სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციით დაინტერესდა. შესაბამისობის აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2018-2021 წლების ავტორიზაციის პროცესს მოიცავს. როგორც მოსალოდნელი იყო, დარღვევები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციაშიც გამოვლინდა. მეტიც, ინტერესთა კონფლიქტიც კი გამოიკვეთა.
ხარვეზები ავტორიზაციის საფასურის განსაზღვრაში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018-2021 წლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 1 966 967 ლარი შეადგინა. ახლა, ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ავტორიზაციის საფასურის განსაზღვრაში:
„შესამოწმებელ პერიოდში, ავტორიზაციის საფასურში გათვალისწინებული იყო დამატებითი ღირებულების გადასახადი - დღგ. 2020 წლის ივლისში, საქართველოს საგადასახდო კოდექსში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება საჯარო სამართლის იურდიული პირის - სსიპ საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო (ასრულებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ საქმიანობას) იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისათვის დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ცენტრი არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ პირად, ვინაიდან საგადასახადო მიზნებისთვის მისი საქმიანობა არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას. ეს ხარვეზი გასწორდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებაში, 2022 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით“.