notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ევროპაზე მორიგი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება, რაზეც ევროპამ ერთიანობით უნდა უპასუხოს:

    „ამ ზამთარს, რუსეთი ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება. ამაზე მთავარი პასუხი ორი რამ უნდა იყოს: პირველი, ჩვენი ერთიანობა - ერთიანობა ტერორისტული სახელმწიფოსგან დაცვაში და მეორე - ჩვენი საკუთარი ზეწოლის გაზრდა რუსეთზე - ეს მოიცავს სანქციების გაზრდას ყველა დონეზე და რუსეთის ნავთობისა და გაზის შეზღუდვას. რაც უფრო მეტ დარტყმას მივაღწევთ ყველა ერთად, მით უფრო ნაკლები დარტყმის მოყენებას შეძლებენ ტერორისტები“

    4 სექტემბრის საღამოდან აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით.  ტემპერატურა 4 სექტემბერს ღამით +19, დღისით კი +39 გრადუსი იქნება.

    ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი 5-6 სექტემბერსაც და ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, 5 სექტემბერს +17 +33 გრადუსი იქნება და იქროლებს დასავლეთის ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით. 6 სექტემბერს ღამით +16, დღისით კი +29 გრადუსი იქნება.

    ამინდი შეიცვლება დასავლეთ საქართველოშიც. 4 სექტემბერს ტემპერატურა +18+28 გრადუსი იქნება, ღამით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება  5-6 სექტემბერსაც. ტემპერატურა  +26 გრადუსამდე დაიკლებს.

    უახლოეს დღეებში ნალექიანი ამინდი - ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია დედაქალაქშიც. 5 სექტემბერს გაძლიერდება ქარი 20-25 მ/წმ-მდე სიჩქარით. ტემპერატურა 4 სექტემბერს +39, 5 სექტემბერს +33, ხოლო 6 დეკემბერს +26 გრადუსი იქნება.

    ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ფოტიგა აცხადებს, რომ თბილისში რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად იმყოფება.

    „მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

    საქართველოში ყოველ ვიზიტს ვიწყებ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის პატივის მიგებით, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა რუსული საფრთხეები. “ - წერს ფოტიგა
     

    ძალიან კარგი, საინტერესო და სანიმუშო თანამშრომლობა შედგა რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ვპოულობთ საკითხებს, რომელზეც განსხვავებულის გარდა საერთო შეხედულებებიც გვქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

    „დიდი იმედით ვუყურებ პოტენციალს, რასაც ჰქვია ხალხის არჩევანი. ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რადიკალიზაციით ან პოლარიზაციის ხარისხის გაზრდით ხელი შეუშალონ ამ ქვეყნის პროგრესს, რასაკვირველია ამის ლუსტრაცია ყოველდღიურად ხდება და შესაბამისად ამომრჩეველიც არცერთ შემთხვევაში არ იქნება მაღალი მხარდაჭერის გამოხატველი ამ პოლიტიკური ძალების მიმართ.

    მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი, საინტერესო და სანიმუშო თანამშრომლობა შედგა რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ვპოულობთ საკითხებს, რომელზეც განსხვავებულის გარდა საერთო შეხედულებებიც გვქონდეს . დააკვირდით იმ ოპოზიციის ქცევას, რომელიც დესტრუქციას, გამიჯვნასა და ხიდჩატეხილობას ხელს უწყობს. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არცერთ საკითხთან დაკავშირებით საერთო შეხედულება არ გამოვლინდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

    მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობა მომართულია, 12-ვე პუნქტი დათქმულ ვადაში შესრულდეს.

     

    „იმედი“

    ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. „ამბასადორი ბათუმი აილენდის” მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი თავისი მასშტაბებით საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს.

    ,,დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ რეგიონისთვის და შეიძლება ითქვას მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას. პროექტის, რომელიც როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ტურიზმის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დღიდან პროექტის დაანონსებისა, ბევრს არ სჯეროდა, ბევრი სკეპტიციზმი მოვისმინეთ, თუმცა გათვალისწინებით საერთაშორისო კომპანიებისა, გათვალისწინებით იმ ძალიან დიდი ნდობის და პროექტის მიმართ თავდადების, რასაც ჩვენ ვხედავთ ინვესტორის მხრიდან, ეს პროექტი აუცილებლად წარმატებით დასრულდება და თავის სიტყვას იტყვის როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს არის პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით წარმოადგენს საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის მიმდინარეობისას, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში არაერთხელ ისაუბრებენ როგორც ამ პროექტზე და ამ პროექტიდან გამომდინარე, ჩვენს ქალაქზე, ჩვენს რეგიონზე და ჩვენს ქვეყანაზე. და ისაუბრებენ ძალიან კარგად.

    წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული წელი, შეიძლება ითქვას ისტორიული მაჩვენებელი ტურიზმის აღდგენის მიმართულებით და ამ დადებით ტენდენციას სჭირდება გაგრძელება, კიდე უფრო მეტი ამბიცია, კიდე უფრო მეტი შრომა, და ჩვენ, ყველანი მზად ვართ, რომ ყოველდღიურად ვიშრომოთ ამ ძალიან დიდი სამეწარმეო მუხტის მატარებელ ხალხთან ერთად, რომ ახალი პროექტები შევქმნათ.

