notnews ganivi3 

    ქურდობების სერია, „ნაკოლშჩიკი“ მებუხრე და ობოლი გოგონა - როგორ გავიდნენ სამართალდამცავები ორგანიზებული ბანდის კვალზე

    ქურდობების სერია, „ნაკოლშჩიკი“ მებუხრე და ობოლი გოგონა - როგორ გავიდნენ სამართალდამცავები ორგანიზებული ბანდის კვალზე

    ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, ახალ საცხოვრებელ სახლში ბუხარი მოიწყოს. დღეს ბუხრის ოსტატები ბევრნი არიან, მაგრამ ადრე ასე არ იყო, ხელობა ცოტამ იცოდა და რაც მთავარია, კორპუსებში ბუხარს იშვიათად შეხვდებოდით, უფრო ძველ შენობებს ჰქონდა, თუმცა სოფლებში ბუხარი ჩვეულებრივმა, რკინის „ფეჩმა“ ჩაანაცვლა. ახლა კი ბუხარი ერთგვარი აუცილებელი ატრიბუტია და შინ, მაგალითად, მეხუთე თუ მეექვსე სართულზე, მწვადის შეწვა ნაკვერჩხალზე წარმოუდგენელი აღარ არის.

     

    ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ადრე ასე არ იყო-თქო. ბუხარი ვისაც სურდა (და ის, ძირითადად, შეძლებულ ჩინოვნიკებს სურდათ), ნორმალური ხელოსანი კარგა ხანს უნდა ეძებნა. იყო კიდეც ძალიაან, ძალიან კარგი ხელოსანი, მაგრამ ავარიაში მოჰყვა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა და ოთხწლიან სასჯელს იხდიდა. ამის მიუხედავად, ციხის ადმინისტრაციას გავლენიანი ჩინოვნიკები ხშირად მიმართავდნენ და ბუხრის ოსტატი ციხიდან ჩუმად გაჰყავდათ. ისიც, ხან 4 და ხან 5 დღეს სხვადასხვა ჩინოვნიკის ბინაში ცხოვრობდა, კარგს სვამდა, კარგს ჭამდა, ჯამაგირსაც იღებდა, შინაც აგზავნიდა და გაქცევაზე არც ფიქრობდა. თავად ციხის ადმინისტრაციამაც იცოდა, რომ ყველაზე უწყინაარი პატიმარი არსად გაიქცეოდა და ხშირად მეთვალყურესაც არ უტოვებდა. ბუხრის ოსტატი ჩინოვნიკების ცარიელ სახლში, როცა საქმეს მორჩებოდა, ტელეფონზე რეკავდა, წამიყვანეთ, დავასრულეო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ოფიციალურად აკრძალული გახლდათ, მაგრამ ჩინოვნიკები ერთმანეთს მარტივად უყვებოდნენ ასეთ ამბებს და ციხის ადმინისტრაციასთან ზარის განხორციელებაც არ იყო დიდი პრობლემა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ...

    მილიციის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა, წყნეთში, ერთ-ერთ სახლში ქურდობის დროს, მეპატრონეები დაბრუნდნენ და ქურდობა ყაჩაღობაში გადაიზარდა. თავდამსხმელებმა ბინის მეპატრონე და მისი დისშვილი, ახალგაზრდა გოგონა ლამის სასიკვდილოდ სცემეს. განსაკუთრებით მძიმედ მამაკაცი იყო, გოგო, ასე თუ ისე, მსუბუქად გადარჩა, თუმცა მისი დაკითხვა მხოლოდ მეოთხე დღეს მოხერხდა.

    „სახლში დათქმულზე ერთი საათით ადრე დავბრუნდით. თეატრში ვიყავით, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ბიძაჩემმა აღარ დამტოვა, წამოვედით. შინ კი ასეთი ამბავი დაგვხვდა. მეგონა, გული წამივიდოდა, რადგან დაახლოებით, ათი წლის წინ, ჩემი მშობლები სწორედ ყაჩაღობის დროს მოკლეს და ბიძასთან მას შემდეგ ვცხოვრობ. გული არ წამსვლია, წინააღმდეგობაც კი გავუწიე, მაგრამ თავში მძიმე საგანი მომხვდა. ბიძაც, როგორც ვიცი, მძიმე საგნით გათიშეს. სულ სამნი იყვნენ, იმ ორის არ ვიცი და მე რომელსაც ვეჩხუბებოდი, დაწვრილებით აღვწერ“, - თქვა გოგონამ.

