notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით მარნეულში ადგილობრივებმა სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის მამაკაცი, მისი 21 წლის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილია. ცხედრებს ამ დროისთვის რუსთავში ექსპერტიზა უტარდება. 

    ოჯახი საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობდნენ და ამ სახლში დროიებით იყვნენ შესახლებული. საცხოვრებელ ბინაში არ იყო დამონტაჟებული გაზი და ისინი თბებოდნენ დენის გამათბობლით, ამიტომ გაზით გარდაცვალება მეზობლებმა გამორიცხეს. ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

    შსს-მ გამოძიება დაიწყო 240 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც  უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

    ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს  გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის რეაქცია, რომელსაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პირბადის გაკეთება ავიწყდება.

     ინტერნეტში ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა და ყველა ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი რამ ყველას ერთხელ მაინც მოგვსლია.

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნისა და სამგორის რაიონებში მცხოვრებ 41 ოჯახს შეხვდა, რომელსაც წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონების პრობლემა ჰქონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.მერის განცხადებით აღნიშნული ტიპის პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

     „დღეს 41 ოჯახს, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, გადაეცა საცხოვრებელი ფართები. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. წინასაარჩევნო დაპირება იყო და ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. მოხარული ვარ, რომ ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ. ყველამ ნახა, რამხელა სიხარული იყო. მინდა, მივმართო ყველა იმ ოჯახს, ვისაც ანალოგიური, წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებს, მიმართონ რაიონულ გამგეობებს, სადაც მათ ზედმიწევნით აუხსნიან, რა დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი იმისთვის, რომ შემდეგში მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც, წლებია, ცხოვრობენ. მათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

     პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 1 500-დე ოჯახია დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შესული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.

     

    დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე 25 პირი დააკავეს.
    არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
    სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
    ყველა დაკავებული გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გათავისუფლდა.

    პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ, არჩევნების გაყალბების შესახებ „ფორმულასთან“ გააკეთა კომენტარი:

    „ჩვენ დღესაც დიალოგის მომხრენი ვართ. ვეუბნებით, აგერ ბატონო მაგიდა, დასხედით და არჩევნებზე რომ გაიძახით გაყალბდაო, დაამტკიცეთ. გვეუბნებიან, როგორ, ფაქტებიო... ბიჭოო, ვეუბნები, თუ გული გულობს, ფარაონების სიკვდილის მიზეზს ადგენენ 3 000 წლის წინ და შენ რატომ არ გინდა სამართლებრივი გზით იარო? იციან ერთი რამე, პოლიტიკურ ველზე ერთმა პარტიამ, მე ამ პარტიას დესტრუქტორ პარტიას ვეძახი, მთლიანად შთანთქა ოპოზიციური ველი. ჩვენ გვინდოდა, ოპოზიციაში გამოჩენილიყვნენ ახალი ძალები და 8 პარტიას გავუღეთ კარები, მაგრამ იმათ თავის მომავალზე უარი თქვეს და მთლიანად შეერთნენ ნაციონალურ მოძრაობასთან“

    პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ ადა მარშანია ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიოსი სოციალურ ქსელში წერს:

    „ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“.

    მისი თქმით ამის მიზეზი პოზიციათა სულ უფრიო მზარდი განსხვავებებია. 

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ მღერიან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი მომხრეები. შეგახსნეებთ, რომ პარტიის მხარდამჭერები ნიკა მელიას დასაცად არიან შეკრებილები და მის დაჭერას ეწინააღმდეგებიან. ამის გამო ისინი ოფისში ღამესაც ათენებენ.

    აშშ-ს საელჩომ საქართველოში ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს შესახებ განცხადება გაავრცელა და ყველას თავშეკავებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა:
     
    ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ისეთ ქმედებას ან რიტორიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, რათა გაამყაროს ერთგულება დემოკრატიული, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ თავისუფალი სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის უზრუნველყოფით.
    შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად.
     
     

    პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, ნიკა მელიას დაჭერის შესახებ კომენტარს აკეთებს:

    „ქართული ოცნების ყველა ეს ქმედება იყო დესტრუქციული და არათანმიმდევრული, რადგან ჩვენი შესვლის პირობა, რაზეც ვთქვით, რომ სხვა პარტიებსაც შემოვიყვანდით პარლამენტში, არ ჯდებოდა არანაირ წითელ ხაზებში, მაგრამ როდესაც გაიაზრეს, რომ ჩვენ შეიძლება მართლა შეგვეყვანა ეს ხალხი, იმისთვის, რომ ეს შეუძლებელი გამხდარიყო, გააგრძელეს სისხლის სამართლის საქმე და პატიმრობა შეუფარდეს ნიკა მელიას, აქედან გამომდინარე, ქართულმა ოცნებამ შეგნებულად ჩაშალა ეს პროცესი“

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოვლინდა.
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 96 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
    გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 328 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
     
     

    Please publish modules in offcanvas position.