notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    თინა ხიდაშელი უკვე რამდენიმე დღეა კოვიდინფექციას ებრძვის. მისი მდგომარეობა გაუარესდა, რის შესახებაც  ხიდაშელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა:

    „ამ უმძიმეს დღეს მადლობას გიხდით ყველა ზარისთვის და შეტყობინებისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ ვპასუხობ. დღეს უფრო უარესად ვარ ვიდრე გუშინ და გუშინწინ და ძალიან მიჭირს საუბარი. იმედია მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას“

     „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობასთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მისი მერობის პერიოდიც გაიხსენა:

    „მინდა, ქედი მოვიხარო ჩემი მეგობრების მიმართ, რომლებიც სამ თვეზე მეტია, ყოველდღიურად იბრძვიან, თან რისთვის იბრძვიან კარვისთვის, რომ კარავში ისხდნენ. რა არის კარავი, ცოდვა გამხელილი სჯობს, თავის დროზე, როცა მერი ვიყავი, ეგ სისუსტე მეც მქონდა. რაღაც მომენტში მეც მივხვდი, რომ უბრალოდ ქარის წისქვილებს ვებრძოდი. სისულელეა, ამახინჯებს ქალაქს, გასავლელი არ არის, ბიგ-ბენის გვერდზე დგას უამრავი ასეთი კარავი და არამგონია, იქ რამე მახინჯდებოდეს.

    ამიტომ მე ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვაპირებ დავრჩე, რადგან თავდასხმის საფრთხე ამ უგუნურებისგან ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველ პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად ჩაერთვება ამ ფერხულში. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანიც. დღეს კრიტიკული ღამეა, როგორც კი ხალხი შემცირდება, შეიძლება ღამე ტურებივით მოგვეპარონ და ფეხქვეშ გათელონ კონსტიტუცია“

    საპარალამენტო უმრავლესობის წევრი, თეა წულუკიანი, სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:
     
    „სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.
    ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.
    რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ.
    სწორედ ამგვარი უსამართლო "რჩევები", დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი.
    მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!“

    პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში ოპოზიციას და დღეს განვითარებულ მოვლენებს  ეხმაურება:

    #ენმ დალაგდით გრუ-ს სპეცნაზთან? თუმცა რა მიკვირს,გრუს დაკვეთის შემსრულებლები 90იანებში,ტოპ სიაში გვყავთ პარტიის,გრუს შექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთი ბობოლა,ტვ დამფუძნებლად და სხვა მრავალი პუტჩისტები სატელიტ პარტიებში.ეგ არის სიმართლე სამწუხაროდ.

    პარლამენტის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი, სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:

    ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფრი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!

     

    უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაკავებას:
     
    საქართველო უნიკალური კულტურით მდიდარი, უძველესი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, თუმცა გაუთავებელმა ომებმა, ოკუპაციამ სახელმწიფოებრივობის შეგრძნება დაგვიქვეითა და დაგვავიწყა, რომ “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთნოდეს"!
    ჩვენი თავის მართვას მაშინ შევძლებთ, როდესაც თითოეული მოქალაქე გაითავისებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
    ამ ანბანურ ჭეშმარიტებაზე არის დაფუძნებული განვითარებული ევროპული სახელმწიფოები და თუკი ჩვენ, მუდმივი არეულობის, კანონის ფეხქვეშ გათელვის მცდელობებში ვიქნებით, ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია ძალიან გაგვირთულდება.
    საბედნიეროდ, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დადგა და კანონი ისე აღასრულა, რომ არავინ დაშავებულა. სახელმწიფო მაქსიმალურ ჰუმანიზმს იჩენდა ბრალდებული მელიასადმი, მელია კი ყველაფერს აკეთებდა საკუთარი თავის დასაჭერად. მისი დაკავებისასაც კი, როდესაც მეორე მხარეს პროვოკაცია და ძალადობა იგეგმებოდა, პოლიციამ პროპორციული ძალის გამოყენებით, მაქსიმალურად ჰუმანურად უზრუნველყო კანონის აღსრულება. სწორედ ჰუმანიზმი და ეს ხელწერაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ გუნდის წევრი გავხდი
     
     

    თავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსლეში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:
     
    ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება:
    პირველ რიგში - არ ვეხები ბრალდებულის დამნაშავეობა - უდანაშაულობის საკითხს. ვეხები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს, რასაც სამართლებრივად არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის მიმართ საბოლოო განაჩენთან.
    სულ რომ თავი დავანებოთ პატიმრობის აღსრულების, ანუ დაკავების ფორმას, შეუძლებელია პროცესის ბოლო ნაწილი (პატიმრობის აღსრულება) იყოს სამართლებრივად გამართული მაშინ, როცა აღსრულებამდე მთლიან პროცესში იყო არაერთი კითხვის ნიშანი. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების შესახებ რაიმე სმენია და ვინც კარგად იცნობს ამ მხრივ პრაქტიკას.
    ვიწროდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილად კანონის ნორმების განმარტება, ასეთ საქმეზე, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის დამღუპველი იყო და ამის შედეგებს მომდევნო დღეები უკეთ დაგვანახებს, თუ უკვე ვერ ვხედავთ.
    დიახ, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. მაგრამ ეს ნორმა ცალკე მდგომად ვერ იქნება განხილული იმიტომ რომ, ნებისმიერ აღკვეთის ღონისძიებას (იქნება ეს პატიმრობა თუ გირაო) პირველ რიგში სჭირდება საფუძველი - ანუ, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც კი, როცა ბრალდებული გირაოს ვერ/არ გადაიხდის, მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, პროკურატურამ/სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს ამ ბრალდებულის მიმართ ისევ არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ანუ, მარტივად შეიძლებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული, განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.
    გარდა ამისა, კანონი არ განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებების იერარქიას. არავინ იცის რომელი აღკვეთის ღონისძიებაა უფრო მკაცრი ან ნაკლებად მკაცრი. ამის გამოა, რომ ხშირად სასამართლო ბრალდებულს, რომელიც გირაოს პირობებს არღვევს, პატიმრობას კი არა პირად თავდებობას ან სხვა არასაპატიმრო აღკვეთს უფარდებს.
    შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ პატიმრობა კანონის ერთადერთი მოთხოვნა იყო და სხვა გზა არ იყო, იმთავითვე მცდარი იყო.
    რაც შეეხება პატიმრობის აღსრულებას, ანუ დაკავებას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია აღსრულება გამართულად შეფასდეს, როცა აღსრულებამდე პროცესში უამრავი კითხვის ნიშანი იყო როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის და სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით.
    ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ცვლილების საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მისი თითოეული რგოლის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა. იმედია, როცა პოლიტიკური ქარცეცხლი გადაივლის, ყველა ერთად დავფიქრდებით მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის კომპლექსური (და არა ფრაგმენტული) ფუნდამენტური და რეალური რეფორმირების აუცილებლობაზე.
    და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“. არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან.
     
     
    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკანორ მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს.
    სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.
    საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს.
    შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალური ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
     

    ვიდეო, სადაც ასახულია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი თუ როგორ ისვრის მყარ საგანს პოლიციის მიმართულებით, რა დროსაც დაზიანდა იქვე მყოფი მოქალაქის ფოტოტექნიკა.
     
     

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:
     
    „საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით ბრუტალურად, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავჯდომარე და ლიდერი.
    მე მინდა, გვესმოდეს თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობაზე, რატომ ებრძვის ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას, რატომ იყენებს ამისთვის ყველაფერს, რათა ეს პარტია გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს - ეს არის მთავარი ძალა,
    რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელშიც შეიყვანა ივანიშვილმა.
    ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის და უბედურების ამ მძიმე ხვედრისგან.
    ახლა გერმანიამ კომბოსტოს ამკრეფავებად უნდა წაიყვანოს 100 000-მდე ქართველი. სხვა ქვეყნებმაც შეიძლება გასცეს იგივე მოწვევა და ივანიშვილიც სიამოვნებით უყიდის უფასოდ ბილეთებს ცალმხრივი მიმართულებით და მისი მმართველობის წლებში საქართველო დატოვა 900 000-ზე მეტმა ადამიანმა.
    აი ეს არის მათი გეგმა ქვეყანა დაიცალოს და ბოლომდე განადგურდეს - ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი და ეს არის ის, რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს!
    ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლის ყველანაირი პოლიტიკური მეთოდის გამოყენება,
    ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის და საზოგადოების დაცვა,
    ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე და ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული!
     
     

    23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიული მოქმედებების შედეგად შეტევა აღკვეთა.
    გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    Please publish modules in offcanvas position.