notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოზარ სუბარი, მიხელ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობეს ტოვებენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

    „მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს. ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, რომ მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს“

     

    ნატოს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ. ის  მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანას ტექნიკურ დახმარებაზე მეტის მიღება სურს, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ პოლარიზაცია უნდა დაასრულონ. მან ასევე მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი;

    „პროგრამა მინიმუმი, რაც ამ სამიტიდან შეიძლება წამოვიღოთ, იმედი მაქვს, რომ იქნება მეტი ტექნიკური დახმარება, რომ თავდაცვის მეტი საშუალება გქონდეს. მაგრამ თუ ამაზე მეტის მიღება გვინდა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, უნდა დაასრულონ პოლარიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს მზაობა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გაატაროს და ეს რეფორმა იყოს ყველას ჩართულობით, გამჭვირვალე და ფართო“

    უბედური შემთხვევა ნატახტართან - 2 მიკროავტობუსი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, ერთმანეთს შეეჯახა. როგორც შსს-მ "რუსთავი 2-ს" განუცხადა, გარდაცვლილია 1 ტურისტი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ან/და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

     

    „რუსთავი 2“

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი:

    "სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდ.არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

    აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

    სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," 

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ჟურნალისტებთან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა რომ, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს:

    „ახლა ის დროა, როდესაც მთავრობამ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან უნდა ითანამშრომლოს, რათა ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებითაა დაყენებული, შესრულდეს. იმედია, რომ ეს ყველაფერი წლის ბოლომდე შესრულდება და საქართველოს სტატუსი მიენიჭება. საქართველო ევროპის ნაწილია და ევროკავშირს მისი მიღება სურს, მაგრამ სჭირდება, რომ მან წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიისა და რეფორმების მიმართ, არცერთი რეფორმა არ არის ახალი, ამაზე ბევრი საუბარი მიმდინარეობდა. ახლა ნამდვილად არის დრო, რომ მთავრობა, საზოგადოება, ხელისუფლება გაერთიანდეს და ეს რეფორმები ერთობლივად შეასრულონ“

    ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე სამიტის შესახებ ისაუბრა და პედრო სანჩესს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ეს იქნება გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მის უდიდებულესობას იმისთვის, რომ დღეს საღამოს გვიმასპინძლებს სადილზე, რომელსაც მოკავშირე სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები დაესწრებიან. ჩვენი პარტნიორები მიიღებენ მონაწილეობას სამიტის განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრებსა და ფორმატებში. თქვენ მასპინძლობთ ნატოს ხომალდებს და ამერიკულ გემებს როტას ბაზაზე. თქვენ მონაწილეობთ მრავალ სხვადასხვა მისიაში და ოპერაციებში და ჩვენ მადლობელი ვართ ამ ყველაფრისთვის. ეს არის ნატოსადმი ესპანეთის ძლიერი ერთგულება. სამიტი ტარდება იმ დროს, როდესაც თქვენ აღნიშნავთ ესპანეთის ალიანსში გაწევრიანების 40 წლის იუბილეს.

    მადრიდის სამიტი გადამწყვეტი სამიტი იქნება. ჩვენ შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც იქნება ნატოს გეგმა უფრო საშიშ და არაპროგნოზირებად სამყაროში. ჩვენ შევთანხმდებით შეკავებისა და თავდაცვის ფუნდამენტურ ცვლილებებზე. ჩვენ შევთანხმდებით უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე, რათა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რადგან უკრაინა ახლა ისეთი სისასტიკის წინაშე დგას, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. უფრო სახიფათო სამყაროში თავდაცვის უზრუნველსაყოფად ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია თავდაცვაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

    თბილისის მერის, კახა კალაძის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განცხადებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება დაცული იყოს:

    „სააკაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი პატიმარი და მას მოუწევს სასჯელის მოხდა. თუ რაიმე საჭიროებები აქვს, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობაა შესაძლებელი. თუ რაიმე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული“,

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა სჭირდება. ამის შესახებ განცხადება მან „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა:

    „ტელეფონით ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. მადრიდის სამიტამდე მოვახდინეთ პოზიციების კოორდინაცია. ხაზი გავუსვი მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას, რუსეთის მხრიდან ტერორისტული აქტების პრევენციისთვის,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

    შეგახსენებთ,რ რომ ნატო-ს სამიტი მადრიდში დღეს დაიწყება. 

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელიც მომღერალ ლევან კბილაშვილს ეხება:

    „სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი.

    გამორჩეული ხმისა და სულიერი სამყაროს მქონე ეს პიროვნება ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო და მრავალი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, თუმცა ღვთის წინაშე სურვილიც საქმედ შეერაცხება.

    აღვავლენთ ლოცვებს ლევანის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის მშობლებს, და-ძმასა და ახლობლებს მოანიჭოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლევანი უკვე გახდა“

    მარნეულში, 5-სართულიან კორპუსში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალს აივნის ნანგრევები თავში დაეცა. შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანიც დაშავდა. ცნობილია, რომ ადგილობრივმა კლინიკამ მისი მკურნალობა ვერ შეძლო და ის თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. 

    შეგახსენებთ, რომ მარნეულის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აივანი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა და შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

     

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.