notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    კასპში, ქვის საამქროში შეიარაღებულ პირს 2 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომლებიც სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სამართალდამცველი საამქროს მფლობელია და მან მძევლად საწარმოს მუშები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს.

     

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა:

    „რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება, ის იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული, გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად, რომ ყველას უფლება დაცული ყოფილიყო და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, ასევე რამდენიმე დღის უკან, მან მოგვმართა განცხადებით, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ეს ფაქტიც რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“

    „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მიმართა:

    „მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს პარტიის თავმჯდომარედ წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერ- მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური საბჭოს, ამ პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას გიხდით ყრილობის დელეგატებს და ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს ჩემთვის გამოცხადებული ესოდენ მაღალი ნდობისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად. ჩვენ გაერთიანებული ვართ ,,ქართული ოცნების“ გარშემო. ,,ქართული ოცნება“ ალბათ სამ მთავარ რამეში გამოიხატება: პირველი, ეს არის ერთიანი საქართველო - ერთიანი ფიზიკურად და სულიერად. ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით. სულიერად ერთიანი საქართველო , სადაც ადამიანებს არ ჰყოფს სიძულვილი, არამედ ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს. ჩვენი ქართული ოცნება საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით , ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით - საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო. სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. გასული წლების მანძილზე, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება. ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ. დღეს, როდესაც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰყავს ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პროგრესული საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი, ღირსეული ლიდერები და წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე იქნას მიყვანილი ის საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო - ეს არის ჩვენი ქვეყნის გარდაქმნა მთელი თავისი არსით ევროპულ სახელმწიფოდ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები , რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წეავრობაზე. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ 2021 წელს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. ერთად დავდგეთ საქართველოს წარმატებისთვის“ 

    „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ახალ თავჯდომარეზე ისაუბრა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუმცა, თუკი იმ გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა:

    „ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს - ამის ძალა შესწევს !ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, პირველ რიგში ჩემი, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და გუნდის სხვა ლიდერების სახით, გვერდში დავუდგებით მას და მაქსიმალურად დავეხმარებით იმ მძიმე ტვირთის ტარებაში, რასაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა აკისრებს.

    თავის მხრივ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს.

    ყველანი ერთად შევძლებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას!

    წინ დიდი გამარჯვებები გველის, გამარჯვებები რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მოიპოვებს! წარმატებას ვუსურვებ ირაკლის“

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

    ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

    თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

    ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.

    სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

    მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

    „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც ცოტა ხნის წინ პარტიის ყრილობაზე აირჩიეს, უკვე ცნობილია.

    „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში იქნებიან: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

    პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა, რომელიც პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს.

    შეგახსნებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა 11 იანვარს წარადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

    საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

    შეგახსენებთ რომ „ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ და ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

     

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა.
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
    გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 712 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული გ.გ.

    დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილი არიან კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს.

    ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა.

    ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

     

    Please publish modules in offcanvas position.