notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში “ნაციონალურ მოძრაობის” ირგვლივ ატეხილ სკანდალს ეხმაურება და პარტიის წევრებს მხილებით ემუქრება: 


    ფაზლები დალაგდა. ახლა უკვე ვხვდები გადამწყვეტ მომენტში რატომ ორთქლდებოდა ყველა, ვინც მნიშვნელოვანი იყო მიშას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შინაური და ძალიან შინაური, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ტელეფონებს რომ აღარ იღებდნენ.

    განა არ ვიცოდი, უბრალოდ ასეთი გულისამრევიც არ მეგონა რეალობა.

    აუცილებლად მოვყვები სახელებით და გვარებით როგორ გაიპარნენ ბრძოლის ველიდან ეს სამარცხვინოები და როგორ გამომიცხადეს რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არააო მიშას შიმშილობის 30-ე დღეს! ეს უსირცხვილო "კასირები" ესენი.

    ვითომ გამოძიებები რომ დაიწყეს ქვეყნის გადარჩენის მოტივებით და სინამდვილეში მიშას ბრძოლიდან რომ გაიძურწნენ!

    ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ გამყიდველები და კომფორმისტები (ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, ამ პარტიაში ბევრი ღირსეული და იდეალების ერთგული ადამიანიცაა) რომლებმაც მიშა სააკაშვილი თვეში სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს. ფულში და კარგ ცხოვრებაში!

    ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ორიენტირებულმა ოპოზიციამ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე უარი დავით კეზერაშვილისა და მათ ბანაკში მყოფი ბევრი ოლიგარქის გამო დაიხია.

    ამ თემზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა. „მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მხარეს არ არიან ოლიგარქები, რადიკალურ ოპოზიციაში კი მრავლად არიან ოლიგარქები წარმოდგენილები. ერთ-ერთია კეზერაშვილი, ასევე არის ჭუტა, ასევე არის ხაზარაძე, ჯაფარიძე და სხვები. ისინი მრავლად არიან რადიკალური ოპოზიციის მხარეს წარმოდგენილი და აქედან გამომიდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მათ ასეთი კანონის მიღება არ აწყობთ.

    მთლიანობაში, კეზერაშვილს, ასევე სააკაშვილს და სხვებს აქვთ მჭიდრო კოორდინაცია არახამიასთან. ეს დაფარული არ არის, ყველამ იცის. არახამიაც არის ამ საერთო კოორდინაციის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს კონკრეტული ინტერესები და ეს ინტერესები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს. ისინი არიან ერთ მუშტად შეკრულები ამ ინტერესის გარშემო, თუმცა, ვფიქრობ, მათი მიზნების აღსრულებას არ უწერია კარგი პერსპექტივა“, - განაცხადა კობახიძემ

     

    "იმედი"

    დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ უკრაინის გვერდით. ამის შესახებ მან CNN-თან ისაუბრა:

    "ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ მის ყალბ მუქარას. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების დაწესება რუსეთზე და უკრაინელების მხარდაჭერა"

    პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით პუტინი რეჟიმი დასუსტდა და რუსი დათვი დაჭრილია, რაც ძალადობასა და აგრესიას გაზრდის:

    "პუტინის რეჟიმი სუსტდება, ამიტომ ის კონფლიქტის გამწვავებაზე მიდის და შესაძლოა, უახლოეს მომავალში აგრესიის ესკალაცია ვიხილოთ. რუსი დათვი დაჭრილია და სამწუხაროდ, გამორიცხული არაა და უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს მომავალში ძალადობის, ესკალაციისა და რუსული აგრესიის ახალი ტალღები დაიწყება.
    ეს არ ცვლის ფაქტს, რომ პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად სუსტდება. შეჭრის დასაწყისიდანვე მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ ირცხვენს თავს რუსული არმია. გასული ეპოქის ნახევრად გაცვეთილი აღჭურვილობა, ბრძოლის ველზე მიტოვებული ტანკები, ტყვედ ჩაბარებული სამხედროები, რომლებიც დააჯერეს, თითქოს სამხედრო წვრთნაზე მიდიოდნენ და ამის შესახებ დღეს ღიად საუბრობენ"

    შიდა ქართლში არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით  მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის ბაბუაა. მას უკვე წარედგინა ბრალდება და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)  დღეს ჯვართამაღლების წინა კვირას სამებიოს ტაძარში იქადაგა: 

    „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი!

    ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება ჯვართამაღლების წინა კვირა. ჯვართამაღლება იმდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომ მას წინ უძღვის კვირა დღე და მის შემდგომაც არის კვირა დღე, რომელთა შინაარსიც ეძღვნება ჯვართამაღლებას.

