notnews ganivi3 

    "კანონიერი ქურდები," ნარკოდანაშაული და კონტრაბანდა - ფაქტები, როგორ ებრძვიან სამართალდამცველები სამეგრელოში დანაშაულებრივ სამყაროს

    "კანონიერი ქურდები," ნარკოდანაშაული და კონტრაბანდა - ფაქტები, როგორ ებრძვიან სამართალდამცველები სამეგრელოში დანაშაულებრივ სამყაროს
    ავტორი / კრიმინალი

    ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი და მედიააქცენტები თემაზე, რომ „ქურდული მენტალიტეტის“ წინააღმდეგ არაფერი კეთდება და „შავი სამყარო“ ქვეყანაში თავს დაუსჯელად გრძნობს. სამართალდამცველი უწყებები ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციის საპირისპიროს ფაქტებით ამტკიცებენ.

    პირველ რიგში სამეგრელოს რეგიონით დავინტერესდით - რა ხდება სინამდვილეში ოკუპირებული აფხაზეთის მეზობელ რეგიონში. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ კრიმინალებთან პოლიციის ბრძოლა ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევია. შევეცდებით მკითხველს ობიექტური რეალობა, სწორედ სამეგრელოდან გავაცნოთ.

    რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სურათის შექმნა, რომ კრიმინალური ავტორიტეტების და ე.წ."კაი ბიჭების" გავლენების გაზრდის გარდა, ნარკოდანაშაულის ფაქტები მომატებულია და კონტრაბანდული სიგარეტი რეგიონში უკონტროლოდ შემოდის. ამ სურათის შექმნასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში აქტიურად გამოყენებულია ე.წ. "მხარე მედიასაშუალებები."

    ამავდროულად, გომელაურის უწყება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსური პოლიცია, თავის მხრივ საზოგადოებას მუდმივად, ინტერაქტიულ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ ებრძვიან დანაშაულებრივ სამყაროს.

    დასკვნები, ხომ არ ხდება მიზანმიმართულად, მტრულად განწყობილი ძალების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ადამიანებში ნიჰილიზმის შექმნა მკითხველს მივანდოთ. დასკვნებისთვის კი ვნახოთ, რა გზებით ებრძვიან სინამდვილეში სამართალდამცავები კონტრაბანდას, ნარკოდანაშაულსა და „კანონიერ ქურდებს“ სამეგრელოში - ფაქტები, რომლებიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

    სამეგრელოს რეგიონში პოლიციის მიერ ბოლო თვეებში დაკავებულია:

    ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ და ქურდული სამყაროს წევრებთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ჯგუფის 10 წევრი, ამ დანაშაულისთვის ძებნა გამოცხადდა 3 პირზე. მხოლოდ მაისში „კანონიერი ქურდობისა“ თუ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული პირების დაკავებისთვის სამართალდამცავებმა სამეგრელოში ორი სპეცოპერაცია ჩაატარეს.

    საპოლიციო უწყება ოფიციალურ განცხადებებში ხაზგასმით მუდმივად აცხადებს, რომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების, თუ „კანონიერ ქურდებთან“ დაახლოებული პირების გამოვლენა და დაკავება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში შეგვიძლია, სამეგრელოში ჩატარებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას გადავხედოთ.

    ასე, მაგალითად, 13 მაისს სამეგრელოში დაკავებული იქნა „კანონიერი ქურდი“ „რეზიკო ჯვარსკი“. ბრალდებული სამეგრელოს რეგიონში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოვიდა. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ.

    მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოში გამოძალვისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ერთი პირი იქნა დაკავებული. ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგიც გამართა, რომელზეც განაცხადა:

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ., „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.გ. და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი - 2001 წელს დაბადებული გ.გ., ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების - "მაგამედისა" და „ხაკიმის" სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის - თემური გვასალიას (მეტსახელად „თემურ სოხუმსკი“) დახმარებით, მოქალაქეს - 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

    სამართალდამცველებმა ა.გ. დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“.

    ივნისსა და ივლისში სამეგრელოს პოლიციამ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ და ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული კიდევ სხვა ორგანიზებული ჯგუფები გამოავლინა და მისი წევრები დააკავა.

    ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის შეფასებების გარდა, გარკვეული მედიასაშუალებები ამბობენ, რომ კონტრაბანდასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით სამეგრელოში სამართალდამცველები არაფერს აკეთებენ. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან, სადაც სამწუხაროდ, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, უაქციზო სიგარეტი შესაძლოა, მართლაც, შემოდის, მაგრამ ამაზე გომელაურის უწყების თანამშრომლები და სხვა ძალოვანებთან ერთად მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო სუს-თან და ფინანსური პოლიციის თანამშრომლობით ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებებით ამოღებულია 30 000 კოლოფამდე უაქციზო-კონტრაბანდული სიგარეტი.

    დაახლოებით ორი კვირის წინ, კერძოდ, 12 ივლისს, ზუგდიდში პოლიციის სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ამ სპეცოპერაციამ თითქმის ყველა ტელევიზიის ყურადღება მიიპყრო. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებდა, ჟურნალისტებმა საზოგადოებას ისიც აუწყეს, რომ სამართალდამცავებმა პარტიზანული მოძრაობა „ტყის ძმების“ ყოფილი ხელმძღვანელის, დავით შენგელიას ვაჟი დააკავეს. მოგვიანებით უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს.

    ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.“

    ცხადია, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა პოლიციამ დამნაშავე გამოავლინა. რამდენიმე თვის წინ, სამეგრელოში,

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, რომელსაც ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ,,ESCORT-2008-MAGNUM“-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.“

    ანალოგიური დანაშაულისთვის მიმდინარე წელს სამეგრელოში კიდევ ერთი პირი იქნა დაკავებული. სამეგრელოს პოლიციამ უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    საპოლიციო უწყების მიერ არაერთხელ გაცხადდა გზავნილი, რომ ისინი კრიმინალურ მენტალიტეტს საზოგადოებაში შეურიგებლად, უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან. დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლის შესახებ გომელაურის უწყებაში გუშინ კიდევ ერთი ბრიფინგი ჩატარდა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი კანონიერი ქურდის ძმა და კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა.

    ბრალდებულები, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, "კანონიერი ქურდების" დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამ სტატიაში სამეგრელოს, ერთი კონკრეტული რეგიონის ჭრილში გაგაცანით დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლის ფაქტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობითაც დავინტერესდებით.

    ავტორი

    HOTnews

    HOTnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.