notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოლების უსაფრთხოდ გახსნის საკითხიც განიხილებოდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ და განიხილავდნენ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვისთვის.

    „შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, –  განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ.

    ცოტა ხნის წინ საიტ entrepreneur- ზე გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა როგორიც მის ქველმოქმედებაზე ასევე პოლიტიკიდან მისი წასვლის გადაწყვეტილების შესახებ:

    „პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესახებ ჩემს განცხადებაში ვრცლად უკვე ვისაუბრე და რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას. მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, პრივილეგიები, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი.

    იმავდროულად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ მსურს, დავაკნინო პოლიტიკოსის პროფესია. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობის სფეროა. ამ წლების განმავლობაში ბევრ პოლიტიკოსთან მომიწია ურთიერთობა, როგორც ჩვენს გუნდში, ისე საერთაშორისო მასშტაბით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობაზე უაღრესად დადებითი აზრის ვარ. ნებისმიერ, მათ შორის, პოლიტიკოსის პროფესიას, თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს და სამოტივაციო ნაწილი ახლავს, ­­ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ჯანსაღი ამბიცია, სწორი მიმართულებით ატაროს ქვეყანა, კარიერული წინსვლის პერსპექტივა, ნორმალური ანაზღაურება, ბოლოსდაბოლოს. ეს სრულიად ნორმალური სამოტივაციო ნაწილია ნებისმიერ პროფესიაში და პოლიტიკა ვერ იქნება და არც უნდა იყოს გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკოსი ვერ იქნება წარმატებული. მაჩანჩალა კი, არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას. უბრალოდ, მე სხვა ვითარება და სხვა სასტარტო პოზიციები, სხვა მოტივაცია მქონდა პოლიტიკაში შემოსვლის დროს და ყველაფერი ზემოთ ნახსენები ჩემი ინტერესის სფეროს ბუნებრივად არ წარმოადგენდა. თავს ვალდებულად ვთვლიდი, მომეხადა ვალი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რაც პოლიტიკაში ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ განვაცხადე წინასწარ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და პოლიტიკაში დარჩენას ხანგრძლივად არ ვაპირებდი. როგორც კი მისია შესრულებულად ჩავთვალე, საბოლოოდ გავეცალე პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შემობრუნება მომიწია, რაც ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო ნაკარნახევი. თავს უფლებას ვერ მივცემდი, ბოლომდე არ მიმეყვანა საქმე და მშვიდად გამეგრძელებინა კერძო ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტალურად მაქვს ახსნილი ახლახან გამოქვეყნებულ წერილში და თქვენი მკითხველი რომ არ გადავღალოთ, დღეს ამით შემოვიფარგლები.“

    "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა. განცხადება კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

    „პარტიის ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყრილობა აირჩევს ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა“

    საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით გარდაიცვალა ლეგენდარული დავით ხახალეიშვილი:

    ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

     

    ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ასე ეხმაურება:

    „რატომ წავიდა?...ვისთან წავიდა?...რისთვის წავიდა?...სადამდე წავიდა?...როდემდე წავიდა?... სად წავიდა?... (ა ლა ნოდარ მელაძე)“

     

     ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ჯგუფისა და ადგილობრივი არჩევნების შესახებ ისაუბრა:

    „გვესმის, რომ დღეს საზოგადოების ყურადღება მთლიანად მიმართულია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებისკენ, თუმცა გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება - „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი. ამ ვითარებაში, პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა. კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით - გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა. ამასთან, ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“ 

    "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს როგორც ერთადერთი გროსმაისტერი შემოვიდა და მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები ერთ წელიწადში დაამარცხა:

    "ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები, რომლებიც, მაშინდელი ოპოზიციის სრული უსუსურობის გამო, ძალიან ბევრს უძლეველი პოლიტიკოსები ეგონა. ეს კომპლექსი მოძალადეებს დღემდე გამოყვათ და სწორედ ამიტომ იყო ბიძინა ივანიშვილი მათი სიცრუის მანქანის მთავარი სამიზნე მთელი ამ წლების მანძილზე.

    თუმცა, მან საზოგადოებას აჩვენა იმის მაგალითი, რომ სიმართლე აუცილებლად იმარჯვებს სიცრუესა და ბოროტებაზე. პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო. სწორედ ამ სულისკვეთებით შეიტანა მან დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და დაამკვიდრა ახალი კონსტიტუციური წესრიგი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის სერიოზული გამოწვევა როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ისე ქვეყნისთვისაც.

    ბიძინა ივანიშვილი იყო სტაბილურობის უმთავრესი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ახლა, როდესაც მან მიიღო პოლიტიკის საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადმოდის გუნდზე და თითოეულ ჩვენგანზე, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე. სწორედ ამ საქმის დაგვირგვინება იქნება საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რაზეც ოფიციალურ განაცხადს ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით 2024 წელს შეიტანს," 

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს: საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილს​ა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებუბლების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

    შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენებს კი - ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.

    „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, 16:00 საათზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.  პოლიტსაბჭოს წევრები პარტიის შემდგომი განვითარების გეგმებზე იმსჯელებენ.

    ცოტა ხნის წინ  გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე შენარჩუნდება:

    „ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს. ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. დღესაც, ხვალაც ჩემს მოადგილეებს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აქვთ სამუშაო შეხვედრები არასასურსათო ვაჭრობასთან, ბაზრობებთან ექნებათ შეხვედრები და ჩვენ ამ დარჩენილ დროში, რაც პირველ თებერვლამდე დარჩა, უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული“

    Please publish modules in offcanvas position.