notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს პოლიციელები მასობრივად ტოვებენ, რასაც უკავშირდება უწყების მიერ გამოცხადებული კონკურსები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, არაერთხელ განუმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად,თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია:

    „ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა.

    რაც შეეხება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, იგი განპირობებულია ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით, ასევე, რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდით.

    პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება მანამდე არსებულ რეჟიმს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე საგრძნობი ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

    გარდა ამისა, გაფართოვდა ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, დამატებულია ავიამიმართულებები და მკვეთრად გაზრდილია ავიარეისების რაოდენობა. გაზრდილი ნაკადების უკეთ მართვის მიზნით, რამდენიმე სახმელეთო გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა გადაკეთდა. შესაბამისად, კვალიფიციური კადრის მოძიების მიზნით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და სიტუაციის შეფასების შედეგად, გამუდმებით ხდება საპატრულო პოლიციის საშტატო განრიგის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში საშტატო ერთეულების გაზრდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაკისრებული ფუნქციებისა და საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების უზრუნველყოფის, ასევე, მგზავრთა ნაკადების ეფექტიანად მართვის პრინციპით, რეგულარულად ახორციელებს და მომავალშიც განაგრძობს საშტატო განრიგის ზრდას.

    აქვე გვსურს, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მხრიდან სატელევიზიო ეთერში ან მედიაგამოცემებში უწყების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი, როდესაც საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები არღვევენ კანონს და უცხო ქვეყანაში ცხოვრების ლეგალური უფლების მოპოვების მიზნით, მსგავს მორალურად მიუღებელ ფორმებს მიმართავენ.

    მედიასაშუალებები, ისე, რომ არ ამოწმებენ ინფორმაციას ბრალდების ადრესატ მხარესთან, დაუბალანსებელ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდიან საკუთარ მაყურებელს და მკითხველს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ მსგავსი ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ქვეყანაში ნიჰილიზმის გაღვივებას, მაყურებელში პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ნეგატიური განწყობების შექმნას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას“

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 20 აგვისტოს, შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები:

    "გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.

    მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

    სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას და შეისწავლის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავების ქმედების კანონიერების საკითხს.

    სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას სრულად უზრუნველყოს მოქალაქე გ.ს.-ს ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია." 

    უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისიის შესვლას შეუძლია სრული უსაფრთხოების აღდგენა როგორც ენერგოდარში, ასევე თავად სადგურზე:

    „უკრაინელი დიპლომატები, ჩვენი პარტნიორები, გაეროსა და საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლები ამუშავებენ მისიის კონკრეტულ დეტალებს, რომელიც უნდა გაემგზავროს ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე. ამ მისიით შესაძლოა, დაიწყოს სრული უსაფრთხოების აღდგენა ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე და ენერგოდარში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც შემოგვიერთდა ამ მუშაობასა და ინიციატივაში.

    მსოფლიოს არცერთ ბირთვულ სადგურზე არ არის გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც რომელიმე ტერორისტი სახელმწიფო სადგურს სამიზნედ აქცევს“

    ბოლო თვეებში, მატების შემდეგ, მსოფლიოში შეინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია. დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს:

    „ასე მაგალითად, ბოლო კვირაში ქვეყანაში დაფიქსირდა 12 338 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 12 729. ეს კარგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, ხოლო წინა კვირაში - 8. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 1700-1800 COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.06%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 არსად წასულა და სავარაუდოდ იგი კარგად ხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, შესაბამისად ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-19-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვლავების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.

    სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, კერძოდ: ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სხვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ 1%-ზე ნაკლებია (0.98%), რაც მსოფლიოს 110 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.

    სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ და აღიზიანებთ ქვეყანაში COVID-19-ის სიტუაციის სტაბილურობა და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებელი. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აცხადებენ (ძირითადად სოციალურ ქსელებში), რომ თითქოს ქვეყანაში არ არის COVID-19-ის შემთხვევების ზუსტი აღრიცხვა?! მონაცემები არ ქვეყნდება?! გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები არ არის გამჭვირვალე?! არ შეესაბამება სინამდვილეს?! და ა.შ. ბოღმიან ადამიანებს რა გამოლევს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი, უფრო მეტიც დიდი ტყუილი. საქართველოში პანდემიის პირველი დღეებიდან დღემდე COVID-19-ის შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა ხდებოდა და ხდება ზედმიწევნით ზუსტად და გამოქვეყნებული შედეგები იყო და არის ზედმიწევნით გამჭვირვალე და სწორი. მართალია ბოლო პერიოდში მონაცემები ყოველდღე არ ქვეყნდება, მაგრამ რეგულარულად ქვეყნდება კვირაში ერთხელ (რაც სავსებით საკმარისია) და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინსტიტუციები (Institute for Health Metrics and Evaluation და სხვა), რომლებიც დეტალურად აკვირდებიან და სწავლობენ ქვეყნებში არსებულ COVID- სიტუაციას და გამოქვეყნებული მონაცემების სისწორეს, ცალსახად მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სარწმუნოა, კერძოდ: სადღეისოდ საქართველოსთვის გამოქვეყნებული მონაცემების სარწმუნოობის ინდექსი შეადგენს 1.07-ს (1.0 ნიშნავს 100%-იან აბსოლუტურ სარწმუნოებას) და ამ მაჩვენებლით (მონაცემების სანდოობით) საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების პირველ ათეულშია.

    კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ „ომიკრონის“ შტამებით გამოწვეული COVID-19-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

    მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და/ან რემდესივირი ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს“

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას  საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

    „საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის შეშფოთებას იმ რისკების გამო, რომელსაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება ბირთვული უსაფრთხოებისთვის ქმნის და მხარი დაუჭირა ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების მისიის გაგზავნას უკრაინისა და გაეროს მიერ შეთანხმებული პირობებით. რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს მიუთითა, რომ თანახმაა ამ მისიის განთავსებასა და ხსენებულ მეთოდებზე“, -

    საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდი საქართველომ და სომხეთის რესპუბლიკამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. ერთობლივი ხიდი რეგიონში უნიკალური ტრანსსასაზღვრო პროექტია, რადგან მისი ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
     
    ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. ძველ ხიდთან შედარებით, ორმაგდება ახალი ხიდის გამტარობა, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

    ​უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, ისე ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის წყვდიადში, რომ შეძლებისდაგვარად ვანათებდეთ ჩვენი სულებით, ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი. ხოლო გარდაცვალების შემდეგ, როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვბრწყინავდეთ, როგორც მზე, ჩვენი ზეციური მამის სასუფეველში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერისცვალების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა:

    „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

    დღევანდელ დღეს ჩვენ ვფიქრობთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებზე, რომლებიც მან უთხრა თავის მოციქულებს, რომ არიან თქვენ შორის ზოგიერთები, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს. მას მერე რამდენი საუკუნე გავიდა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ვინ იხილა სასუფეველი, ძლიერებით მოსული?! ეს წინასწარმეტყველება ეხებოდა იქ მდგომ ზოგიერთ მოწაფეთაგანს და აღსრულდა სულ რამდენიმე დღეში, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ თავისი საყვარელი სამი უახლოესი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე - წაიყვანა თაბორის მთაზე, მათ წინაშე ფერი იცვალა და გამოაჩინა და გამოაბრწყინა თავისი საღვთო დიდება. და მათ ეს იხილეს, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, როგორც შეეძლო მოკვდავ ადამიანს ამის დანახვა.

    მათ ასევე იხილეს ორი დიდი წმინდანი ძველი აღთქმისა - მოსე და ილია, რომლებიც მუხლმოდრეკით ესაუბრებოდნენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. გახდნენ რა მომსწრე და მჭვრეტელნი აი, ამ მოვლენისა, შეიძლება ითქვას, რომ მათ იხილეს სწორედ ღმერთის სასუფეველი, მოსული ძლიერებით. აი, აქ აღსრულდა მაცხოვრის წინასწარმეტყველება, მან დაანახა მათ ეს.

    რატომ? ვინაიდან რა არის მართალთა საუკუნო ცხოვრება ღმერთის სასუფეველში? ეს არის, პირველ რიგში, სიახლოვე ღმერთთან, კავშირი ღმერთთან, საუბარი ღმერთთან, შემეცნება საღვთო ჭეშმარიტებისა სულ უფრო მეტად და უფრო ღრმად, თაყვანისცემა უფლისა სულით და ჭეშმარიტებით. ეს არის სასუფეველი ღვთისა.

    რა თქმა უნდა, მათ დაეუფლათ საოცარი ნეტარების, ბედნიერების გრძნობა და ამ დროს ზეციდან, ღრუბლიდან, რომელიც მათ აჩრდილებდა, გაისმა მამაღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ“.

