notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ  სულთმოფენობიდან მეექვსე კვირას სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა:

    "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, დღეს წაკითხული სახარება იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი სულისთვის, რომ ეს ეპიზოდი წელიწადში ორჯერ იკითხება ეკლესიებში – დიდმარხვასა და აი, დღეს, სულთმოფენობიდან მეექვსე კვირას. მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ პარალიზებული ადამიანის სასწაულებრივი განკურნების შესახებ, რომელიც მისმა ოთხმა მეგობარმა მოიყვანა და მწოლიარე იყო სარეცელზე, საწოლზე მწოლიარე მდგომარეობაში მოიყვანეს უფალთან. და უფალი იესო ქრისტეს მას ასეთ სიტყვებს ეტყვის: "შვილო, ნუ გეშინია, გეპატიება შენი ცოდვები. შენ შეგიძლია, ადგე და გაიარო".

    ასეთი სახარებაა, რომელიც ბევრ რამეზე გვაფიქრებს ჩვენ. ამ ადამიანს არ შეეძლო არც რწმენის გამოხატვა, არც საუბარი, საერთოდ, არაფერი უთქვამს მას, არც სინანულის გამოხატვა, არაფერი, მაგრამ აი, ეს რწმენა ჰქონდა მის ოთხ მეგობარს. და სახარება ამბობს, რომ უფალმა იხილა რა ეს სარწმუნოება მათი, ასე განკურნა ეს ადამიანი. მათ ჰქონდათ რწმენა იესო ქრისტესი, რწმენა მისი მაკურნებელი ძალისა და ამიტომაც მოჰყავთ იგი ქრისტესთან.

    მაგრამ მარტო რწმენა ვერ იზამდა ამ სასწაულს. რწმენასთან ერთად, ამ მეგობრებს ჰქონდათ დიდი სიყვარული ამ თავისი სნეული მეგობრისა, ძალიან უყვარდათ იგი. როგორც ჩანს, იგი იყო განსაკუთრებით მოსიყვარულე თავადაც და ძვირფასი ადამიანი, სანამ ჯანმრთელი იყო, მოასწრო და დათესა მათ გულებში დიდი სიყვარული და ერთგულება, რამაც აიძულა ისინი, ასე ემოქმედათ. ე.ი. ასეთი რწმენა და სიყვარული იხილა უფალმა.

    აქედან, დღევანდელი სახარებიდან, პირველი დასკვნა ის არის ჩვენთვის, რომ ჩვენ შეიძლება ვევედროთ უფალს ადამიანთა გასაჭირის გამო, სნეულებათა გამო, განსაცდელთა გამო და უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ჩვენ გვაქვს საკმარისი რწმენა, მიუხედავად იმისა, ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ, ახერხებს თუ არა უფალთან მოსვლას, გამოთქვამს თუ არა ამ სურვილს. შეიძლება ვერც გამოთქვამს და ვერც კი ხვდება იმას, რომ ჩვენ შეიძლება მას დავეხმაროთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვექნება ასეთი სარწმუნოება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. მაგრამ ამის პირობა არის სიყვარულიც, რომელიც აქ გამოვლინდა, რომ ჩვენში უნდა დათესოს ასეთმა გაჭირვებულმა ადამიანმა სიყვარული, რომ ჩვენც ასე ვიმოქმედოთ. ან ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ ასეთი სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით.

    მოკლედ, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ შევძლოთ სიყვარულის გამოვლინებაც მოყვასთან მიმართ და შევძლოთ, ჩვენ თავად დავთესოთ სიყვარული მათ გულებში, იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანები ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, ჩვენ დაგვეხმარონ და მხარში ამოგვიდგნენ გაჭირვების ჟამს. ასევე გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაცხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის.

    აი, ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება. ამასთან ერთად, კიდევ იმაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მხოლოდ სარწმუნოება და სიყვარული როდი იყო აი, ასეთი სასწაულებრივი განკურნების მიზეზი ამ პარალიზებული ადამიანისა.

    აბა, მაშ, რა იყო კიდევ ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ იესო ქრისტემ განკურნა იგი? – ეს იყო მისი სინანული, იმიტომ, რომ უფალი ეტყვის მას: "გეპატიება შენი ცოდვები". ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ცოდვების გამო მოიწია მასზე ეს სნეულება და ვინაიდან უფალი აპატიებს მას ცოდვებს, ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდა დიდი სინანული. მართალია, მან ეს ვერ გამოთქვა სიტყვიერად, ვინაიდან ავად იყო და არც შეეძლო ამის გამოთქმა, მაგრამ, ვიმეორებ, რადგან უფალი მას აპატიებს ცოდვებს, ეს ნიშნავს, რომ უფალმა დაინახა მასში ეს სინანული, უფალმა დაინახა მისი გამოსწორება დაინახა მისი სულიერი ფერისცვალება. სინანულიც სწორედ ეს არის. სინანული არ არის მხოლოდ, ნანობდე შენს შეცდომებს, არამედ არის სწორედ ფერისცვალება სულისა და გამოსწორება ადამიანისა. ეს უფალმა დაინახა და ამიტომ ეტყვის ასეთ საოცარ სიტყვებს.

