პარტია „ქართული ოცნება“ მის სერვერზე განხორციელებული შეტევის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული.
თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ, ჟურნალისტებთან დღევანდელი ნიკა მელიას დაკავების შესახებ გააკეთა კომენტარი:
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემლობას იწვევს. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ყველაზე დიდი პრობლემაა ეს არის რადიკალიზმი, რაც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად, გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. არასწორია, თითქოს, ჩვენ ამ გზას გადავუხვიეთ. მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება, სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა“
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართლადამცველებმა წაიღეს და სერვერები, რომელშიც პარტიისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია იყო ჩაწერილი. ამის შესახებ პირველი კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროდან imedinews-სთან გააკეთეს:
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ამოღებულია სერვერები“
დაკავების შემდეგ ადვოკატები ნიკა მელიას ეძებდნენ. ცოტა ხნის წინ გაარკვიეს, რომ ის რუსთავის სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში იმყოფება. ის აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფორმალური წესების გავლის შემდგომ გადაიყვანეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი ყველა სამართლებრივ პროცედურას გამოიყენებენ მისი სიმართლის დასამტკიცებლად.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელი სპეცოპერაციის შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ დღეს დამტკიცდა ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფო ვართ. მან ასევე გომელაურს გადაუხადა მადლობა:
„დღეს გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და პოლიცია. მინდა ბატონ გომელაურს და პოლიციას საჯაროდ გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და სტაბილურობა. ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, ქვეყნის გავლილი ისტორია და წინა მთავრობაც შეაფასა:
მისივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაერთი შეცდომაა დაშვებული. „განვლილი წლები ჩვენი ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ნაწილია - უამრავი კარგი მოვლენის, მიღწევის, ფასდაუდებელი გამოცდილების გამო, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი შეცდომაც დავუშვით ბოლო 29 წლის განმავლობაში. ამის შედეგებს დღეს ვიმკით. არსებობენ შიდა და გარე მტრები. ბევრი რამ, ზოგი - გამოუცდელობით, ზოგიც - უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, სამწუხაროდ, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ზვიად გამსახურდიას დევნით თუ მისი მკვლელობით შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პრეცედენტი, თავიდან ვერ ავიცილეთ ძმათა მკვლელი ომები. საკუთარი ხელით გავანადგურეთ ჩვენივე ინდუსტრია, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა. შედეგად კი, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე განადგურება. რა თქმა უნდა, უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებით. ამან კიდევ უფრო გაართულა დიპლომატიის გზით, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა. 2011 წელს, პოლიტიკურ ველზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, მან შეძლო ის, რაც ყველას წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა - გააერთიანა მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის განვითარების გეზის არსებითად შესაცვლელად, ქვეყნის აღმშენებლობის დასაწყებად. რა თქმა უნდა, უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ, ხელის ერთი მოსმით ვერ შეიცვლებოდა. 2012 წლის არჩევნებზე, ხალხის გამარჯვების პირველი ხელშესახები შედეგი იყო დევნისა და წამებისგან გათავისუფლება“
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევებში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას. რადიკალიზმი, დესტრუქციულობა დღევანდელ რეალობაში პოლიტიკად საღდება, ხოლო ძალადობა – გმირობად:
„სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფო ძალების გარკვეულ წრეებში ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ უკმაყოფილობის განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, მათივე მონაწილეობით ქვეყანაში შეიქმნა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას თუ რისთვის სჭირდებათ მათ საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება“,
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს:
„სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათში“