notnews ganivi3 

    „ჩემი მოკვლის ბრძანება პუტინმა გასცა,“ - ნავალნი რუსეთში ბრუნდება

    „ჩემი მოკვლის ბრძანება პუტინმა გასცა,“ - ნავალნი რუსეთში ბრუნდება

    ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობს, რუსეთში ბრუნდება. ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუქით გაავრცელა.

    ალექსეი ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით ნავალნი გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე კვირაში რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

    როგორც ნავალნი წერს, 17 იანვარს ავიაკომპანია პობედას რეისით დაბრუნდება. ოპოზიციონერის თქმით, დღევანდელი დილის ვარჯიშის შემდეგ მიხვდა, რომ ჯანმრთელადაა და სამშობლოში დაბრუნება შეუძლია.

    "დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი არასდროს მდგარა. უბრალოდ იმიტომ, რომ არასდროს წავსულვარ. მე მოვხვდი გერმანიაში. აქ რეანიმაციული ყუთით ჩამოვედი, ერთადერთი მიზეზის გამო: ჩემი მოკვლა სცადეს.

    გადავრჩი. ახლა კი პუტინი, რომელმაც გასცა ჩემი მოკვლის ბრძანება, თავის მოსამსახურეებს ეუბნება, ყველაფერი გააკეთონ, რათა მე ვერ დავბრუნდე. მოსამსახურეები მოქმედებენ როგორც ყოველთვის: ჩემ წინააღმდეგ ახალ საქმეებს თხზავენ. თუმცა რას აკეთებენ იქ, დიდად არ მაინტერესებს. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი — ჩემი ქალაქი. მენატრებიან", — წერს ოპოზიციონერი.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.