notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ თავმდჯდომარე ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“ -ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი ელისაშვილის ლელოს წინააღმდეგ ბრალდებებს მოჰყვა. დაპირისპირება ფიზიკურ დაპირეისპირებამდე მივიდა. 

    ლანჩხუთში, დაახლოებით 17:00 საათზე, შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა. სამწუხაროდ 60 წლამდე ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.

    კინორეჟისორი გოგა ხაინდარავა გია გაჩეჩილაძის მიერ დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ყოფილმა პოლიტიკოსმა სააკაშვილთან გარიგების შესახებ ისაუბრა:

    „ძალიან გაკვირვებული ვარ იმით რაც წავიკითხე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გია გაჩეჩილაძეს არანაირი კავშირი ჩვენს გადაწყვეტილებებთან არ ჰქონდა. ის არ იყო საბჭოს წევრი, არ მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში. თვითონ ვის ხვდებოდა და რა ურთიერთობები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, ეს მისი საქმეა, მაგრამ იპოდრომის აქციებთან დაკავშირებით რაც მან მოყვა აბსოლუტური მარაზმია მარტივი მიზეზის გამო. ინაუგურაცია დილის 9 საათზე იყო დანიშნული და იპოდრომის აქცია დღის 12 საათზე.

     აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ ჩაშლიდა იპოდრომის აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციას. ასეთი ამოცანა ჩვენს წინაშე არ იდგა. ყოველთვის ვერიდებოდით და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია. სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან წინააღმდეგობის 7-წლიანი ისტორია იმაზე იყო დაფუძნებული, რომ ჩვენ არასოდეს ძალადობაზე და ამ ტიპის ქმედებაზე არ გადავსულვართ. ამით განვსხვავდებით დღევანდელი ჭაობისგან, შალიკოს ფანჩატურისგან და სააკაშვილისგან.

     აქედან გამომდინარე, ის რაზეც გია გაჩეჩილაძე საუბრობს, სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. რასაც ლაპარაკობს, თვითონ აუხსნას საზოგადოებას.

     არ ვიცი რა დაესიზმრა გია გაჩეჩილაძეს, მაგრამ არანაირი კავშირი რეალობასთან ამას არ აქვს. სხვათა შორის მითქმა-მოთქმა მაშინაც მაგისგან წამოვიდა. დაუფიქრებლად რაღაცას, რომ დააბრეხვებ მერე როგორც წესი შენ ახლობლებს ხვდება და ამიტომ იყო, რომ ლევან გაჩეჩილაძეს მთელი ამ წლების განმავლობაში ღმერთმა იცის რა პრეტენზიებს არ უყენებდნენ როგორც ლიდერს ჩვენი მოძრაობის და პრეზიდენტობის კანდიდატს.

     ეროვნულ საბჭოს და ეროვნული საბჭოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს თავი გაანებოს.

     საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია. თან ამ საკითხის ასეთი კუთხით ჩვენება… თვითონ რას ეძებს არ ვიცი. თავის გახსენება მოინდომა ალბათ… მას ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ არ დაშლას?! “

    CNN-ის ინფორმაციით, მელანია ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის პირველი მეუღლე გახდა, ვინც თავისი შემცვლელი თეთრ სახლში ჩაის ცერემონიაზე არ დაპატიჟა.

    ეს ცერემონია თეთრი სახლის გადაცემის სიმბოლური აქტია და პირველი ლედის ერთ-ერთ მოვალეობად ითვლება .ტელეარხის ცნობით, შეხვედრის დროს, პირველი ლედი მომავალ შემცვლელს საპრეზიდენტო რეზიდენციას აცნობს. ათწლეულების განმავლობაში ამ ცერემონიას ყველა პირველი ლედი მართავდა, იმის მიუხედავად თუ რამდენად განსხვავდებოდა მოქმედი და მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკური შეხედულებები. 

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

    ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტრი, ნიკა ანთიძე, გელათში დღეს უამინდობის გამო შექმნილი ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

    ყველას გილოცავთ ნათლისღებას!!!
    ვინაიდან გუშინ უხვი ნალექი მოვიდა გელათში, ადგილზე ვარ გუშინდელიდანვე. ჩემი ზედამხდეველობით მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია, ხერვეზების იდენთიფიცირება და გამოსწორება. გელათზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეიცვალა, ამავე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. ახალი კომპანიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს სრულად დააფინანსებს დაჯარიმებული კომპანია.
    ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს დროებითი სახურავი ჩამოინგრა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

     

    პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ძირითად პროცესს აფერხებს;

    "ოპოზიცია აფერხებს ძირითადად პროცესს. "ქართულ ოცნებას" არ უნდა მოლაპარაკება, რადგან არ უნდა დათმობა საარჩევნო სისტემის. რატომ უნდა დათმოს? არ ურჩევნია, რომ ასეთი ჭუჭყიანი არჩევნები ატაროს? იმ ბრძოლის, იმ ბოიკოტის შედეგი იყო, რომ უკან დაიხია, მაგრამ ახლა აწყობს ოპოზიცია იყოს ასეთ გაბუტულ რეჟიმში.

    ოპოზიციის ერთი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ხვდება რას აკეთებს. ჩვენთვის მიზანი იყო ის, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელსაც ვითხოვდით, გამოგვეგლიჯა „ოცნებისთვის“ ხელიდან. ვიღაცებისთვის ოპოზიციური ერთობა, უბრალოდ ცხოვრების წესია, ჩვენ ასე არ ვხედავთ ამას. ბოდიში, რომ სხვანაირად ვაზროვნებთ და განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს,"

    თბილისის ზოოპარკი მოქალაქეებს სთხოვს, რომ საახალწლო ჩიჩილაკები ან ბუნებრივი ნაძვის ხეები არ გადაყარონ და ცხოველების გასართობად ზოოპარკს გადასცენ:

    "თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა - ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.

    ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში"

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, ზ.ო.-მ და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, ვ.ტ. კლინიკაში გარდაიცვალა.

    პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, ჯერ სამი პირი, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავა.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1993 წელს დაბადებული ფ.მ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.
    დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს: 1999 წელს დაბადებულ გ.შ.-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს „TV პირველის" კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოვლინდა.
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 143 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
    გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 679 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

     

    Please publish modules in offcanvas position.