    განსაკუთრებით გამოვარჩევდი ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენი ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის. ეს ახალი პროექტი შექმნის 2000 ახალ სამუშაო ადგილს და სტაბილურ შემოსავალს შეუქმნის ძალიან ბევრს ოჯახს ბათუმში. ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკის განვითარების, ეკონომიკის ორნიშნა ზრდას წარმოადგენს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ამ პროცესში ჩართული. და ჩვენი გუნდი, მთელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამით არ გავჩერდებით. არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ვგეგმავთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად.

    ბათუმი, უკვე მეორედ წარდგენილია პრესტიჟულ ე.წ. ტურიზმის ოსკარზე, რომლის შედეგებსაც ჩვენ პირველ ოქტომბერს გავიგებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ” – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

    უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა აშენდება. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. „ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება.

    რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან რუსეთის პრესას განუცხადა.

    წასვლის მიზეზი ედერერს არ აუხსნია. „ჩემს თანამდებობას სუფთა სინდისით ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, გავაკეთე,“ თქვა მან. რუსეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე მან თითქმის ხუთი წელი იმუშავა.

    თავისი მუშაობის შეჯამებისას ედერერმა აღნიშნა ძალისხმევა სტუდენტური გაცვლისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის თანამეგობრობაში რუსეთის ჩართვის საკითხებში. მან ასევე მიანიშნა „მცირე წარმატებებზე“, რომლებზეც დეტალურად არ ულაპარაკია, რათა საფრთხე არ შეექმნა მათთვის.

    ედერერმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროპის მხრიდან რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. „ჩვენ ვცდილობდით, მხარი დაგვეჭირა სივრცისთვის, რომელსაც ხელისუფლება სულ უფრო მეტად ზღუდავდა, ჩვენ ვცდილობდით, ის გახსნილად შეგვენარჩუნებინა,“ თქვა ედერერმა და დააზუსტა, რომ საქმე ეხება ყოველგვარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას.

    ჯერჯერობით არ არის ნათელი ვინ შეცვლის ედერერს რუსეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე.

     

    „რადიო თავისუფლება“

    ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ ძალზე დიდხანს იმყოფება თანამდებობაზე. მას ჩეჩნეთის ლიდერის პოსტი უკვე 15 წლის განმავლობაში უკავია. ვიდეომიმართვაში კადიროვმა თქვა, რომ მოვიდა დრო თავად წავიდეს, ვიდრე მას გააგდებდნენ. მისი თქმით, მისმა ახალგაზრდობამ ჩაიარა და „ჩვენ ვეცდებით, დროზე წავიდეთ“.

    „მე თვითონ შევნიშნე, რომ ერთ ადგილზე ზედმეტად დიდხანს ვარ. მიმაჩნია, რომ სრულიად დავიმსახურე უვადო და გრძელვადიანი შვებულება,“ - ასეთი კომენტარი დაურთო მან თავის ვიდეოს Telegram-ის არხზე.

    კადიროვმა მაგალითად მოიტანა ჩეჩნური ანდაზა: „ჩვენთან კაკასიაში ამბობენ, რაც უნდა სასურველი იყოს სტუმარი, სასიამოვნოა, როცა ის დროულად მიემგზავრება“. როგორც „კომერსანტი“ შენიშნავს, ჩეჩნეთის ლიდერმა მიანიშნა იმაზე, რომ წასვლას აპირებს.

    რამზან კადიროვი 2007 წლიდან უდგას სათავეში ჩეჩნეთს. ამჟამად რუსეთში რეგიონების ხელმძღვანელების თანამდებობაზე ყოფნის ვადები შეზღუდული არ არის.

    მსგავსი განცხადებები კადიროვს ადრეც აქვს გაკეთებული - 2017 წლის ნოემბერში და 2016 წლის თებერვალში. მაშინ ის ამბობდა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების დრო დაუდგა.

     

    „რადიო თავისუფლება“

    მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარებისა, ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება.

    „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში, მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. დღეს ჩვებს ქვყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც რა თქმა უნდა, შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, მეტ შემოსავალს, დოვლათს და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნება, კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მოსკოვმის სანქცირებულთა სიაში 55 კანადელი ოფიციალური პირი მოხვდა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. რუსეთმა სანქციები კანადას რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის მხარდაჭერისთვის დაუწესა. გარდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვისა, რუსული სანქციების პაკეტი მოიცავს რამდენიმე კანადური ორგანიზაციის "არასასურველ ორგანიზაციათა" სიაში შეყვანასაც.

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში განმარტა, რომ რუსეთმა კანადას საპასუხო სანქციები დაუწესა. ქვეყანამ ცოტა ხნის წინ, რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები შემოიღო, რაც ოფიციალური მოსკოვის თქმით, "რუსოფობიური" გადაწყვეტილება იყო. კანადის სანქცირებულთა სიაში ამჟამად რუსეთის 1,500 მოქალაქე და კომპანიაა შესული. მათ შორისაა ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მისი ქალიშვილები, ასევე სავარაუდოდ მისი ამჟამინდელი პარტნიორი ალინა კაბაევა.  სანქცირებულები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა და სხვა ოფიციალური პირები.

    რუსეთის მხრიდან, ამ დრომდე სანქცირებულთა სიაშია 818 კანადელი, მათ შორის ქვეყნის პრემიერი ჯასტინ ტრუდო, მისი მეუღლე სოფი ტრუდო, ასევე კანადის მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

     

     

     

    ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროქტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება.

     „მინდა ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან, ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროქტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე, რომ მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე. 

    მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარელებისთვის.

    კიდევე ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო „ამბსადორ ჯგუფს“, პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ჩვენ ყველას გვახარებს. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.