    აქედან კიდევ ერთი დასკვნაა ჩვენთვის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ სნეულებაც შეიძლება მოიწიოს ჩვენზე სხვადასხვა ცოდვის გამო, უშვებს ჩვენზე უფალი სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, შეიძლება ითქვას; ან თუ გნებავთ, სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე, ცხოვრების აზრზე, არსზე, ჩვენს შეცდომებზე და გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, გამოვსწორდეთ ჩვენ და სულიერად ფერი ვიცვალოთ. აი, ამისთვის ეშვება სნეულებებიც და არა იმიტომ, რომ ადამიანი დაიტანჯოს ამ მიწიერ ცხოვრებაში.

    აი, ასეთი საოცარი სახარება წავიკითხეთ ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო.

    გილოცავთ დღევანდელ დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ შევისმინოთ და გულდასმით ვისმინოთ ეს სწავლება, რომელიც დღეს იყო მოცემული, სწავლება საღვთო სიყვარულზე, სწავლება სიყვარულის ძალაზე, სარწმუნოების ძალასა და სინანულის მნიშვნელობაზე, რომელსაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე პასუხს სცემს თავისი კაცთმოყვარეობითა და მოწყალებით, რომლისა არც დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!"

    ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 24 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან. ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

    საქალაქთაშორისო ტრანსპორტში დაახლოებით 14 მგზავრი იმყოფებოდა. არიან დაშავებულები. სავარაუდოდ 7 ადამიანი, ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მსუბუქი დაზიანებებით.


    მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
     
     
    „ტელეკომპანია ბორჯომი“

    შიდა ქართლში მკვლელობა მოხდა. ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი, 33 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.

    შემთხვევა სოფელ კარბში მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. დაკავებულია ასაკოვანი ქალი, რომელიც სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში აიყვანეს.

    პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციას ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შემუშავბულ ფორმატში ჩართვაზე უარის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის ქცევა „პოლიტიკური ბავშვობაა“:

    „რადიკალური ოპოზიცია ახლა პოლიტიკურ ჭაობშია და რაც მეტს იაქტიურებს, მეტად ჩაიძირება. ერთადერთი გამოსავალია, რომ თავიდანვე დაგვიჯეროს ხოლმე, როგორც ეს ევროპარლამენტარებმა უთხრეს - სერიოზულად მოეკიდონ პროცესს, რომელსაც ჩვენ არავის არ დავაზიანებინებთ და მონაწილეობა მიიღონ. პოლიტიკაში ნახევრად მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ამ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობ. საკომიტეტო მოსმენა და სამუშაო ჯგუფის ფორმატი, ორივე რეგლამენტირებულია. კარგი იქნება, რეგლამენტი რომ წაიკითხონ, რადგან პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს, რომ ორივე - სამუშაო ფორმატი ჯგუფში და საკომიტეტო სხდომა ოფიციალური ფორმატებია. „ჯგუფში არ მინდა და კომიტეტში მინდა“ - ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ბავშვობაა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

     

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის ახალი ბულვარის გახსნას გამოეხმაურა:

    „მინდა ქობულეთს და ქობულეთელებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, რამდენი ადამიანია შეკრებილი ახალ ზღვისპირა პარკში. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა „განახლებული რეგიონების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - დაემატა ახალი 1-კილომეტრიანი ბულვარი, შესაბამისი სარეკრეაციო სივრცეებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ახალი ობიექტი, ვინაიდან ის გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესს“

    რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღიარა, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში რუსეთმა მიიტანა. მისი განცხადებით, „კალიბრის“ ტიპის რაკეტებმა ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს.

    22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები არ მიიტანენ იერიშს საპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც შეთანხმება ვრცელდება, მათ შორის ოდესის პორტზე. ამ შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს უკრაინამ რუსეთი ოდესის პორტის დაბომბვაში დაადანაშაულა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ოდესის პორტზე განხორციელებული დარტყმები დაგმო.

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული თ.ხ. სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.ხ.- მ 1983 წელს დაბადებული კ.ა.- ს სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს

    24 ივლისს ქუთაისში +26 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

    წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +26, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც წვიმაა მოსალოდნელი.

    გორში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ. +27 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი.

    გუდაურში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

    ლაგოდეხში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უმეტესად უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

    გურჯაანშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +29 გრადუსია მოსალოდნელი, დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ.

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ბიძგები თბილისის დროით 05:49 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

     

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პოლონეთის რესპუბლიკას და პოლონეთის პოლიციის უფროსს, გენერალ იაროსლავ შიმჩიკს პოლიციის დღეს ულოცავს.

    ოფიციალურ წერილში ვახტანგ გომელაური ორ სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ წერს.

    „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, მინდა, გულითადად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის დღე. მსურს, თქვენ და თითოეულ პოლიციელს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უაღრესად საპასუხისმგებლო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ორ სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც წარმატებული მიღწევების განმაპირობებელი იქნება, ორივე ქვეყნის სასარგებლოდ“, - ნათქვამია მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის პოლიციის უფროსს, გენერალ იაროსლავ შიმჩიკს გაუგზავნა.

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.