    და აი, დღევანდელი კვირა დღე არის, როგორც მომზადება ჯვართამაღლებისთვის, როგორც წინა დღესასწაული და ამ დღისთვის შერჩეულია წმინდა სახარება, სადაც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ „არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ზეცაში“. აი, ასეთი საოცარი სიტყვებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, ნიკოდიმოსს, რომელსაც იესო ქრისტე ესაუბრება, ბოლომდე არ ესმის, იმდენად საიდუმლოა ეს, საიდუმლოს შეიცავს ეს სიტყვები, ვინაიდან ნიკოდიმოსისთვის ახალი აღთქმის ისტორია მხოლოდ ახლა იწყება.

    ამიტომ უფალი იესო ქრისტე განაგრძობს მასთან საუბარს და უკვე ისეთი შედარება მოჰყავს, რომელიც ნიკოდიმოსს ესმის, მისთვის გასაგებია. იგი ამბობს, რომ როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასე უნდა აღიმართოს ძე კაცისა. მოსემ როგორ აღმართა გველი უდაბნოში, ეს ამბავი ყველა ებრაელს ახსოვდა.

    როდესაც ებრაელებმა მორიგი დრტვინვა და უკმაყოფილება გამოავლინეს მოსესადმი, თვით ღვთისადმიც, მაშინ ღმერთმა სასჯელის სახით ებრაელებს მოუვლინა შხამიანი გველები. თქვენც გახსოვთ ეს ისტორია. გველები კბენდნენ ხალხს და მათი ნაკბენებისგან მრავალი იხოცებოდა. შემდეგ ხალხი მივიდა მოსესთან, შეინანა და უთხრა: „გვაპატიე, მოსე, რომ გისაყვედურეთ შენც და ღმერთსაც, ახლა ილოცე და ევედრე უფალს, რომ მოგვაშოროს ეს გველები“. მართლაც, მოსე ილოცებს და ღმერთი ეტყვის მას, რომ სპილენძისგან დაემზადებინა გველი, აღემართა ის ძელზე და ყოველი დაკბენილი ადამიანი, ვინც შეხედავდა ამ გველს, მაშინვე განიკურნებოდა.

    აი, ამ ამბავს იხსენებს უფალი იესო ქრისტე. რა თქმა უნდა, ეს ებრაელთა ისტორიულ მეხსიერებაში იყო ჩაბეჭდილი. წარმოიდგინეთ, რომ არის გარდაუვალი სიკვდილი და მხოლოდ ერთი შეხედვა, ერთი მზერის მიპყრობა ამ სპილენძის გველზე და შენ უმალვე იკურნები. ეს, რა თქმა უნდა, ახსოვდათ ებრაელებს. ეს შედარება მოჰყავს უფალ იესო ქრისტეს და განმარტავს, რომ როგორც მოსემ აღმართა გველი, ისე უნდა აღიმართოს ძე კაცისა. აქ, რა თქმა უნდა, საუბრობს სხვა ამაღლებაზე, მის ჯვარცმასა და ჯვარზე ამაღლებაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე.

    რატომ აკეთებს ასეთ შედარებას მოსეს მიერ აღმართული გველისა ქრისტეს ჯვართან? - ვინაიდან ეს სპილენძის გველი იყო ძველაღთქმისეული წინასახე ქრისტეს ჯვრისა, ქრისტეს ჯვარცმისა. როგორც უფალი შეეწია ებრაელებს და ნაკბენისგან იკურნებოდნენ გველზე შეხედვით, ასევე უფალმა იესო ქრისტემ ჯვარზე მიალურსმა ჩვენი ცოდვები, გამოგვიხსნა, გამოგვისყიდა ჩვენ და მოგვანიჭა თავისუფლება ცოდვისგან, სიკვდილისგან და მოგვანიჭა მარადიული სიცოცხლე.

    აი, ასეთი საოცარი შედარება მოჰყავს უფალს. შემდეგ ისევ აგრძელებს თხრობას და მაინც არ განმარტავს, ვინ არის ძე კაცისა, მაგრამ უკვე საუბრობს ძე ღმერთზე და ამბობს, რომ „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა სოფელი ესე, რომ ძე თვისი მხოლოდშობილი მისცა მას, რომ ყოველი მისი მორწმუნე არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო“. აი, აქედან ჩანს, რომ უფალი ზრუნავს ყოველ ჩვენგანზე, ზრუნავს, რომ არცერთი ჩვენგანი არ დაიღუპოს, არ დაიღუპოს ურწმუნოებით, არ დაიღუპოს ქრისტეს არცოდნით, არამედ მოიპოვოს ცხოვრება საუკუნო.

