გასული კვირის ბოლოს პოლიტიკური „სკანდალი“ პრემიერ-მინისტრის ჩარტერულ რეისს უკავშირდება აშშ-ში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მისი ვაჟი ჩააცილა, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას. ოპოზიციის წარმომადგენლები ამუნათებენ ღარიბაშვილს, რომელიც ჩარტერული რეისით საკუთარი სახსრებით გაფრინდა, არადა,მაშინ, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, ბიუჯეტის ხარჯზე დაფრინავდნენ ყველგან და არც ძვირადღირებულ გართობას იკლებდნენ... მოკლედ, ვიდრე ოპოზიცია და მათთან გათანაბრებულები ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს ხელოვნურად იწვევენ, „ვერსია“ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის განხილვას აგრძელებს და ამჯერად, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ნაწილს გთავაზობთ.
ჯანდაცვა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. პროგრამის დაწყებიდან დღემდე,სამ მილიონ მოქალაქეს, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა. სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მისაღწევად, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები (2012 წელი - 450 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელი - 2 155 მილიონი ლარი).
„მოსახლეობისთვის თანაგადახდასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთის შემცირების მიზნით, 2023 წლის აპრილიდან, დაწესდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე თანაგახადის მაქსიმალური ზედა ზღვარი. საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი შეადგენს 10%-ს, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%-ს, არა უმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი - 30%-ს, არა უმეტეს 1500 ლარისა (ისეთ მომსახურებაზე, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტს - 15 000 ლარს, პაციენტის თანაგადახდის წილი კვლავ დარჩება უცვლელი). შედეგად, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. გამორიცხულია კლინიკის მიერ დამატებითი გადასახადის დაწესების შესაძლებლობა“, - ვკითხულობთ პრემიერის ანგარიშში.
ჯანდაცვის სერვისების სპექტრის გაფართოვების მხრივ, მნიშვნელოვანია 2022 წელი - ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ეტაპი, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უკვე ფარავს სერვისების სრულ სპექტრს, მწვავე დაავადებების მართვიდან, რეაბილიტაციამდე. სხივური, ჰორმონალური და ქიმიოთერაპიის ლიმიტი 12000-იდან გაიზარდა 25000 ლარამდე, მოიხსნა თანაგადახდა. მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა გულის რითმის რთული დარღვევის დროს ნაჩვენებ სამედიცინო ჩარევებზე, კერძოდ, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებისა და აბლაციის ნაწილში. სტატია სრულად იხილეთ აქ