notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    საპატრიარქოს საზოაგადოებასთან უერთიერთობის სამსახურმა ცოტა ხნის წინ ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს გამოაქვეყნა:

    "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო:

    „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი" (ფს. 81.6)

    უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება.

    ბუნებრივია, ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთის რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე.

    საზომისამებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განღმრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა.

    ადამმა და ევამ, გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა, უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო, ედემიდან განიდევნენ და სამოთხის გარეთ ცხოვრება დაიწყეს.

    მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთის ნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელობით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამათმთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმიდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხნელის მოვლინების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა.

    დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო!

    როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა?

    მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით, საყოველთაო აღწერისთვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი.

    ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად (მთ.2.3). მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ, მისი წარმოდგენით, ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში თოთხმეტი ათასი ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა.

    განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა.

    რა იყო ამის მიზეზი?

    პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნიდა სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას.

    უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით, ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული.

    მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დასძლევდა ამ სოფლის მბრძანებელთა სიბოროტესა და მზაკვრობას და მათდამი შიშს; რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას ჰპოვებდნენ მასში.

    და რატომ დაიბადა იგი ამ დროს?

    მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმისა დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთა ცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები: იოანე ნათლისმცემელი, თორმეტი მოციქული, სამოცდაათი მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდომოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, სამი ათასი და შემდეგ ხუთი ათასი ებრაელი, ერთ დღეს რომ მოინათლნენ...

    ღვთის შეწევნით, ამქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგვთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს.

    დიდება და მადლობა შენდა უფალო ძალთაო, ყოვლისა მპყრობელო, დიდება და მადლობა თქვენდა, ყოველნო წმინდანო ღვთისანნო!

    შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ.

    უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს.

    შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი.

    როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოს არაფერმა, მითუმეტეს, ჩვენმა ამქვეყნიურმა წარმატებამ, - ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1პეტრე 3,4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“. თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი.

    ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის შთანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო.

    „ღმერთი სულია და მისდამი თაყვანისმცემელთ სულთა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (იოანე 4, 24) - ბრძანებს სახარება.

    ეს არის უმთავრესი, - საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა.

    დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.

    ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს.

    ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვის, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა.

    ასე რომ, ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწრთვნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.

    ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან" (სიბრ. ზირ. 38,9-10). ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა.

    ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო - ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში.

    ყოველწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება.

    „ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს... ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსცხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე“.

    განვიხაროთ ჩვენც და შევძლოთ, ჩვენი ცხოვრებით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

    სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

    ილია II

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

    7 იანვარი, 2021 წელი".

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

    "30 წელია რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია. საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად. გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტმა შეძლო თავისი ძლიერების და გამძლეობის დადასტურება. საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად"

     

    პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია, თუმცა, მას კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჯერ არ მოსვლია.

    მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცისანა შარტავა საშობაო ეპისტოლეს დაგვიანებასაც შორენა თეთრუაშვილის ავადმყოფობას უკავშირებს და აცხადებს, რომ შეფერხება, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

    „ვინც მასთან კონტაქტში იმყოფებოდა ყველა ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, - აცხადებს პატრიარქის პირადი ექიმი.

     

    დონალდ ტრამპი პირველ კომენტარს აკეთებს მას შემდეგ, რაც ცოტა სენატმა ამერიკის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად გააფორმა. მისი განცხადებით, სენატის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასრულებას:

    "მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები მხარს მიმაგრებს, 20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი/დისციპლინირებული გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენს ბრძოლაში გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" - თქვა მან.

     

    ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ოკამთან ევაკუატორი დაიწვა. აალების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები, რომლებმაც ცეცხლი ჩააქრეს.

     

     

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ცნობილი ბალერინას ნინო ანანიაშვილის გადაწყევტილებას აფასებს:

    "ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილება მიუღებელია. ჩვენთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, რომლის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლეა ნინო ანანიაშვილი, რომელიც 2 წლის წინ შეიძლებოდა პირველი ლედიც გამხდარიყო, მისი ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ნებისიერი პატრიოტისთვის, რომლისთვისაც სულერთი არაა ის, რომ რუსეთის რეჟიმს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, თუნდაც სახელოვნებო მიმართულებით იქ მოღვაწეობა, მიუღებელი და სამწუხაროა. ყველა ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ მისთვის შეუფერებელია. " 

    კონგრესმა ამერიკის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად გააფორმა. სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.

    ვერმონტის სამი საარჩევნო ხმის დათვლამ ბაიდენს და არჩეული ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე გადაჭარბების საშუალება მისცა, რაც პრეზიდენტობის მოსაპოვებლად არსებული ბარიერია. სენატმა და პალატამ უარი თქვეს ბაიდენისთვის ჯორჯიისა და პენსილვანიის საარჩევნო ხმების გაუქმებაზე. რესპუბლიკელებმა ასევე გააპროტესტეს არიზონას, ნევადას და მიჩიგანის საარჩევნო ხმები, მაგრამ წინადადებები დებატებამდეც არ მისულა.

    სხდომა დღეს დილით, კაპიტოლიუმში შეჭრილი ტრამპის მხარდამჭერების გაყვანის შემდეგ განახლდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს.
    აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.
    ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.
    აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ „სახელოსნოს“ მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
    მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.
    აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.
    შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

    ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით.

    ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 235 491-ს.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 223 695-მდე.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა.

    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 106, შიდა ქართლი - 107, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 916, აჭარაში - 353, იმერეთში - 732. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში - 87, იმერეთში - 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 13, იმერეთში - 31. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 - თბილისში, 455 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 4 436 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

    საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 159, აჭარაში - 47, ხოლო იმერეთში - 64.

    სულ 6 ოქტომბრიდან - 6 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 290 პირი.

    ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 404 პირი, აჭარაში - 2 052, იმერეთში - 2 473.

    დეკანოზი თამაზ ლომიძე პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

    „შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა. ახლა მჯერა, რომ ღმერთი გვსჯის. ნამდვილად გვსჯის და კიდევ უარესად დაგვსჯის იქამდე, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან. ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს. შობა თენდება და მეტს არ ვიტყვი. ღმერთმა გაუნათოს ამათ გონებ
    ა“, – წერს დეკანოზი სოცქსელში.

    Please publish modules in offcanvas position.