    ამრიგად, ძმებო და დებო, დღევანდელი სახარება ჩვენ გვესაუბრება საუკუნო სიცოცხლეზე, ქრისტეს ზეციდან ჩამოსვლაზე, ჯვარცმაზე, ზეცად აღსვლასა და სარწმუნოების მნიშვნელობაზე, ვინაიდან მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მარადიული სიცოცხლის მოპოვება, მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა განჭვრიტოს, როგორ გარდამოვიდა ზეცით ძე ღვთისა, როგორ განკაცდა; მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მიხვდეს ადამიანი, თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ პირადად ყოველი ჩვენგანისთვის და მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა გამოასწროს თავისი ცოდვები და შეუდგეს მადლიან სულიერ ცხოვრებას.

    როგორც მოგახსენეთ, ნიკოდიმოსს ეს ყველაფერი ბოლომდე არ ესმოდა, მაგრამ უფალი მაინც ესაუბრება ამ დიდ საიდუმლოებებზე, ვინაიდან ეს არის სიტყვა ღვთისა. იესო ქრისტეს სიტყვა - ეს არის სიტყვა ჭეშმარიტებისა. იგი არის ჭეშმარიტება, მიუხედავად იმისა, გვესმის ჩვენ ეს თუ არა, გვაქვს თუ არა შესაბამისი სულიერი გამოცდილება.

    ამიტომ, ძმანო და დანო, შეიძლება ჩვენც არ გვესმის დღეს ბოლომდე ეს საიდუმლოებები, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი, მაინც უნდა დავიმახსოვროთ, მაინც უნდა ვისწავლოთ, ვინაიდან თუ ჩვენ ასე ვიღვაწებთ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენც მთელი გულით ვიტყვით წმინდა პავლე მოციქულთან ერთად, რომლის ეპისტოლეც იყო დღეს წაკითხული სამოციქულოში და ეს სიტყვებიც იყო წაკითხული, რომ „ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე, გარდა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა“, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

    დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩვენ ვლოცავთ ბელქანიების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

    ჩვენთან არს ღმერთი!“

    ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში - ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გულითადად გილოცავთ ახალ წელს - როშ ჰაშანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქ გვერდზე წერს.

     როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ამაყობს.

     „ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ვამაყობთ. ებრაული თემის ყოველდღიური შრომა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ძმობას.

    ამიტომ, თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სიხარულია. ვუერთდები თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - აღნიშნავს პრემიერი.

    კრემლში განიხილავენ შესაძლებლობას უკრაინის ომისთვის მობილიზაცია გაუწიონ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ პირებს, არამედ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მცხოვრებთაც - ამის შესახებ მედიასაშუალება Medusa-ს აცნობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ.

    ამ პირის ცნობით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან შესაძლოა იძულებით გაიწვიონ რამდენიმე ათასი ადამიანი.

    კრაინის მედია უკვე იტყობინებოდა ომში ცხინვალის რეგიონიდან სამხედროების მონაწილეობაზე. მარტში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საკონტრაქტო სამხედროებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს და შინ დაბრუნდნენ.

    პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ომისთვის და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის ღია ნაწილშიც არ არის განსაზღვრული პარამეტრები, რომლითაც "ნაწილობრივი" გაწვევა დადგინდება. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთ პროცენტს შეადგენს.

     

    რადიო თავისუფლება 

    უკრაინა ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს ჩატარებას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო "ტვიტერში" წერს, რომ მიზეზი რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაა.

    "უკრაინამ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართული ყალბი რეფერენდუმების შესახებ. რუსეთი პასუხისმგებელია გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შემდგომ მცდელობებზე", - წერს ოლეგ ნიკოლენკო.

    უკრაინის ოთხ რეგიონში, რომლებიც ნაწილობრივ მოსკოვის მიერაა ოკუპირებული ტარდება ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე - კენჭისყრას ყალბს უწოდებენ უკრაინა, დასავლეთი და გაერო, რადგან ის საერთაშორისო სამართლით უკანონოა.

    ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ადგილებში მიმდინარე კენჭისყრის ფონია ევროპაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კენჭისყრა წინააღმდეგობაში მოდის გაეროს ქარტიასთან. ვრცელდება რამდენიმე ადგილობრივი ოფიციალური პირის სიტყვები, რომ ამომრჩევლებს ემუქრებიან, და მათზე ზეწოლა ხორციელდება.

    კენჭისყრას არ ჰყავს საერთაშორისო დამკვირვებლები, ადგილები ომის გამო დატოვა ბევრმა მცხოვრებმა. ეს ოთხი რეგიონი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს.

    25 სექტემბერს ქუთაისში +23 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ, ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    იწვიმებს ფოთშიც, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. აქ დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

    მესტიაშიც, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც უმეტესად უნალექო დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

    უმეტესად უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +18, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსი და უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

    გორშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. +21 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი.

    გუდაურში დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +9, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

    გურჯაანში უმეტესად უნალექო დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +22 გრადუსი და უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.