notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    დეპოლარიზაციისთვის ერთადერთი რეცეპტი „ნაცმოძრაობის“ დასუსტებაა, ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე არ დასუსტდება, მანამდე სულ გვექნება პოლარიზაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი“ განაცხადა:

    „ბევრი მიზეზი ჰქონდა ამ ყველაფერს. ხშირად ანგარიშს ვუწევდით მათ ლობისტებს, მხარდამჭერებს. ამის დრო დამთავრდა. თუ ვინმეს უნდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება, ან მისი შენარჩუნება როგორც მორიელის, პოლიტიკურ სისტემაში, ამისთვის ანგარიშის გაწევა აღარ შეიძლება და ბოლომდე უნდა მივყვეთ იმ პროცესს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია და „ნაცმოძრაობის“ მაქსიმალურად დასუსტება“.

    მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღი პოლიტიკური ძალების წინ წამოწევას გამოიწვევს.

    „გამორიცხულია, რომელიმე დემოკრატიულ სისტემაში მმართველმა პარტიამ აიღოს 70-80-90% არჩევნებში. 60%-იც კი არაბუნებრივია. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ავტომატურად გამოიწვევს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების წინ წამოწევას ამ პოლიტიკურ სისტემაში და ეს უნდა იყოს ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა ჯერ კიდევ ღია საკითხია.

    „წელს არ ვაპირებთ ამ კანონპროექტის განხილვას, 2023-ში ან 2024-ში. აქაც მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, რომ თუ დავინახეთ სვლა დეპოლარიზაციისკენ, ჩვენი მოტივაცია გაიზრდება, რომ უფრო დაბალი ბარიერი დავადგინოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და თუნდაც იმის შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური მოცემულობით მივალთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე“

    უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლიზ ტრასმა პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ყოველი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინას დახმარებას გაუზრდის:

    „თითოეული რაკეტის შემდეგ, რომელიც ეცემა უკრაინის ქალაქებს, თითოეული დაშავებული მამაკაცის, ქალის და ბავშვის გამო, ჩვენ აღმოვუჩენთ უკრაინას უფრო მეტ მხარდაჭერას. ჩვენ უკვე გამოვყავით ოთხ მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარების ფარგლებში და ვმუშაობთ „დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დასაწესებლად, პუტინის ომის მანქანაზე კოლექტიური ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის კოლექტიური დახმარების გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ტრასმა.

    ლიზ ტრასმა ასევე აღნიშნა, რომ იზრდება უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების რაოდენობა. მისი თქმით, რუსეთი ამჟამად საკვებს იყენებს ომის ელემენტად.

    „აგრესორი უნდა დამარცხდეს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს რუსების განდევნაში. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს, რადგან ასეთ აგრესიას მომავალში ვერ დავუშვებთ. სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს დიდი ბრიტანეთი”

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს უნდა, ხელისუფლება კინკლაობაში შეიყვანოს, მაგრამ მმართველი გუნდი მას ამაში არ შეჰყვება. ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში განაცხადა:

    „მას უნდა, კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით, რადგან არანაირი ინტერესი არ გვაქვს პოლემიკაში და კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. შეიძლება, თავისი როლი უნდა წინ წამოწიოს; შეიძლება, ვიღაცის გავლენის ქვეშ არის; შეიძლება, რაღაცებს ვერ აანალიზებს; შეიძლება, კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად. ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ და პრეზიდენტს არ შევყვებით კინკლაობაში“

    მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტს უხსნიდნენ დეტალებს, რომლებზეც საჯაროდ ვერ საუბრობდნენ და მას ინფორმაციის ნაკლებობა არ ჰქონდა, თუმცა სწორი ანალიზი ვერ გააკეთა.

    კობახიძემ რუსეთის საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პლატფორმა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო.

    მალტაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ქართველი ემსხვერპლა. მშენებლობიდან 52 წლის კაცი გადმოვარდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა გუშინ, 22 ივლისს მოხდა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის მესამე სართულიდან გადმოვარდა.  ფაქტს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. 

