notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    სს „ლიბერთი ბანკმა  ბრუნო ბალვანერას სამეთვალყურეო საბჭოში ახალ დამოუკიდებელ წევრად დანიშვნის შესახებ განაცხადა, რომელიც ძალაში შედის 2022 წლის 3 აგვისტოდან.

    ბრუნო ბალვანერას აქვს 35 წელზე მეტი გამოცდილება საბანკო/საინვესტიციო სფეროში, მათ შორის 23 წელი სხვადასხვა პოზიციებზე EBRD-ში, როგორც სათავო ოფისში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ასევე რეგიონალურ ოფისებში (სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, თბილისი და ნურსულთანი). 2013-2018 წლებში ბრუნო ბალვანერა იყო რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, რომელიც იმართებოდა თბილისიდან, შემდეგ კი ცენტრალური აზიის რეგიონის მმართველი დირექტორი 2020 წლამდე.

    ბრუნო ბალვანერას გამოცდილება მოიცავს კერძო სექტორში ინვესტიციებს მდგრადი განვითარების მიმართულებით და ასევე, წარმატებულ ექსპერტულ ცოდნას ინვესტიციების, რისკების, შესაბამისობის, სამართლებრივი, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, ინკლუზიურობის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

    ბრუნო ბალვანერას ეკავა რამდენიმე კომპანიის საბჭოს წევრის თანამდებობა, მათ შორის 2020 წლის ბოლოს არჩეული იყო არა-აღმასრულებელ დირექტორად Asaka Bank-ში (უზბეკეთი). ის ამჟამად არის კერძო ინვესტორი ფინტექ მიმართულებით, ჩართულია საერთაშორისო ბიზნესსა და აკადემიურ სწავლებაში და ასევე, არის სტრატეგიის კონსულტანტი.

    სს ‘ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ განაცხადა: „სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა მივესალმო ბრუნო ბალვანერას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში გაწევრიანებას. ბრუნოს დიდი გამოცდილება ფინანსურ სექტორსა და ფინტექში, ინვესტიციების, ციფრული ფინანსებისა და სტრატეგიის გამოცდილებასთან ერთად, ფასდაუდებელი იქნება ბანკის მიერ დასახული ზრდის გეგმის მისაღწევად. დარწმუნებული ვართ, ბრუნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბანკი კიდევ უფრო ეფექტურად გააგრძელებს პოზიტიურ ცვლილებებს თავისი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ლიბერთისთვის ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე.’

    სს ‘ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა წევრმა, ბრუნო ბალვანერამ განაცხადა:

    „მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს. მხარს ვუჭერ ბანკის სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მიზანია უნიკალური ფართო მომხმარებელთა ბაზის ეფექტურად გამოყენება და მცირე ბიზნესის განვითარება საქართველოს ყველა რეგიონში! ლიბერთი და მისი პროფესიონალი, ენერგიული გუნდი კარგად არის პოზიციონირებული იმისათვის, რომ გაიმყაროს ადგილი სექტორში, როგორც ძლიერი მოთამაშე და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის გაციფრულებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.”

    საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ‘Fitch Ratings’-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი ‘სტაბილურად’ შეაფასა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა. ლიბერთი ბანკის ‘სტაბილური’ პროგნოზი ასახავს ბანკის მომგებიანობასა და აქტივების ხარისხის მაჩვენებლებს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფონზე.

    დეტალური ანგარიში: fitchratings.com

    სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა.

    თორნიკე კორძაია არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას ქვეყნის წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე თორნიკე კორძაია ხელმძღვანელობდა სს „თიბისი ბანკის“ საცალო, მცირე და საშუალო საბანკო საქმის ფინანსების დეპარტამენტს, ხოლო მანამდე „თიბისი კაპიტალში“ კვლევების სამსახურს.

    თორნიკე კორძაია ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის, საიდის ბიზნეს სკოლის (University of Oxford, Saïd Business School) მაგისტრის ხარისხს და არის CFA ჩარტერის მფლობელი.

    ‘მინდა მივესალმო თორნიკეს ბანკის ტოპ მენეჯმენტის გუნდში შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის განვითარებასა და მიზნების მიღწევაში. განსაკუთრებით, ლიბერთის ტრანსფორმაციისა და უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების პროცესში. წარმატებას ვუსურვებ თორნიკეს და მენეჯმენტის გუნდს.’ - ბექა გოგიჩაიშვილი,  ლიბერთის გენერალური დირექტორი.

    ‘ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისათვის. მჯერა, რომ ლიბერთის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

    ამ ხანმოკლე, გაცნობით პერიოდში, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემი გუნდის პროფესიონალიზმმა და სამუშაო კულტურამ, რაც მყარი საფუძველია იმისათვის, რომ ერთად მივაღწიოთ დასახულ სტრატეგიულ მიზნებს და ვიზრუნოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ჩვენს ქვეყანაში.’ -თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

    კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. ახალ გუბერნატორთან შეხვედრა დღეს პრემიერ-მინისტრმა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

    კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი  მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში.

    გიორგი ალადაშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

    მთავრობის მეთაურმა კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი ესწრებოდნენ.

    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს ესკორტის ოფიცერი:

    „ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან - ქ. თბილისში, პ. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა. პატიმარი მოთავსებულ იქნა ხსენებული ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე №308 სამედიცინო ოთახში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა უწყვეტად მიმდინარეობდა.

    2022 წლის 20 აგვისტოს, 09:31 საათზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა. გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.

    ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

    სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას.

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მომხდარი ფაქტი არ დარჩეს ბუნდოვანი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო.

    რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს შეიკავებს. ეს ჩანაწერი ბრიფინგის დასრულების შემდეგ წარედგინება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს“

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა. ამის შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა:

    დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
    დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
    ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!
     
     

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყველა კერა ჯერ ლოკალიზებული არ არის და ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი და ქარი აფერხებს. მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც, რომელიც მუშაობს გზის გაყვანაზე, რათა შეძლონ დანიშნულების ადგილამდე წყლის მიტანა. თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ვახტანგ გომელაური და ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ:

    „ჯერ, რა თქმა უნდა, ყველა კერა ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. ქარი იყო გუშინ და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა, გადავიდა მეორე მთაზე. დღესაც არის პატარ-პატარა კერები, არის აქტიური კერები. მუშაობენ, დაახლოებით 1 200 კაცზე მეტია, შსს-ს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის წარმომადგენლები, ასევე ტექნიკა, 110-120 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, რომლებიც მუშაობენ გზის გაყვანაზე, რომ მივუდგეთ. ფიზიკურად ვერ უდგებიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენები, რომ ჩავიდნენ, თუმცა ფიზიკურად მარტო ადამიანების ჩასვლა…წყალი თუ არ მიაწოდე, წყლის გარეშე ცეცხლს ვერ ჩავაქრობთ. აქედან გამომდინარე, ტექნიკა მუშაობს გზების გაყვანაზე, რომ წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე.

    საშიშროება არის, თუ ქარი ამოვარდა. თუ ქარი არ ამოვარდა, ღამე კიდევ დავამუშავებთ კერებს, ხვალ უკეთესი სიტუაცია იქნება. თუ ქარი ამოვარდა, არის გავრცელების საშიშროება, შეიძლება, უარესად მოედოს ტერიტორიებს. თუმცა ლოკალიზებული გვაქვს, სოფლებთან გვაქვს დაკეტილი, მანქანები არის მობილიზებული, რომ სოფლებში არ გადავიდეს. ქარი თუ არ ამოვარდა, ამ შემთხვევაში, უკვე დაბალი კერები გვექნება ხვალ. რთულია (კერების რაოდენობის დადგენა). დრონებითაც მუშაობენ, ვეტმფრენებითაც, ორი არის ძირითადი, პატარ-პატარა კერებია, ძველებზეც არის დარჩენილი, კუნძებზე, ბალახებზეა მოკიდებული“

    რაც უფრო მეტს ისაუბრებს ეს უსამშობლო ოპოზიცია არაეულობასა და ქაოსზე, მით უფრო მეტად გამოააშკარავებს საკუთარ რეალურ სახეს, ანუ, უნიათობასა და მოღალატეობრივ ხასიათს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა:

    „მათი ეს ზრახვები ყოველთვის უშედეგო იყო და ასევე, უშედეგო იქნება, რადგან ამას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება ჩვენ საზოგადოებაში. არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მათივე ამომრჩეველში და საბოლოოდ რასაც მიაღწევენ არის ის, რომ პოლიტიკურად გაკოტრდებიან საკუთარი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების თვალშიც კი“,

    ალექსანდრ დუგინი შვილის მკვლელობას დღეს პირველად გამოეხმაურა. ის ტერაქტის მოწყობაში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს:

    „რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს ის. მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ. მათ სისხლიანი ტერორით სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი თავისას ვერ მიაღწევენ. ჩვენ არა მარტო შურისძიება გვინდა, ეს ძალიან ცოტაა, ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვინდა, ამ გამარჯვებას შეეწირა ჩემი ქალიშვილი. ასე რომ, გაიმარჯვეთ, გთხოვთ. ჩვენ გვინდოდა, ის აღგვეზარდა ჭკვიან და გმირ ადამიანად. დაე, ახლა იყოს ის შთაგონება ჩვენი გმირობისთვის“

    შეგახსნებთ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა ორი დღის წინ მოსკოვის ოლქთან ავტმობილის აფეთქების დროს დაიღუპა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული.

     

    ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

     

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კომპანია „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით ფერისცვალების დღესასწაული ბახმაროში წელს ტრადიციულად აღვნიშნეთ.

    ღონისძიებებს ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუმრები მთელი საქართველოდან.
     
    ფერისცვალების სახელობის ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა. პარკში გაიმართა ანიმატორების, საკონცერტო და თეატრალური წარმოდგენები.
     
     მოეწყო ადგილობრივ ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
     
     ქართული ჭიდაობის გამარჯვებული სამტრედიელი დავით ბაღდავაძე გახდა და „ბახმაროს ფალავანი 2022-ის“ ტიტული მოიპოვა.
     
     მკლავჭიდში კი ასევე სამტრედიელმა გელა თევზაძემ გაიმარჯვა.
     
     დღის მთავარი მოვლენა-”ბახმაროს თასი 2022“ მაყურებელთა განსაკუთრებული ინტერესით წარიმართა.
     
    ასპარეზობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცხენოსნები მონაწილეობდნენ.
     საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენდა.
    I გარბენის გამარჯვებული გახდა ჩოხატაურელი სოსო რამიშვილი;
    II გარბენში ზუგდიდელმა საბა ეხვაიამ გაიმარჯვა.
    მარულას გამარჯვებული და მთავარი პრიზის ”ბახმაროს თასი 2022-ის“ მფლობელი ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა.
    საღამო კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
     
     

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.