სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებების შესყიდვებით დაინტერესდა. დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა. აუდიტის პროცესში გაირკვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ, მთელი რიგი შესყიდვების შესახებ დოკუმენტაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იყო გადაგზავნილი. შესაბამისად, ეს კონკრეტული შესყიდვები აუდიტორებმა ვეღარ შეამოწმეს. სკანდალური დასკვნა ეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ, 2020-2021 წლებში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს.
ხარვეზები და ინტერესთა კონფლიქტი ტენდერებში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2020 წლის 7 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე. სატენდერო პირობებში წარმოდგენილი მოთხოვნის მიხედვით, პრეტენდენტს, მინიმუმ, ერთი სერვის-ცენტრი მაინც უნდა ჰქონოდა 5 კმ-ის რადიუსში.
„ამ შეზღუდვის გამო, ტენდერში მონაწილეობა არავის არ მიუღია, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. მოგვიანებით, როდესაც ტენდერის ხელმეორედ გამოცხადებისას, რადიუსად 7 კილომეტრი განისაზღვრა, ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა. 2021 წელს გამოცხადდა ტენდერი იმავე მომსახურებაზე, სადაც მდებარეობის დაშორების შეზღუდვა არ იყო მითითებული. შედეგად, ტენდერში ხუთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და შესყიდვა განხორციელდა კონკურენტულ პირობებში. შესაბამისად, სატენდერო პირობების არარაციონალურად ჩამოყალიბებამ გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში, ტენდერი არ შედგა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ტენდერი ჩატარდა არაკონკურენტულ გარემოში“.