notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    გუბაზს სანიკიძე მიხეილ სააკაშვილთან კიევში გამართული შეხვედრის უცნობ დეტალებს ჰყვება - ექსკლუზიური ინტერვიუ

    გუბაზს სანიკიძე მიხეილ სააკაშვილთან კიევში გამართული შეხვედრის უცნობ დეტალებს ჰყვება - ექსკლუზიური ინტერვიუ

    ამ დღეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია კიევში, მიხეილ სააკაშვილთან „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლების - გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის ვიზიტმა. „ჰოთნიუსმა“ ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ გუბაზ სანიკიძესთან, რომელიც შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა საჭირო და ნაყოფიერი აღმოჩნდა:

    - ვისაუბრეთ იმაზე, რას ფიქრობს სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, ანუ როგორ უნდა გაგრძელდეს, რა უნდა იყოს ოპოზიციაში, ოპოზიციურ სპექტრში. მასაც ჰქონდა კითხვები, რადგან საქართველოში არაა ფიზიკურად და ბუნებრივია, მე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, ვიდრე - მას. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ინფორმაციის გარეშეა . საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკება იყო, სამდღიანი რაუნდებით, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. არის საკითხები, რომელზეც შემიძლია, ვისაუბრო და არის დახარული საკითხები. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია და ალბათ, ისიც დაადასტურებს, რომ ის აბსოლუტურად ღიაა, უპირობოდ მომხრეა ოპოზიციური გაერთიანების. ძალიან მონდომებულია და შეიძლება, ამის ინიციატორიც გახდეს. სრული მზადყოფნა აქვს, მიიღოს განსხვავებული მოსაზრებები და ამაზე დაიწყოს კონსულტაციები მთლიანად ოპოზიციაში. საინტერესო და საჭირო იყო ეს შეხვედრა პირადად ჩემთვისა და ბატონი მიხეილისთვისაც.

    - რას გულისხმობთ, როცა დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაზე საუბრობთ? გამოდის, განურჩევლად პოლიტიკური ღირებულებისა და ვექტორისა, ყველა პარტიას ერთ პლატფორმაზე გიხილავთ?

    აქ საუბარი საარჩევნო გაერთიანებაზე კი არა, არამედ, მოქმედების კოორდინაციაზეა. იმდენი ქნა დიდმა ბიძინამ, რომ მთელი ოპოზიცია გაერთიანების პირამდე მიიყვანა. ამას ძალიან დიდი ნიჭი სჭირდებოდა და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე დიდი ნიჭი აქვს, გაიჩინოს მტრები, მეგობრები აქციოს მტრებად. აქ არაა საუბარი დიდ შერიგებაზე, აქაა საუბარი მორიგებაზე, რომ იქნებ, ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რადგან ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ანტიქართულია თავის შინაარსით.

    - სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი თუ დადგა შეხვედრაზე, ანუ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას?

    - რა თქმა უნდა, აპირებს ჩამოსვლას და საქართველოში ცხოვრებას.

    - და როდის აპირებს ?

    - ამაზე რთულია საუბარი, მასაც არ აქვს ამაზე პასუხი და ვერც ექნება, ვითარება განსაზღვრავს მის მოქმედებას.

    თუ ოპოზიციის წამოწყებული აქციები გამწვავდება, შესაძლებელია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ჩამოვიდეს?

    - რაც უნდა გაგიკვირდეთ, მიხეილ სააკაშვილი იმოქმედებს იმის მიხედვით, რას ჩაიდენს ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვის პოლიტიკურ სიტუაციაში არჩევანს აკეთებს ხელისუფლება და ოპოზიციაზეა არადანი.

    - თქვენ რა გადაწყვეტილება მიიღეთ შეხვედრის შემდეგ, შესაძლებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყაროთ კენჭი არჩევნებში?

    - ჩემო კარგო, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი და ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა დღეს. ამაზე საუბარი არაკორექტულიც იქნებოდა მისი და ჩემი მხრიდანაც. მას ძალიან კარგად ესმის, რომ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოახერხებს ხელისუფლების დემონტაჟს ისე, როგორც სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ გარეშე, ოპოზიცია ვერაფერს გახდება.

    - მაინც რა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდით თქვენ და მიხეილ სააკაშვილი?

    - კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ არის, მაგრამ საით უნდა წავიდეს ქვეყანა, 2020 რომ მოსაგებია და ივანიშვილი ხელისუფლებიდანაა გასაშვები, ცხადზე უცხადესია. ძალიან მაინტერესებდა მისი მოსაზრება, რა ხდება დასავლეთში, რას ფიქრობენ ამერიკელები, ევროპელები, რადგან სააკაშვილს გაცილებით მეტი საშუალება და ინფორმაცია აქვს და თქვა ის, რასაც მე ვამბობ - დასავლეთი მოიქცევა ისე, როგორც მოიქცევა ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი თუ კრინტს არ დაძრავს და შეეგუება ამ ხიხოს მმართველობას, მაშინ არაფერი იქნება. ხოლო თუ წინააღმდეგობის გაწევის უნარი გვაქვს და ჩვენი მომავლის გამოჭედვაზე ჩვენ თვითონ ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა, დასვალეთისგან სერიოზული მხარდაჭერა გვექნება.