    ძალოვნებისთვის ცხადი გახდა, კრიმინალები საქურდად იყვნენ შესულნი და ნიღბებიც ამიტომ არ ჰქონდათ, რაც ყველაზე საინტერესოა, მათ მთელი სახლი კი არ დააყენეს ყირაზე, არამედ, ზუსტად ის უჯრა და კარადა ჰქონდათ გაღებული, რომელშიც ძვირფასეულობა ინახებოდა. სამართალდამცავებმა ისიც გაიხსენს, რომ ეს უკვე მეათე თუ მეთორმეტე შემთხვევა იყო, როცა ქურდები ბინას ისე ასუფთავებდნენ, ზედმეტ მოძრაობას, პრაქტიკულად, არ აკეთებდნენ ანუ მათ ჰყავდათ ძალიან კარგი „ნაკოლშიკი“, მაგრამ ვინ? ერთადერთი, რაც ამ სახლებს აერთიანებდა, ის გახლდათ, რომ ყველას მფლობელი შეძლებული იყო და ყველგან კედელში ჩაშენებული გახლდათ... ბუხარი.

    გამომძიებლებმა ბუხრის ოსტატი მოიკითხეს და გაარკვიეს, რომ ყველა მათგანი ერთმა და იმავე ადამინმა გააკეთა და ის კაცი ისევ სასჯელს იხდიდა. ამიტომ, მისი დაკითხვა არ გასჭირვებიათ. მებუხრე, რომელიც ყველას უწყინარი პატიმარი ეგონა, მოულოდნელად, კრიმინალებისთვის საქმის მიმცემი აღმოჩნდა.

    „როცა პირველად წამიყვანეს ბუხრის გასაკეთებლად, ძალიან ბედნიერი ვიყავი. უკან რომ დავბრუნდი, საკანში მოვყევი, სამეფო ოჯახი იყო, ასეთი არასოდეს მინახავს-მეთქი. მესამე დღეს ერთი გამცოდილი კრიმინალი მოვიდა და მთხრა, შენი მისამართი ვიცი, ცოლ-შვილის სახელებიც ვიცი და თუ გინდა ცოცხლები დაგხვდნენ, ყველა სახლი, სადაც ბუხარს გააკეთებ, უნდა აღმიწერო, მისამართი უნდა მთხრა, სად რა დგას, სქემა უნდა დამიხაზოო. შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. მართალია, მაღალჩინოსნების სახლებს ვაკეთებდი, მაგრამ ამ კრიმინალმა მითხრა, რომ ჩამიშვა, შენ აქ მოგკლავენ და იმათ კიდევ გარეთო. ამიტომ, ვხაზავდი და ვუყვებოდი ყველაფერს, რაც შემეძლო. ის რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა და მეტი არაფერი ვიცი“, - ასეთი იყო მებუხრის მონაყოლი.

    ძალოვნებმა ეჭვმიტანილის სავარაუდო ადგილსამყოფელის დადგენა დაიწყეს და მალევე მიაგნეს. ის კიდევ ორ რეციდივისტთან ერთად, ქალაქგარეთ, პატარა სახლში ცხოვრობდა, ისეთში, რომელზეც იერიშის მიტანა დღისით ძნელი იქნებოდა. ამიტომ, დაღამებას დაელოდნენ და სპეცოპერაციაც ჩაატარეს. აყვანის დროს, ერთ-ერთი კრიმინალი შეიარაღებული გაწევის დროს მოკვდა, მეორე - დაიჭრა, მესამე კი უვნებელი ჩაუვარდათ ხელში. მთავარი იყო, რომ ბანდის მეთაური, რომელცი დაჭრილი გახლდათ, გადარჩებოდა და სწორედ მას უნდა დაედასტურებინა მებუხრის მონაყოლი. გადარჩენილი ის იყო, რომელსაც გოგონამ გაუმართა ბრძოლა და ის ამოცნობაზე წაიყვანეს. რაღა თქმა უნდა, გოგომ თავდამსხმელი მაშინვე ამოიცნო და შეუცდომლად დაადო ხელი, მერე კი მაგიდაზე დაყრილ სურათებს დახედა და გული წაუვიდა.

