notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციას ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შემუშავბულ ფორმატში ჩართვაზე უარის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის ქცევა „პოლიტიკური ბავშვობაა“:

    „რადიკალური ოპოზიცია ახლა პოლიტიკურ ჭაობშია და რაც მეტს იაქტიურებს, მეტად ჩაიძირება. ერთადერთი გამოსავალია, რომ თავიდანვე დაგვიჯეროს ხოლმე, როგორც ეს ევროპარლამენტარებმა უთხრეს - სერიოზულად მოეკიდონ პროცესს, რომელსაც ჩვენ არავის არ დავაზიანებინებთ და მონაწილეობა მიიღონ. პოლიტიკაში ნახევრად მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ამ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობ. საკომიტეტო მოსმენა და სამუშაო ჯგუფის ფორმატი, ორივე რეგლამენტირებულია. კარგი იქნება, რეგლამენტი რომ წაიკითხონ, რადგან პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს, რომ ორივე - სამუშაო ფორმატი ჯგუფში და საკომიტეტო სხდომა ოფიციალური ფორმატებია. „ჯგუფში არ მინდა და კომიტეტში მინდა“ - ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ბავშვობაა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

     

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის ახალი ბულვარის გახსნას გამოეხმაურა:

    „მინდა ქობულეთს და ქობულეთელებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, რამდენი ადამიანია შეკრებილი ახალ ზღვისპირა პარკში. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა „განახლებული რეგიონების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - დაემატა ახალი 1-კილომეტრიანი ბულვარი, შესაბამისი სარეკრეაციო სივრცეებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ახალი ობიექტი, ვინაიდან ის გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესს“

    რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღიარა, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში რუსეთმა მიიტანა. მისი განცხადებით, „კალიბრის“ ტიპის რაკეტებმა ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს.

    22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები არ მიიტანენ იერიშს საპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც შეთანხმება ვრცელდება, მათ შორის ოდესის პორტზე. ამ შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს უკრაინამ რუსეთი ოდესის პორტის დაბომბვაში დაადანაშაულა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ოდესის პორტზე განხორციელებული დარტყმები დაგმო.

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული თ.ხ. სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.ხ.- მ 1983 წელს დაბადებული კ.ა.- ს სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს

    24 ივლისს ქუთაისში +26 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

    წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +26, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც წვიმაა მოსალოდნელი.

    გორში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ. +27 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი.

    გუდაურში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

    ლაგოდეხში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უმეტესად უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

    გურჯაანშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +29 გრადუსია მოსალოდნელი, დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ.

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ბიძგები თბილისის დროით 05:49 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

     

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პოლონეთის რესპუბლიკას და პოლონეთის პოლიციის უფროსს, გენერალ იაროსლავ შიმჩიკს პოლიციის დღეს ულოცავს.

    ოფიციალურ წერილში ვახტანგ გომელაური ორ სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ წერს.

    „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, მინდა, გულითადად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის დღე. მსურს, თქვენ და თითოეულ პოლიციელს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უაღრესად საპასუხისმგებლო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ორ სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც წარმატებული მიღწევების განმაპირობებელი იქნება, ორივე ქვეყნის სასარგებლოდ“, - ნათქვამია მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის პოლიციის უფროსს, გენერალ იაროსლავ შიმჩიკს გაუგზავნა.

    დეპოლარიზაციისთვის ერთადერთი რეცეპტი „ნაცმოძრაობის“ დასუსტებაა, ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე არ დასუსტდება, მანამდე სულ გვექნება პოლარიზაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი“ განაცხადა:

    „ბევრი მიზეზი ჰქონდა ამ ყველაფერს. ხშირად ანგარიშს ვუწევდით მათ ლობისტებს, მხარდამჭერებს. ამის დრო დამთავრდა. თუ ვინმეს უნდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება, ან მისი შენარჩუნება როგორც მორიელის, პოლიტიკურ სისტემაში, ამისთვის ანგარიშის გაწევა აღარ შეიძლება და ბოლომდე უნდა მივყვეთ იმ პროცესს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია და „ნაცმოძრაობის“ მაქსიმალურად დასუსტება“.

    მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღი პოლიტიკური ძალების წინ წამოწევას გამოიწვევს.

    „გამორიცხულია, რომელიმე დემოკრატიულ სისტემაში მმართველმა პარტიამ აიღოს 70-80-90% არჩევნებში. 60%-იც კი არაბუნებრივია. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ავტომატურად გამოიწვევს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების წინ წამოწევას ამ პოლიტიკურ სისტემაში და ეს უნდა იყოს ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა ჯერ კიდევ ღია საკითხია.

    „წელს არ ვაპირებთ ამ კანონპროექტის განხილვას, 2023-ში ან 2024-ში. აქაც მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, რომ თუ დავინახეთ სვლა დეპოლარიზაციისკენ, ჩვენი მოტივაცია გაიზრდება, რომ უფრო დაბალი ბარიერი დავადგინოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და თუნდაც იმის შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური მოცემულობით მივალთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე“

    უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლიზ ტრასმა პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ყოველი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინას დახმარებას გაუზრდის:

    „თითოეული რაკეტის შემდეგ, რომელიც ეცემა უკრაინის ქალაქებს, თითოეული დაშავებული მამაკაცის, ქალის და ბავშვის გამო, ჩვენ აღმოვუჩენთ უკრაინას უფრო მეტ მხარდაჭერას. ჩვენ უკვე გამოვყავით ოთხ მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარების ფარგლებში და ვმუშაობთ „დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დასაწესებლად, პუტინის ომის მანქანაზე კოლექტიური ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის კოლექტიური დახმარების გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ტრასმა.

    ლიზ ტრასმა ასევე აღნიშნა, რომ იზრდება უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების რაოდენობა. მისი თქმით, რუსეთი ამჟამად საკვებს იყენებს ომის ელემენტად.

    „აგრესორი უნდა დამარცხდეს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს რუსების განდევნაში. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს, რადგან ასეთ აგრესიას მომავალში ვერ დავუშვებთ. სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს დიდი ბრიტანეთი”

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს უნდა, ხელისუფლება კინკლაობაში შეიყვანოს, მაგრამ მმართველი გუნდი მას ამაში არ შეჰყვება. ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში განაცხადა:

    „მას უნდა, კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით, რადგან არანაირი ინტერესი არ გვაქვს პოლემიკაში და კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. შეიძლება, თავისი როლი უნდა წინ წამოწიოს; შეიძლება, ვიღაცის გავლენის ქვეშ არის; შეიძლება, რაღაცებს ვერ აანალიზებს; შეიძლება, კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად. ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ და პრეზიდენტს არ შევყვებით კინკლაობაში“

    მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტს უხსნიდნენ დეტალებს, რომლებზეც საჯაროდ ვერ საუბრობდნენ და მას ინფორმაციის ნაკლებობა არ ჰქონდა, თუმცა სწორი ანალიზი ვერ გააკეთა.

    კობახიძემ რუსეთის საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პლატფორმა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო.

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.