    - ვადამდელი არჩევნები თუ რჩება თქვენი და სააკაშვილის მთავარ მოთხოვნად?

    - სააკაშვილი ფიქრობს და მეც ვეთანხმები, რომ ნებისმიერი საარჩევნო კანონმდებლობით შეიძლება ამ ხელისუფლების დამარცხება და მაგალითად მან გაიხსენა 2012 წელი. ამიტომ ვნახოთ, ვადამდელი იქნება თუ არა. ივანიშვილს რა დაესიზმრება ამაღამ და მისი მუცლითმეზღაპრეები და კუდიანები რასაც ეტყვიან, იმის მიხედვით იქნება.

    - ბატონო გუბაზ, თქვენი გეგმის მთავარი შემადგენელი ქუჩის აქციები იქნება?

    - დიახ, აქციები არის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ თვითონ სააკაშვილი თვლის, რომ ეს ყველა ვარიანტში უნდა მოხდეს არჩევნებით.

    - როგორ აფასებთ „ოცნების“ დღევანდელ ინიციატივას მაჟორიტარულ კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით?

    - ალბათ, ოპოზიციაშიც ნაკლებად იციან და დარწმუნებული ვარ, რომ კახი კალაძემაც არ იცის, რომ რის შესახებაც მან დღეს განცხადება გააკეთა, არის ირანული მოდელი და აგიხსნით, ეს რას ნიშნავს: ირანში არსებობს სასულიერო პირების კრებული, რომელსაც ჰქვია ე.წ. ექსპერტთა საბჭო, რომელიც არჩევნებამდე არჩევს კანდიდატებს ყველა პოლიტიკური პარტიიდან და აძლევს უფლებას, კენჭი იყაროს თუ - არა. ვულოცავ სრულიად საქართველოს, დღეს სახელისუფლებო პარტიამ გამოგვიცხადა, რომ გადავდივართ ირანულ მოდელზე. ტიპიური გაჭრილი ვაშლია, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არ იციან იმიტომ, რომ უწიგნურ ხალხთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს ტიპიური ირანული მოდელია. გამოვიდა მდინარაძე და თქვა, ვინც ღირსეული კანდიდატი იქნებაო. უღირსი ხალხი ღირსებაზე არ უნდა ლაპარაკობდეს. შეფასების კრიტერიუმია საინტერესო, ე.ი ჩვენ უნდა ჩავდგეთ რიგში და მივიდეთ „ქართულ ოცნებასთან“ და ვთხოვოთ: „მაყრევინე რა კენჭი, „ქართულო ოცნებავ“, რა?“- ჰგონიათ, ამით განხეთქილებას შიტანენ ოპოზიციაში. არ გამოუვათ, ვერ შეიტანენ, რადგან არავინ მათ არ ენდობათ. ვთქვათ, გაფუჭდა ადამიანი და გაჰყვა ამაზე, მერე რომ გადააგდოს? ამხელა გადაგდებების ფონზე წვრილ-წვრილ გადაგდებებს რა უდგას წინ? მითუმეტეს დღეს გავარკვიეთ, რომ ჩვენ გვყავს შეშაპარია პოლიცია და ბიძინა ივანიშვილი ხალხს პარავს შეშას ზამთარში. ჰგონიათ, რომ შესცივდება ქართველ ხალხს და აღარ გამოვა ქუჩაში. ასეთ პრიმიტივთან, ერთუჯრედიანთან გვაქვს საქმე.

    - ისე, ბატონო გუბაზ, შეიძლება ბანალური დეტალია, მაგრამ ზამთარი და სიცივე მართლაც ხომ მოქმედებს აქციებზე?

    - ვთქვათ, ოპოზიციამ გამოვაცხადეთ მორატორიუმი და აღარ გამოვდივართ ქუჩაში, პირიქით, ვაქებთ და ვადიდებთ ბიძინას, გამოსწორდება ქართველი ხალხის მდგომარეობა? - არა. მორჩა და გათავდა!

    - როცა თქვენი და სააკაშვილის შეხვედრის კადრები გავრცელდა, საზოგადოების ნაწილმა გაგაკრიტიკათ. თქვენი და სააკაშვილის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რადგან თქვენ სააკაშვილის ხელისუფლებას მძაფრად უპირისპირდებოდით...

    - მე ძალიან პატიოსნად ვასრულებ პოლიტიკოსის მოვალეობას, ჩუმად ხომ არ ჩავპარულვარ, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი იპარება ხოლმე?! გვარებს არ დავასახელებ. მე ვარ პატიოსანი ქართულ საზოგადოებასთან, ვთქვი, რომ ვაპირებდი შეხვედრას, ჩავედი და ჩავერთე კიდეც იქიდან, მგონი, ეს ღირსებაზე მეტყველებს. ბიძინა ივანიშვილს მოკითხეთ, მე და მიხეილ სააკაშვილი რომ ერთმანეთს ველაპარაკებით!

    ესაუბრა თათია გოჩაძე

      

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.