     

    გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა ტელეარხის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომ თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა, - ამის შესახებ განცხადებას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს:

    „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“

    პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ალტერნატიული სამუშაო ჯგუფის შექმნა შეაფასა:

    „პირველი რეკომენდაცია ​იყო დეპოლარიზაცია, რაც თანამშრომლობას გულისხმობს, პროცესში მონაწილეობას. ევროპული პოლიტიკისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი ხელწერა გახლავთ ქუჩის პოლიტიკა, დესტაბილიზაცია, ინსტიტუტებზე თავდასხმის პოლიტიკა. ვფიქრობ, ევროპარლამენტის დელეგაციამ ამ ორი დღის განმავლობაში ზუსტი შეფასება მისცა რადიკალური ოპოზიციის ამ ქცევას. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ სურთ საქართველოში ნახონ ევროპული, მშვიდი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა. პირდაპირ მოუწოდეს ამ პარტიებს, რომ პროცესში ჩაერთონ და იმუშაონ, მეტი რა უნდა გააკეთონ? რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ანტისისტემური და ანტიდემოკრატიული, არ ჯდება ევროპულ წესებში. [ამაზე] პირდაპირ მიანიშნეს ევროპელმა კოლეგებმა. რადიკალური ოპოზიცია თავს პოლიტიკურ „ოფსაიდში“ იტოვებს. ეს მათ აზიანებს. მმართველი გუნდი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას“

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ორგანიზაციაში განგაშის უმაღლესი დონეა. ასეთი გადაწყვეტილება ჯანმოში

    ვირუსით ინფიცირების შემთხვევის ზრდის გამო მიიღეს. 

    ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა.

    პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტის ანონსს ეხმაურება:

