notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც სექსულაური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის, განცხადებით ამის გამო მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.  

    "ძალიან ცუდად გრძნობს თავს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს. უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. ვთხოვე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს. მას აქვს დიაბეტი, ასევე ცოტა ხნის წინ გაიკეთა გულის შუნტირება. ყველაფერი გავაკეთე მის გადასარწმუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. ვესაუბრე მის მეუღლესაც, რომ იქნებ მათ მიაწვდინონ ხმა და სცადონ გადარწმუნება," - აცხადებს ვალერი გელბახიანი „რუსთავი 2“-თან.

    კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის განცხადებას უპასუხა:

    „ანიტა რაჭველიშვილმა და ლაშა ბუღაძემ უნდა ილაპარაკონ ის, რასაც ფიქრობენ. მათი განცხადებები ჩემს ერთ კონკრეტულ ეთერს არ მოჰყოლია. ეს პროცესი იქამდე დაიწყო. ხანდახან ყველას გვიჭირს საქმისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან განსხვავება. ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა მწვავე განცხადება. მისი მაგალითი რომ ავიღოთ, ის არის უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანი, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ისაა ხელმოცარული. მან თავი ჩემს კოლეგად შემომთავაზა. თავის რეალურ და ნამდვილ პროფესიაში ის ნამდვილად შეუდარებელია. ასევეა ქალბატონი ანიტაც. ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამInstagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც „ციხეში ჩასვა“. ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ან - უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ. ეს არც დასაძრახია, არც - შემაშფოთებელი. ეს ნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა - არა. თუ შენ ამ დონის ხელოვანი ხარ და ქართველებს ეუბნები, რომ ვიღაც მინისტრი არ მომწონს და ჩემს შემოქმედებას არ გაზიარებ, ეს მინიმუმ, დასანანია. მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება“

    გადაცემა პროფილის ბოლო გადაცემა დღეს, 25 მარტს, 22:00 საათზე ბოლოჯერ გავა.

    "მე დღეს აქ, ამ არხზე, ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ, ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ, დღეს ბოლო პროფილია" - ამბობს მაია ასათიანი პრომო ვიდეოში.

     

    ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში გააკეთა კომენტარი:

    „მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის. იმედია მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება - გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“,

    "ქართულ ოცნებასა" და "გირჩს" შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე განმარტავს, საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გააკეთა კომენტარი:

    "დიახ, ძირითადად მე ველაპარაკები, თუმცა არა მხოლოდ. პიროვნულად კარგი ხალხი ჩანს, თუმცა ისეთებს ლაპარაკობენ, სამივე არანორმალურია იდეოლოგიურად, ამიტომ შეთანხმების მიღწევა და საერთო ენის გამონახვა ცოტა ჭირს"

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით წითელი ხაზია იმ არჩევნების გადახაზვა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც წარმატებული და დემოკრატიული:

    „ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა იყოს შედეგიანი და არ უნდა იყოს პრინციპების ხარჯზე. მაგალითად, წითელი ხაზი არის ის, რომ არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ, ეუთო/ოდირმა, ჩვენმა მეგობრებმა აშშ-ში, ევროკავშირში ცნეს, როგორც ცალსახად წარმატებული, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული, გადავხაზოთ, რადგან შედეგები არ მოსწონთ ოპოზიციურ პარტიებს და ხელახლა ვატაროთ არჩევნები, რაც არის სასაცილოა“

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე გაკეთებული შეფასებების შესახებ გააკეთა კომენტარი:

    „მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ჯორჯ კენტს გაკეთებული სამართლიანი და ობიექტური შეფასებებისთვის. ეს შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ წერტილი დაესვა აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისმწამებლურ სპეკულაციებს, რომლებიც გვესმოდა ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომლებიც იყო დასახელებული სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ“

    შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - აქბარ ყასემი ალიაბადთან.
    შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
     
     

    პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებებს გამოეხმაურა და დაამატა, რომ პოლიტიკური კრიზისის არსებობა ქვეყანაში ყველას დანაშაულია:

    „შეუთანხმებლობა და პოლიტიკური კრიზისი რომ არის, ყველას ბრალია, ვინც იქ ვსხედვართ. მეც დავიბრალებ, მეც ვარ ამაში დამნაშავე. ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს და თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა - როდემდე შეიძლება გაგრძელდეს კრიზისი კი არა, გაჯიუტება?! ზოგი თავისი სიტყვის, ზოგი თავისი ამბიციების მძევალია, ზოგს სხვა იდეები აქვს თავში. ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ვინმე ზარალდება ქვეყანა და ხალხია, მათ რეალურ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ. ხუთი თვეა იმაზე ვსაუბრობთ, ვინ შევა პარლამენტში და ვინ - არა“

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილების მიღება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული:

    "ზოგადად, კომენდანტის საათი არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუციაზე. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის.

    რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი, აპრილი, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ ძალიან კარგი იმედით, ხოლო მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში იგივე კომენდანტის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ და განიხილოს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მოწოდება მაინც არის იმ რეკომენდაციების დაცვა, რაზეც ვსაუბრობთ"

    Please publish modules in offcanvas position.