყნდა:

    „მთავრობამ მოისმინა მოხსენება კლუბების და რესტორნების დახურვის შესახებ და დაადგინა:

     1) დაიხუროს კაფე შანტანები და კლუბები, რომელთაც გართობის ხასიათი აქვთ. აგრეთვე დაიხუროს ის რესტორნები, რომელსაც კაბინეტები აქვს და სხვა ამგვარი დაწესებულებები.

    2) დაწესდეს რესტორნებისა, სასადილოებისა და სამიკიტნოების ვაჭრობა საღამოს 10 საათამდე ახალი დროით.

     

    3) სასტიკათ განისაზღვროს სამიკიტნოებისა და ყავახანების რიცხვი.

    4) აიკრძალოს ყოველგვარი ტკბილეულობის კეთება გარდა შაქრისა, შაქარყინულისა, მონპასიესი, „სუხარებისა“ და ბულკებისა.

    5) მცხოვრებთა სიმშვიდის დასაცავად აიკრძალოს კერძო ბინებზე ქეიფი და ყოველგვარი მხიარულება, რომელიც მეზობლის მყუდროებას არღვევს.

    პირველი მუხლის დამრღვევნი დაისჯებიან ოთხი თვით დაპატიმრებით ან 100 000 მანეთის ჯარიმის გადახდევინებით. მხოლოდ მეხუთე მუხლის დამრღვევნი  კი დაპატიმრებულ იქნებიან ორი თვით და ან დაჯარიმებული 10 000 მანეთით. აქედან შემოსული ფული გადაეცემა შრომის სამინისტროს სოციალური დახმარების აღმოსაჩენად. დადგენილების შესრულება ევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს.“

     

    ავტორი

    HOTnews

    HOTnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.