    დიდი მადლობა თქვენი მხილების ასეთი შესაძლებლობისთვის!  ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან!
    ამით საშუალება მეძლევა თქვენი მხრიდან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმის მაგალითზე აბსოლუტურად ყველას გავაგებინო, რისი მკადრებლები ხართ, რადგან ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი კარგად შეფუთული სიბინძურის დღემდე სჯერათ.
    ნაც. მოძრაობის მედიებიდან, „ტვ1“-ს აქვს როლი, იკადროს ყველაზე უკადრებელი. თქვენ წარმოიდგინეთ მთავარი არხიც კი არ (ან ვერ) კადრულობს ამ ხარისხის „ფეიკებს“. „ტვ1“-ის რეალტივიზაცია წარმატებით შედგა! შეძლეს! 
    დღეს ცდილობენ ჩემი მეუღლის მამა წარმოაჩინონ ადამიანად, რომელსაც არაფერი გააჩნდა და ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შეიძინა გარკვეული ქონება.
    საუბარია გულივერ კუნჭულიაზე, ჩემს სიმამრზე, რომლის, როგორც მშენებლის პროფესიონალიზმზე და პროფესიულ წარმატებაზე დღემდე არავის გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს.
    ზოგადი წარმოდგენისთვის, რაც მე ვიცი და უცებ მახსენდება, მისი კომპანიის ანგარიშზეა შემდეგი ობიექტები:
    მთაწმინდის პარკის მშენებლობა; ბადრი პატარკაციშვილის "არკადია"; ქობულეთის პარკი; რესტორანი "არაგვი"; "გუჯარი"; "მცხეთის ღვინის პალატა"; შატო "ასკანა"; სასტუმრო "ახაშენი"; სასტუმრო "ლოპოტა"; ღვინის ქარხნები რუისპირში, ქედაში, ველისციხეში, პატარძეულში, საგურამოში და სხვა ათობით მსხვილი სამშენებლო ობიექტის მშენებლობა თუ რეაბილიტაცია.
    ასეთი ადამიანის ფინანსური და ქონებრივი წარმატების ჩემზე მოწერას და მისი კომპანიის რეპუტაციის განადგურებას ცდილობენ - სიუჟეტის ანონსში ჟურნალისტი ამბობს, რომ კომპანია კოტრდება და მტკიცებულებად მოაქვს კადრები და ინტერვიუ ხის ცეხიდან 
    სინამდვილეში კი წარმატებული სამშენებლო ბიზნესი, წარმატებული და პროფესიონალი მშენებელი ათწლეულების განმავლობაში ნაშენები შეუბღალავი რეპუტაციით, მილიონობით ლარის ბრუნვა მის კომპანიებზე ორიათასიანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული (მაგალითისთვის, მხოლოდ მის ერთ კომპანიას ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილი აქვს 9 მილიონ ლარზე მეტი), ათეულობით სხვადასხვა სახის უძრავი ქონება მის და მისი ოჯახის წევრების სახელზე პოლიტიკაში ჩემს მოსვლამდე. მას შემდეგ კი მის მიერ ახალი შენაძენი - სამი მიწის ნაკვეთი (სამივე ნაყიდი, არც ერთი არავის უჩუქებია მისთვის!) და 263 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი დიდ დიღომში 2004 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში, ნაკვეთის საფასურის სანაცვლოდ, საიდანაც 136 კვ.მ. უკვე გაყიდა ბოლო პერიოდში, საგურამოს სახლების მშენებლობისთვის და ამ ყველაფრის ფონზე, ისრების ჩემსკენ გადმოტანის ბინძური მცდელობა მაშინ, როდესაც თავად მე დღემდე მის მიერ 2003 წელს შეძენილ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობ საბურთალოს ქუჩაზე და ზაფხულობით - მის აგარაკზე საგურამოში.
    „ტვ1“-მა სინამდვილეში კარგად იცის (საჯარო ამონაწერებით უმარტივესი გასარკვევია), რომ თავისი შვილებისთვის საგურამოში სახლების ასაშენებლად, (მიმდინარე შემოსავლების და საკმაოდ სოლიდური დანაზოგის გარდა) ჯამში სამი ბინა უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაყიდა.
    სხვათა შორის, ჩემი სიმამრის არც ერთ კომპანიას არასდროს მიუღია მონაწილეობა არც ერთ სახელმწიფო ტენდერში.
    დღეს „ფეიკის“ კლასიკა და ახალი მწვერვალი დაგვიანონსეს, მე კი ამ დრომდე ინტერვიუსთვის არავინ შემხმიანებია, ვნახოთ ეს სტატუსი რა დოზით და ფორმით მოხვდება სიუჟეტში 
    P. S. სიგარეტი ძალიან დიდი ხანია არ მომიწევია და ეს ძველი კადრები დაბლარეთ მაინც
     
     

    თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის შესაძლო ექსპორტს ეხმაურება.ის იმედოვნებს, რომ ეს შეთანხმება მსოფლიოში უამრავ ადამიანს შიმშილისგან იხსნის:

    "გემების ტრანზიტით, რომელიც მომდევნო დღეებში დაიწყება, ჩვენ შევთავაზებთ შავი ზღვიდან ახალ ტალღებს სუნთქვისთვის მრავალ ქვეყანას. დღეს შეთანხმებული ტექსტით, ჩვენ ხელს შევუწყობთ შიმშილის საფრთხის თავიდან აცილებას, რომელიც ელოდა მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში. აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ამერიკიდან აზიამდე. მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მარაგების გლობალური უსაფრთხოება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში. ჩვენ ასევე ვეხმარებით სურსათის ინფლაციის კონტროლს, რომელიც გლობალურ პრობლემად იქცა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. არა მხოლოდ ამ ქვეყნებს, არამედ მთელ მსოფლიოს ექნება დანაკარგები. კონფლიქტი, რომელიც 5 თვეა გრძელდება და მისი გლობალური ეფექტები სამწუხაროდ ამართლებს ამ პროგნოზებს, ჩვენ გვსურს, რომ ეს კონფლიქტი, რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს იწირავს, შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს,“ 

    „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.მათი განცხადებით, ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალებისა და სხვა ხარჯები:

    „სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ წლების განმავლობაში, არ განხორციელებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას.

    აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი.

    25 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74, 00 ლარი; ბიზნეს კლასი - 124 ლარი;

    მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს.

    აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება.

    ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის.

    ასევე, მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე, 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.