    ძალოვნებმა ჩათვალეს, რომ ის გადაიღალა და ყაჩაღთან შეხვედრამ ბოლო მოუღო, აზრზეც მალე მოიყვანეს და იქვე დივანზე წამოაწვინეს, თუმცა გოგომ მაგიდისკენ გაიწია, იქ დადებული სურათებიდან ერთ-ერთს ხელი დაადო და იკითხა - „ეს ვინ არის?!“

    „ეს ბანდის მეთაურია, ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი რეციდივისტი. სავარაუდოდ, ისიც გეცნოთ, თვალს მოკრავდით იმ დღეს, გონებამ კი ახლა აღიქვა და გულიც ამიტომ წაგივიდათ. დაჭრილია, საავადმყოფოში წევს, მაგრამ გადარჩება და გადავარჩენთ იმისთვის, რომ ციხეში ხანგრძლივი დროით გავუშვათ“, - უთხრა გამომძიებელმა და გოგონამაც თავი დააქნია.

    საქმე გახსნილი გახლდათ, დაკავებულთა ბუნაგიდან ძალოვნებმა, პრაქტიკულად, ყველა ბინიდან მოპარული ნივთები ამოიღეს და მფლობელებს დაუბრუნეს. საქმე სასამართლოზე უნდა გადაცემულიყო და მარტო ის გახლდათ გასარკვევი, რა როლი ექნებოდა საქმეში მებუხრეს და დაუმატებდნენ თუ არა სასჯელს. ამ დროს კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - საავადმყოფფოში მყოფ დაჭრილ კრიმინალს თავს მედდა დაესხა და დანით სამი ჭრილობა მიაყენა. ყვირილზე ბადრაგი შევარდა და... გამომძიებელი ადგილზე მალე მივიდა და პირველი რაც გააკეთა, მთავარ ექიმს მაგიდაზე მუშტი უბრახუნა, როგორ გაბედა შენმა თანამშრომელმა და დაჭრილს დანა როგორ დაარტყაო, რაზეც ექიმმა მიუგო, ეს გოგო ჩემი თანამშრომელი არ არის, პირველად ვხედავ, პალატაშ მედდის ხალათში გადაცმული შეიპარაო.

    გამომძიებელი მეორე ოთახში შევიდა, სადაც გოგონა ჰყავდათ დაკავებული და ხელში... სწორედ ის ქალიშვილი შერჩა, რომელიც ბინის ქურდების ბოლო მსხვერპლი იყო და რომელმაც დამნაშავე ამოიცნო. გამომძიებელმა გაოცებისგან პირი დააღო.

    „თქვენს მაგიდაზე დაყრილ სურათებს რომ დავხედე, ის პირი ვიცანი, ვინც ჩემი მშობლები დახოცა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ამის სახეს რა დამავიწყებს. გამომძიებლებსაც ვუყვებოდი, თუმცა არავინ მომისმინა, ბავშვია, ემოციებშიაო. და ამ კაცს ვეძებდი ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იყო, მაგრამ ვერ ვნახულობდი. ახლა კი ვიპოვე და მივხვდი, ეს ჩემი შანსი იყო. ძალიან დამწყდება გული, თუ ის გადარჩება“, - მშვიდად თქვა გოგონამ.

    იმის მიუხედავად რომ გოგო ამტკიცებდა, მშობლები სწორედ ამ კაცმა დამიხოცაო, დაკავებულს ვერაფერი დაუმტკიცეს, გარდა ბინების ქურდობისა. ის საქმე კვლავ გაუხსნელი დარჩა და მართალია, სერიულ ქურდობებსა და ყაჩაღობაზე დაკავებულებს 11-11 წელი ერგოთ, ისე გამოვიდა, რომ ბანდის მეთაურს რეალურად მკვლელობა შერჩა, თუმცა შერჩა კი? მას ციხიდან გამოსვლა აღარ ეწერა, რადგან ტუბერკულოზით სამ წელიწადში გარდაიცვალა. მებუხრეს რეალური სასჯელი არ დაუმატეს, პირობითი აკმარეს. ზუსტად ისევე, როგორც გოგონას, რომელსაც ეჭვმიტანილზე თავდასხმის გამო, სამწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრეს.

     

    „ვერსია“

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.