    აი, ასეთი საოცარი დღე გახლავთ დღეს. საერთოდ, ათორმეტთაგანი დღესასწაულები ყოველთვის დაკავშირებულია ისეთ მოვლენასთან, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ამდენად, ამ ათორმეტთაგან დღესასწაულებს აქვთ არა მხოლოდ ის მნიშვნელობა, რომ ჩვენ ვიგონებთ და ვიხსენებთ რაღაც დიდ ისტორიულ მოვლენას, არამედ, თუ შეიძლება ითქვას, მათ აქვთ აღსრულებითი მნიშვნელობაც, ანუ რაც აღსრულდა მაშინ, ის სრულდება დღესაც. რა აღსრულდა მაშინ? - აი, ეს საღვთო ბრწყინვალება გამოჩნდა, საღვთო სიდიადე, ეს შუქი, ნათელი თაბორისა, რომელიც მართალია მაშინ, ცოტა ხნის შემდეგ ჩაქრა, როცა დასრულდა ეს ჩვენება, მაგრამ ის დარჩა ამ სამყაროში მარადიულად, მარადის ბრწყინავს თავისი საღვთო ძალითა და მადლით და ფერს უცვლის უხილავად სამყაროს, ფერს უცვლის ადამიანთა სულებს. ამის დასტურია ის უზარმაზარი დასი წმინდანებისა, რომლებმაც ფერი იცვალეს, რომლებიც შეიცვალნენ, განიწმინდნენ და დიდ სასწაულებს ახდენდნენ. ამის ნიშანი გახლავთ ჩვენს ფრესკებსა და ხატებზე შარავანდედის გამოსახვაც, როგორც გამოვლინება ამ მშვენიერებისა, დიდი მადლისა და სიწმინდისა. ამიტომაც ვამბობთ დღევანდელი დღის ტროპარში, რომ „გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი“, ე.ი, ჩვენ ვთხოვთ უფალს, მაგრამ რას ვთხოვთ? რომ ჩვენც დავინახოთ ეს საღმრთო შუქი ქრისტეში? მარტო ამას ვთხოვთ უფალს? - არ ვთხოვთ მარტო ამას. ამის გარდა, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენშიც, ჩვენს სულშიც გამობრწყინდეს ეს თაბორის შუქი. და რა გვაძლევს ამის საბაბს, რომ ეს ბედნიერება ვინატროთ და ამისთვის ვევედროთ უფალს? - თვითონ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები. შეგახსენებთ, როდესაც იგი განმარტავდა იგავს იფქლისა და ღვარძლის შესახებ. გახსოვთ, ბოლოს იგი როგორ დასძენს, რომ როგორც ყანის პატრონი ხორბალსა და ღვარძლს ერთმანეთისგან განყოფს, განაშორებს, ასე იქნება სოფლის აღსასრულსაცო. უფალი მოავლენს თავის ანგელოზებს, ისინი გამოარჩევენ ყოველგვარ საცდურს და ურჯულოების მოქმედ ადამიანებს და ცეცხლის ქურაში დაწვავს მათო. ბოლოს კი ამბობს: „ხოლო მართალნი, როგორც მზე, ისე გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში“.

    დღევანდელი დღესასწაულის მთავარი თემა არის აი, ეს ბრწყინვალება, ეს შუქი, ნათება და სინათლე. დავიმახსოვროთ უფლის ეს სიტყვები, რომ „მართალნი, როგორც მზე, ისე გაბრწყინდებიან გარდაცვალების შემდეგ თავიანთი მამის სასუფეველში.

    ამის დასტური რა არის, ძვირფასო ძმებო და დებო? ჩვენ გვახსოვს მოსე წინასწარმეტყველი, როგორ გაბრწყინდა მისი სახე, როდესაც სინის მთიდან ბრუნდება იგი, როდესაც უფალმა მას უბოძა სჯულის ფიცარნი; თვალთათვის აუტანელი იყო მისი ეს ბრწყინვალება. ჩვენ ვიცით არაერთი წმინდანი, რომლებიც ჭვრეტდნენ თაბორის ამ შუქს ლოცვის დროს და თვითონაც იხილვებოდნენ, როგორც მოსილნი აი, ამ საოცარი შუქით. ამიტომ ვლოცულობთ ჩვენ ასე, რომ „ჩვენც გამოგვიბრწყინე, უფალო, ეს ნათელი“.

    ასე რომ, ყველა ქრისტიანს ეხება უფლის სიტყვები, რომ „თქვენ ხართ ნათელი სოფლისა“, ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს და მოსიყვარულეს უფლისა და ღვთისა განეკუთვნება მისი სიტყვები, რომ „ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“,

    გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც ისე ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის წყვდიადში, რომ შეძლებისდაგვარად ვანათებდეთ ჩვენი სულებით, ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი. ხოლო გარდაცვალების შემდეგ, როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვბრწყინავდეთ, როგორც მზე, ჩვენი ზეციური მამის სასუფეველში, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, თაბორის მთაზე საღვთო შუქით გაბრწყინებული უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ“,

    საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალი გაიმართა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია.

     „მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო! მივესალმები ჩემს მეგობარს და ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს. მე მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას,“- განაცხადა პრემიერმა.

     მისივე თქმით, ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

     მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბანკის წარმომადგენელს. ამ პროექტისთვის გამოიყო დაახლოებით 7 მლნ ევროზე მეტი. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებს, ორივე მხარის სამთავრობო უწყებებსა და პროფესიონალთა გუნდს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!,“- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

    ახალი საავტომობილო ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  და პროექტის განხორციელებისთვის ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

    „საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთის და საქართველოს რეგიონებს შორის დეცენტრალიზაციის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ უნდა გაადვილებული იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს, ვინც განახორციელა ეს დიდი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს და ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. ყველას ვუსურვე წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ.

     

    სოსო გოგაშვილი ​ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა და დაამატა, რომ გოგაშვილის ნათქვამი ყველაფერი აბსურდია:

    „თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. რომ გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს განყოფილების უფროსის მოადგილე თუ ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი იყო ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე ეტაპობრივად. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა რასაც აცხადებს, სამწუხაროა. თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. თუ არ ვცდები, 2018-ში გათავისუფლდა თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, თუმცა ახლა ამას არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან“

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
     
    დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
     
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა.
     
    პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა.
     
    განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.